№ბს-237-237(კ-18) 20 სექტემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარე - მ. ჯ-ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2017 წლის 16 მარტს მ. ჯ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ.
მოსარჩელემ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 20 თებერვლის #44009 ბრძანების ბათილად ცნობა, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის … თანამდებობაზე აღდგენა და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად - 1330 ლარის ოდენობით იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, იგი 2014 წლის 15 ივლისიდან დაინიშნა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის … , საიდანაც 2017 წლის 20 თებერვლის №440009 ბრძანების საფუძველზე დაუსაბუთებლად გათავისუფლდა. გამგებელმა მიიჩნია, რომ სადავო აქტის გამოცემის ნება მისი ექსკლუზიური უფლებამოსილებიდან გამომდინარეობდა და არანაირ დასაბუთებას არ საჭიროებდა. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ გათავისუფლებამდე მის მიმართ არ ყოფილა არც ერთი დისციპლინური სახდელის ზომა გამოყენებული. იგი სამსახურებრივ უფლებამოსილებას ასრულებდა პირნათლად, რის გამოც მის მიმართ წახალისების ფორმად არაერთხელ იყო გამოყენებული ფულადი ჯილდო. მ. ჯ-ას გამგებელთან ურთიერთობა დაეძაბა მას შემდეგ, რაც არ შეასრულა გამგებლის უკანონო მითითება ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის ხელოვნურად მოწყობის შესახებ. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ გათავისუფლება მოხდა სრულიად უკანონოდ, უსაფუძვლოდ და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე მ. ჯ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 20 თებერვლის #44009 ბრძანება; მ. ჯ-ა აღდგენილ იქნა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის … თანამდებობაზე; ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას მ. ჯ-ას სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2017 წლის 20 თებერვლიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 1330 ლარის ოდენობით.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ჯ-ა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის … თანამდებობაზე დაინიშნა 2014 წლის 16 ივლისიდან, მისი თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 1700 ლარს, ხოლო ხელზე ასაღებად - 1330 ლარს. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 20 თებერვლის №44009 ბრძანებით ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის … - მ. ჯ-ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. იგი თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, თანამდებობრივ სარგოსთან ერთად, წახალისების ფორმით იღებდა ფულად ჯილდოს. მ. ჯ-ას მიმართ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის … დასაქმების პერიოდში სამსახურებრივი უფლებამოსილების არაჯეროვნად შესრულებისათვის დისციპლინარული სახდელი (გაფრთხილება/საყვედური და სხვ.) არ გამოყენებულა.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 54-ე მუხლით განისაზღვრება გამგებლის უფლებამოსილებები, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, გამგებელი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის/მერიის თანამდებობის პირებს. ამავე კანონის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გამგებლის/მერის პირველ მოადგილეს და მოადგილეს უფლებამოსილებები უწყდებათ ამ კანონის 56-ე მუხლის მეორე პუნქტის „ა-ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლის არსებობისას, კერძოდ: გამგებლის/მერის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია: ა) უფლებამოსილების ვადის ამოწურვა; ბ) უფლებამოსილების პირადი განცხადებით მოხსნა; გ) საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა ან კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადის გასვლა; დ) გარდაცვალება; ე) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ვ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; ზ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელება. მოცემული ნორმების თანახმად, მუნიციპალიტეტის გამგებელს, უფლებამოსილება აქვს, თავისი შეხედულებით, ზოგადი კრიტერიუმების გათვალისწინებით, შეარჩიოს პირი და დანიშნოს მოადგილედ. ასევე, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს წყვეტს გამგებელი. თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ნორმები არ უნდა იყოს განმარტებული იმგვარად, რომ გამგებელს უფლებამოსილება აქვს დაუსაბუთებლად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის, შეფასების გარეშე გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების დროს დაცული არ იყო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოებისათვის სავალდებულო ნორმები, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში აღინიშნება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო აქტში მითითებულია, რომ იგი გამოცემულია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ“, „ე.ე“ ქვეპუნქტების, 59-ე მუხლის მე-2, მე-3 პუნქტებისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად. სადავო აქტში არ არის მითითებული ის საფუძვლები, რაც გახდა მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი, ასევე ადმინისტრაციულ ორგანოს თავისი პოზიციის დასასაბუთებლად არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტი ან ფაქტობრივი გარემოება. საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ მტკიცებულებები იმისა, რომ მუდმივად ხდებოდა მოსარჩელის წახალისება დაკისრებული მოვალეობების სანიმუშოდ შესრულებისათვის. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ განსახილველ საქმეში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული სადავო აქტის დასაბუთებად ვერ გამოდგება ის გარემოება, რომ იგი მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. მართალია, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 54-ე მუხლი მიუთითებს, რომ გამგეობის/მერიის თანამდებობის პირებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი, მაგრამ საკასაციო სასამართლომ 2016 წლის 6 დეკემბრის #ბს-475-470(2კ-16) გადაწყვეტილებით განმარტა, რომ „გამგებლის ეს უფლებამოსილება არ არის შეუზღუდავი და არ ანიჭებს მას დასაქმებული პირის თვითნებურად გათავისუფლების საშუალებას. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება შეზღუდულია კერძო და საჯარო ინტერესებს შორის ბალანსის დაცვის მოთხოვნით. მ. ჯ-ა გათავისუფლებული იყო იმ გარემოებაზე მითითებით, რომ გამგებელი უფლებამოსილია თანამდებობიდან გაათავისუფლოს გამგეობის/მერიის თანამდებობის პირები. სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში ასახოს გადაწყვეტილების საფუძველი. ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც გადაწყვეტილების მიღებისას იყენებს დისკრეციულ უფლებამოსილებას, პასუხს აგებს საკუთარი შეხედულებით მიღებული გადაწყვეტილების ეფექტურობის და მართებულობის უტყუარობაზე.
სასამართლოს განმარტებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით, საჯარო მოხელეთათვის განსაზღვრული გარანტიის პირობებში წარმოიშობა გონივრული მოლოდინი, რომ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მოხელე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობებიდან გამომდინარე ვალდებულებათა შესრულების სანაცვლო ანაზღაურებით. საჯარო მოხელის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე მიყენებული ზარალის სრულად ანაზღაურების საფუძველს. მოცემულ შემთხვევაში საქმის განხილვით დადგინდა, რომ მ. ჯ-ას მიერ სადავოდ ქცეული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ეწინააღმდეგება საქართველოს ორგანულ კანონს „ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ“ და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ადმინისტრაციული წარმოების ფუნდამენტურ პრინციპებს, რის გამოც იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, ასევე მოსარჩელე აღდგენილ უნდა იქნეს თანამდებობაზე და შესაბამისად, აუნაზღაურდეს განაცდური ხელფასი იმ დრომდე ვიდრე იგი აღდგენილი იქნება თანამდებობაზე (ან კანონით შეუწყდება უფლებამოსილება), ყოველთვიურად 1330 ლარის ოდენობით.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ჯ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მ. ჯ-ას თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 20 თებერვლის #44009 ბრძანება; ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაეკისრა მ. ჯ-ას სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება, ყოველთვიურად 1330 ლარის ოდენობით, მისი სამსახურიდან განთავისუფლების დღიდან - 2017 წლის 20 თებერვლიდან 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის არჩევის (უფლებამოსილების დაწყების) დღემდე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა ძირითადად გამოიწვია სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტებამ, რადგან მხარე აღარ ითხოვს სამსახურში აღდგენას და ასევე განსხვავებულია განაცდური ხელფასის ზიანის სახით ანაზღაურების გამოანგარიშების საბოლოო თარიღიც. ამდენად, პალატამ ძირითადად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიდგომა სადავო საკითხის მიმართ, თუმცა ზემოაღნიშნული შეცვლილი პროცესუალური მდგომარეობის გამო მიიღო ახალი გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ამ კანონის მოქმედება, გარდა ამ მუხლის 11 და 12 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, არ ვრცელდება მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის მოადგილეზე, თუმცა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 54-ე მუხლით განისაზღვრება გამგებლის უფლებამოსილებები, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, გამგებელი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის/მერიის თანამდებობის პირებს. ამავე კანონის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გამგებლის/მერის პირველ მოადგილეს და მოადგილეს უფლებამოსილებები უწყდებათ ამ კანონის 56-ე მუხლის მეორე პუნქტის „ა-ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლის არსებობისას. მოცემული ნორმების თანახმად, მუნიციპალიტეტის გამგებელს აქვს უფლებამოსილება, თავისი შეხედულებით, ზოგადი კრიტერიუმების გათვალისწინებით, შეარჩიოს პირი და დანიშნოს მოადგილედ. ასევე მისი თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს წყვეტს გამგებელი. თუმცა სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული ნორმები არ უნდა იქნეს განმარტებული იმგვარად, რომ გამგებელს აქვს უფლებამოსილება დაუსაბუთებლად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის, შეფასების გარეშე გამოსცეს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ზოგადად ადმინისტრაციული ორგანოები ფუნქციონირებისას, გარდა სპეციალური კანონისა, ხელმძღვანელობენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების დროს დაცული არ არის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოებისათვის სავალდებულო ნორმები.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტში გარდა სამართლებრივი ნორმებისა, არ არის მითითებული ის საფუძვლები, რაც გახდა მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი, ასევე ადმინისტრაციულ ორგანოს თავისი პოზიციის დასასაბუთებლად არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტი ან ფაქტობრივი გარემოება.
სააპელაციო სასამართლომ მეორე სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 127-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას, ხოლო ამავე მუხლის თანახმად, განაცდური ხელფასი ანაზღაურდება მოხელის აღდგენის შემთხვევაში. მოცემულ შემთხვევაში, შეცვლილი ფაქტობრივი ვითარებიდან გამომდინარე, მოსარჩელე აღარ ითხოვს სამსახურში აღდგენას, თუმცა იგი კვლავ ითხოვს განაცდურის ანაზღაურებას, რაც უნდა ანაზღაურდეს სხვა სამართლებრივი საფუძვლით - ზიანის სახით. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით, საჯარო მოხელეთათვის განსაზღვრული გარანტიის პირობებში წარმოიშობა გონივრული მოლოდინი, რომ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მოხელე უზრუნველყოფილია, შრომითი ურთიერთობებიდან გამომდინარე, ვალდებულებათა შესრულების სანაცვლო ანაზღაურებით. საჯარო მოხელის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე მიყენებული ზარალის სრულად ანაზღაურების საფუძველს. კონსტიტუციის ხსენებული დებულება იმპერატიულად ადგენს ზარალის სრულად ანაზღაურების ვალდებულებას, მისი რეგულირების სფეროში ექცევა ნებისმიერი ზარალი, რომელიც გამოწვეულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და თვითმმართველი ერთეულების თანამდებობის პირთა ქმედებით. საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ზარალის სრული ანაზღაურების ვალდებულება გულისხმობს არა კონკრეტული სუბიექტის მიერ წინასწარ დადგენილი ზღვრული ოდენობით, არამედ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პირისათვის რეალურად მიყენებული ზარალის სრული მოცულობით ანაზღაურების ვალდებულებას, რაზე მსჯელობაც, ბუნებრივია, უნდა მოხდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში.
მოცემულ შემთხვევაში, რადგან მ. ჯ-ას მიერ სადავოდ ქცეული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, რის გამოც იგი ბათილად იქნა ცნობილი, მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი მის მიერ მითითებული ოდენობით. კერძოდ, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მ. ჯ-ას სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება, ყოველთვიურად 1330 ლარის ოდენობით მისი სამსახურიდან განთავისუფლების დღიდან - 2017 წლის 20 თებერვლიდან 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის არჩევის (უფლებამოსილების დაწყების) დღემდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 59-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილები. ამასთან, გასათვალისწინებელი იყო აღნიშნულ მუხლთან მიმართებაში „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის დამოკიდებულება, რომელიც უშუალოდ ადგენდა საჯარო მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლებს და მიუთითებდა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნორმები, რომლებიც განსაზღვრავდა საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს, გამგებლის ... არ ვრცელდებოდა. აღნიშნული ნორმის ლეგიტიმურ მიზანს წარმოდგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტიანი მმართველობის განხორციელება, რაც გულისხმობს რესურსების გონივრული გამოყენების გზით იმ შედეგის მიღებას, რომელიც პასუხობს საზოგადოების მოთხოვნებს.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს უნდა განესხვავებინა პოლიტიკური თანამდებობა ბიუროკრატიული ადმინისტრაციისაგან. ასევე მიზანშეწონილი იქნებოდა საჯარო მმართველობის განმახორციელებელი და პოლიტიკური კურსის განმსაზღვრელი პირების გამიჯვნა, ერთი მხრივ, თანამდებობები, რომელთა დაკავება სრულად პოლიტიკური პროცესის ნაწილს წარმოადგენს და მეორე მხრივ, თანამდებობები, რომლებზეც შერჩევა მხოლოდ პროფესიულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით ხდება და მათი არჩევისას ადმინისტრაციული ორგანო არ ხელმძღვანელობს კონკრეტული პირის შერჩევის პოლიტიკური მიზანშეწონილობით. აღნიშნულის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ მერი (გამგებელი) წარმოადგენს გადაწყვეტილების მიმღებ სუბიექტს. სწორედ ეს უკანასკნელი არის პასუხისმგებელი საკუთარი ამომრჩევლის მიერ მინდობილი მანდატის შესრულებაზე, ხოლო მისი მოადგილე წარმოადგენს იმ პოლიტიკური თანამდებობის პირს, რომელიც საკუთარი, კანონით ვიწროდ გაწერილი უფლებამოსილებებისა და ფუნქციების ფარგლებში ეხმარება და შესაძლებელს ხდის გამგებლის/მერის ამოცანათა პრაქტიკულ რეალიზაციას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 7 ივნისის განჩინებით ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მათი შესწავლისა და ანალიზის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთებულობისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების საფუძველზე მიიჩნევს, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ჯ-ას სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები); ხოლო ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაუშვა სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა - ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიამ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) წარმოადგინა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 16 ივლისის #გ-63 ბრძანების შესაბამისად, მ. ჯ-ა დაინიშნა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის …, ხოლო ამავე მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 20 თებერვლის #44009 ბრძანების საფუძველზე იგი გათავისუფლებულ იქნა სამსახურიდან.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის … - მ. ჯ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 20 თებერვლის #44009 ბრძანების კანონიერება წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მ. ჯ-ა სადავო ბრძანების უკანონობის საფუძვლად მის დაუსაბუთებლობაზე მიუთითებს, ხოლო მოპასუხის - ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის მტკიცებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის … თანამდებობაზე დანიშვნა და გათავისუფლება გამგებლის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას წარმოადგენდა და მას დასაბუთების ვალდებულება არ ეკისრებოდა. სადავო საკითხის შეფასებისას იდენტურია ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნები გასაჩივრებული ბრძანების კანონიერების თაობაზე.
ამდენად, სადავო საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს მსჯელობის ძირითად საგანს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის … თანამდებობაზე დანიშვნასა და გათავისუფლებასთან მიმართებაში ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლები წარმოადგენს, რა დროსაც გადამწყვეტია დადგინდეს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის … სამსახურიდან გათავისუფლება გამგებელს აქტის დასაბუთების ვალდებულებას თუ აკისრებდა.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება წარმოადგენს იმგვარ უფლებამოსილებას, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება მაშინ გვაქვს სახეზე, როდესაც სამართლის ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობისა და ფაქტის შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში კანონი ერთ კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს კი არ განსაზღვრავს, არამედ ადმინისტრაციულ ორგანოს აღჭურავს უფლებამოსილებით, თვითონ განსაზღვროს სამართლებრივი შედეგი. ამასთან, ამავე კოდექსის მე-6 მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი, კერძოდ, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია, ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში; ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილების მიმნიჭებელი კანონის მიზნების შესაბამისად და საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე უნდა მოქმედებდეს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელ სპეციალურ კანონზე, რომელსაც წარმოადგენს სადავო აქტის გამოცემისას მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი. იგი განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებებს, მათი შექმნისა და საქმიანობის წესებს, მათ ფინანსებსა და ქონებას, ურთიერთობებს მოქალაქეებთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან და საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობისა და პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების წესებს.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 52-ე მუხლი განსაზღვრავს გამგეობის/მერიის თანამდებობის პირებს, რომლის მიხედვით, გამგეობის/მერიის თანამდებობის პირები არიან: ა) გამგებელი/მერი; ბ) გამგებლის/მერის პირველი მოადგილე; გ) გამგებლის/მერის მოადგილე; დ) გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. ამავე კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამგებელი/მერი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის/მერიის მოსამსახურეებს. ხოლო ამავე კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (სადავო ბრძანების გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია), გამგეობის/მერიის საჯარო მოხელეა გამგებლის/მერის პირველი მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი/მერი.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ორგანული კანონით - ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით გამიჯნულია გამგებლის/მერის მიერ გამგეობის/მერიის თანამდებობის პირთა და გამგეობის/მერიის სხვა მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა და გათავისუფლება; კერძოდ, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 54-ე მუხლის (რომელიც გამგებლის/მერის უფლებამოსილებებს განსაზღვრავს) პირველი ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტი ეხება გამგებლის/მერის მიერ გამგეობის/მერიის თანამდებობის პირების თანამდებობაზე დანიშვნასა და თანამდებობიდან გათავისუფლებას, ხოლო „ა.დ“ ქვეპუნქტი - გამგეობის/მერიის მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნასა და თანამდებობიდან გათავისუფლებას. მოცემულ შემთხვევაში, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის … - მ. ჯ-ა თანამდებობაზე დაინიშნა ზემოაღნიშნული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, როგორც თანამდებობის პირი, ხოლო „ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა, მოსამსახურეთა და ხელშეკრულებით აყვანილ პირთა რანგირებისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ 2014 წლის 5 აგვისტოს ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს #54 განკარგულების შესაბამისად, დამტკიცდა ზემოაღნიშნულ პირთა რანგირება და თანამდებობრივი სარგოები. გამგებლის ... , რანგირების შესაბამისად, გახდა წამყვანი საჯარო მოხელე, რის გამოც მ. ჯ-ა სამსახურიდან გათავისუფლდა როგოც საჯარო მოსამსახურე (ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, 54.1 მუხლი, „ა.დ“ ქვეპუნქტი).
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მოქმედება, გარდა ამ მუხლის 11 და 12 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, არ ვრცელდება მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის მოადგილეზე.
სადავო ბრძანების გამოცემის დროს მოქმედი გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლების მარეგულირებელი ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, გამგებელს მისი … დანიშვნა-გათავისუფლებაზე მინიჭებული ჰქონდა ფართო დისკრეცია და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის გაუთვალისწინებლად (რომელიც არ ვრცელდებოდა გამგეობის თანამდებობის პირებზე), მხოლოდ მის უშუალო შეხედულებაზე იყო დამოკიდებული აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა, განსხვავებით სხვა მოსამსახურეთაგან, რომელთა შრომითსამართლებრივი ურთიერთობების რეგულაციისას გამოიყენება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 59-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილები. ამასთან, გასათვალისწინებელი იყო აღნიშნულ მუხლთან მიმართებაში „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის დამოკიდებულება, რომელიც უშუალოდ ადგენდა საჯარო მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლებს და მიუთითებდა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნორმები, რომლებიც განსაზღვრავდა საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს, გამგებლის ... არ ვრცელდებოდა. აღნიშნული ნორმის ლეგიტიმურ მიზანს წარმოდგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტიანი მმართველობის განხორციელება, რაც გულისხმობს რესურსების გონივრული გამოყენების გზით იმ შედეგის მიღებას, რომელიც პასუხობს საზოგადოების მოთხოვნებს.
აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების რეალიზაციის შედეგად, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, 2014 წლის 15 ივლისიდან მ. ჯ-ა დაინიშნა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის … , ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის უფლებამოსილების ვადით. მოსარჩელის თანამდებობაზე დანიშვნა მოხდა სწორედ გამგებლის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, კონკურსისა და თანამდებობის დასაკავებლად კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოთხოვნების გათვალისწინების გარეშე. ხოლო ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 20 თებერვლის ბრძანებით მ. ჯ-ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის გათვალისწინებით მოცემულ თანამდებობაზე არ ვრცელდება ამ კანონის სხვა შესაბამისი სამართლებრივი ნორმები, რომელიც თანამდებობის პირის თანამდებობიდან გათავისუფლების დასაბუთებას და სხვა სამართლებრივი პროცედურების განხორციელებას არეგულირებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და საქართველოს შრომის კოდექსის დავალებით. შესაბამისად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (გადაწყვეტილების) გამოცემის ნება, მუნიციპალიტეტის გამგებლის საკუთარი ექსკლუზიური უფლებამოსილებიდან გამომდინარეობს. ამასთან, ბრძანების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ“, „ე.ე“ ქვეპუნქტები, 59-ე მუხლის მე-2, მე-3 პუნქტები, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი.
ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მ. ჯ-ა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის … დანიშნულია იმავე გამგებლის ბრძანებით, რომლის გადაწყვეტილებითაც იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის … წარმოადგენდა გამგეობის თანამდებობის პირს, რომელსაც გამგებელი ექსკლუზიური უფლებამოსილების საფუძველზე ნიშნავდა და ათავისუფლებდა საკუთარი შეხედულებით.
გასაჩივრებული ბრძანება მოტივირებულია სწორედ გამგებლის ექსკლუზიურ უფლებამოსილებაზე მითითებით, რომელიც შეიცავს სამართლებრივ დასაბუთებას ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის … სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, თუმცა არ შეიცავს დასაბუთებას გათავისუფლების ფაქტობრივ საფუძვლებთან დაკავშირებით, რაც განსახილველ შემთხვევაში, სადავო ბრძანების გამოცემის დროს მოქმედი ნორმების გათვალისწინებით, არ წარმოადგენს ბრძანების უკანონოდ და დაუსაბუთებლად მიჩნევის საფუძველს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ როდესაც სამართლის ნორმის ადრესატების ერთი ჯგუფი, სხვა ჯგუფთან შედარებით განსხვავებულად განიხილება, მოწესრიგების ლოგიკიდან გამომდინარე, ამ ჯგუფებს შორის არსებული განსხვავება უნდა ამართლებდეს დადგენილ უთანასწორობას, კავშირი დიფერენცირების ნიშანსა და განსხვავებულად განხილვას შორის უნდა იძლეოდეს რაციონალური ახსნის შესაძლებლობას და სამართლებრივად განსხვავებული შედეგები ფაქტობრივად არსებული განსხვავების პროპორციული უნდა იყოს.
სადავო ბრძანების გამოცემისას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი გამგებელს თავისუფლებას ანიჭებდა საკუთარი შეხედულებითა და პასუხისმგებლობით შეერჩია გამგებლის პირველი მოადგილე/მოადგილეები, განესაზღვრა მისი კვალიფიციურობა, ხელმძღვანელობითი ფუნქციების განხორციელების შესაძლებლობა, უნარ-ჩვევები და ისე მიეღო გადაწყვეტილება მის შერჩევაში. მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის/მოადგილეების დანიშნულებიდან და არსიდან გამომდინარეობდა მათი თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების განსხვავებული რეგულაცია. აღნიშნულ მსჯელობას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით (59-ე მუხლი), გამგებლის პირველ მოადგილეს უფლებამოსილება განესაზღვრება გამგებლის უფლებამოსილების ვადით და ეს უფლებამოსილება, სხვა საფუძვლებთან ერთად, უწყდება გამგებლის თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი წესი, გამგებელს, სადავო ბრძანების გამოცემისას, სრულ თავისუფლებას ანიჭებდა საკუთარი პასუხისმგებლობით შეერჩია გამგებლის … და ერთპიროვნულად მიეღო გადაწყვეტილება მის თანამდებობაზე დანიშვნასა თუ გათავისუფლებაზე - „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესისგან დამოუკიდებლად.
ამასთან, აღნიშნული მსჯელობა არ ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერ ვალდებულებას, ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში სახეზე გვაქვს გამგებლისთვის მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების განხორციელება და საკითხის ამგვარი გადაწყვეტა შეესაბამება სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების ობიექტურ მიზნებს (მსგავს სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.05.2017წ. #ბს-894-886(კ-16) გადაწყვეტილება).
განსახილველ შემთხვევაში ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედებდა მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მ. ჯ-ას გათავისუფლებით არ დარღვეულა სადავო ბრძანების გამოცემის დროს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც გამგებლის უფლებამოსილებას წარმოადგენდა თავისი შეხედულებით დაენიშნა და გაეთავისუფლებინა გამგებლის/მერის პირველი მოადგილე/მოადგილეები. ამდენად, გამგებელმა გადაწყვეტილება მ. ჯ-ას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მიიღო მისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების რეალიზაციის შედეგად, რის გამოც სახეზე არ გვაქვს გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი. ამასთან, სადავო აქტის კანონიერების პირობებში, არ არსებობს მ. ჯ-ას სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ჯ-ას სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. მ. ჯ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი