№ბს-478-478(კ-18) 20 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ლ. ი-ისა და რ. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 28 ნოემბერს ლ. ქ-ემ და რ. ა-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტისა და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიმართ.
მოსარჩელეებმა მოითხოვეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 30 ოქტომბრის №224903 და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 25 აგვისტოს №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვს სადავო მიწის ნაკვეთის ნაწილში რეგისტრაციის გაუქმების დავალება და ასევე, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურისათვის 03.02.1996 წელს მომზადებული სადავო მიწის ნაკვეთის (თბილისი, ..., ... ქუჩისა და ... „...“ შორის) გეგმაში კორექტირების დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 2 დეკემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება შპს „...“.
2015 წლის 18 მარტს მოსარჩელეებმა განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, კერძოდ, შპს „...“ აკრძალვოდა №01.17.01.069.001 საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე რეგისტრაციის განხორციელება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 19 მარტის განჩინებით ლ. ქ-ის და რ. ა-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 აპრილის სასამართლო სხდომაზე დაზუსტდა სასარჩელო მოთხოვნა და მოსარჩელეებმა მოითხოვეს სსიპ თბილისის არქიტექტურის 2014 წლის 21 ნოემბრის №07/9744-13 წერილის ბათილად ცნობა და არქიტექტურის სამსახურისთვის კორექტირების დავალება.
2016 წლის 26 აპრილს ლ. ი-მა და რ. ა-მა დაზუსტებული სარჩელით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს მიწის მართვის დეპერტამენტის მიერ 28.12.1998 წელს განხორციელებული 1818/98 ჩანაწერის ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ცნობა №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1 აგვისტოს განჩინებით ლ. ი-ის და რ. ა-ის სარჩელზე მიწის მართვის დეპარტამენტის მიერ 28.12.1998წ. (... ჩანაწერი) განხორციელებული №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 აგვისტოს განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ქ. თბილისის მინიციპალიტეტის მერია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 სექტემბრის განჩინებით რ. ა-ის და ლ. ი-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიმართ აღძრული სარჩელის გამოხმობის შესახებ (მოთხოვნა: ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 21.11.14წ. №07/9744-13 წერილი და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს დაევალოს მოახდინოს კორექტირება) დაკმაყოფილდა; რ. ა-ის და ლ. ი-ის სარჩელი სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიმართ (მოთხოვნა: ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 21.11.14წ. №07/9744-13 წერილი და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს დაევალოს მოახდინოს კორექტირება) დარჩა განუხილველი მოსარჩელის მიერ სარჩელის გამოხმობის საფუძველზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით ლ. ი-ისა და რ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 30.10.14წ. №... გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 25.08.14წ. №... გადაწყვეტილება; მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საქმის არსებითი გარემოებების შეფასებისა და გამოკვლევის შემდეგ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს „... “ და ქ. თბილისის მინიციპალიტეტის მერიამ.
შპს „... “ სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
აპელანტი - ქ. თბილისის მინიციპალიტეტის მერია სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; შპს „...“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. ი-ისა და რ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ლ. ი-მა და რ. ა-მა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. ი-ისა და რ. ა-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ი-ისა და რ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანია რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 25.08.2014წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც ლ. ი-სა და რ. ა-ს უარი ეთქვათ ფართის რეგისტრაციაზე იმ საფუძვლით, რომ ეს ქონება უკვე საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა შპს „...“ და ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და ნაწილობრივ განხილვაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 30.10.2014წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც საჩივრის ავტორებს უარი ეთქვათ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე (შპს „...“ საკუთრების უფლების გაუქმების მოთხოვნით) იმ მოტივით, რომ ეს საკითხი სასამართლოს განსჯადი იყო და ასევე, უარი ეთქვათ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე (ზემოაღნიშნული 25.08.2014წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე) იმ მოტივით, რომ ქონება იმ მომენტისათვის ნამდვილად შპს „...“ ეკუთვნოდა და ეს საკუთრება ძალაში იყო. მოსარჩელეების კანონიერ ინტერესს წარმოადგენს ის გარემოება, რომ სადავო ფართი, ქ. თბილისში, ... №...-ში მდებარე ლიტ „ა“ 121.14 კვ.მ და ლიტ „ბ-ვც“ 5 კვ.მ საცხოვრებელი სადგომის საკუთრების უფლებით აღირიცხოს მათ საკუთრებაში.
საქმის მასალებიდან გამომდინარე კი, შპს „...“ საკუთრების უფლების რეგისტრაცია ძალაშია და არ გაუქმებულა საკუთრების უფლებადამდგენი დოკუმენტებიც, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ რეგისტრირებული უფლება, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულება, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ან საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციას. მოცემულ შემთხვევაში, რ. ა-ისა და ლ. ი-ის მიერ 20.08.2015 წელს ფართის საკუთრებაში აღრიცხვის მოთხოვნის მომენტისათვის ეს ქონება ირიცხებოდა შპს „...“ საკუთრებად. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს უარი რეგისტრაციაზე, რომელიც სწორედ ზემოაღნიშნულ სამართლებრივ საფუძველს ეყრდნობოდა, კანონიერია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 30.10.2014წ. №... გადაწყვეტილებაც იმ ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი), რომელითაც საჩივარი არსებითად არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა 25.08.2014წ. №... გადაწყვეტილება, კანონიერია.
მოსარჩელეთა მიერ განცხადების წარდგენის მომენტისათვის სარეგისტაციოდ მოთხოვნილი ქონება უკვე სხვას ეკუთვნოდა საკუთრების უფლებით, რაც გამორიცხავდა განცხადების დაკმაყოფილების შესაძლებლობას და ამ თვალსაზრისით, კანონშესაბამისია როგორც ქვემდგომი, ასევე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის გადაწყვეტა. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გაცემული ინფორმაცია უძრავ ქონებაზე არსებული უფლებრივი მდგომარეობის თაობაზე წინააღმდეგობრივია, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს მიერ გაცემული ინფორმაციის საფუძველზე მიღებულ იქნა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია არარელევანტურად მოცემული დავის გადასაწყვეტად იმ პირობებში, როდესაც შპს „...“ საკუთრების უფლება ძალაშია.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ლ. ი-ისა და რ. ა-ის საკასაციო საჩივარზე თ. კ-ის 20.06.2018წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თ. კ-ის (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ი-ისა და რ. ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. თ. კ-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ლ. ი-ისა და რ. ა-ის საკასაციო საჩივარზე მის მიერ 20.06.2018წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი