Facebook Twitter

#ბს-716-716(2კ-18) 20 სექტემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ბ. დ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 4 მარტს გ. ბ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, ხოლო მესამე პირებად მიუთითა ბ. დ-ი და ა. დ-ი.

მოსარჩელემ ბ. დ-ის განცხადების ნაწილში გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 25 მაისის #2 ოქმისა და #2 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე ბ. და ა. (პაპა) დ-ებისათვის 533.8 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში გადაცემის შესახებ 2009 წლის ივნისის #343 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრში ბ. დ-ზე განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაციის (ს/კ ..., განაცხადის რეგისტრაციის #..., უფლების რეგისტრაციის თარიღი - 08.06.2012წ.), საჯარო რეესტრში ალ. დ-ზე (შვილიშვილი) განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაციის (ს/კ ..., განაცხადის რეგისტრაციის #..., უფლების რეგისტრაციის თარიღი - 27.06.2012წ.) ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურისთვის გ. ბ-ის საკუთრების რეგისტრაციის დავალება მოითხოვა.

2015 წლის 6 მარტს მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ალ. დ-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მიწის ნაკვეთის მისამართი - გურჯაანის რაიონი, ქალაქი ..., ს/კ ..., საკუთრების ტიპი - საკუთრება, დანიშნულება - სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი - 534.00 კვ.მ) ყადაღის დადების თაობაზე იშუამდგომლა.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 6 მარტის განჩინებით გ. ბ-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა; სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ალ. დ-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მიწის ნაკვეთს (მისამართი: გურჯაანის რაიონი, ქალაქი ..., ს/კ ..., საკუთრების ტიპი - საკუთრება, დანიშნულება - სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი - 534.00 კვ.მ).

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 29 აპრილის საოქმო განჩინებებით საქმეში გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნაცვლად მოპასუხედ ჩაერთო გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, ხოლო გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში ჩაება მესამე პირად.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო; გაუქმდა 2015 წლის 6 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო ალ. დ-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მიწის ნაკვეთს (მისამართი: გურჯაანის რაიონი, ქალაქი ..., ს/კ ..., საკუთრების ტიპი - საკუთრება, დანიშნულება - სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 534.00 კვ.მ).

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 სექტემბრის განჩინებით, კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საპროცესო უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 29 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების კომისიის 2009 წლის 25 მაისის ოქმი #2 და გადაწყვეტილება #2 ბ. დ-ის განცხადების ნაწილში და გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში ახალი გადაწყვეტილების მიღება დაევალა; ბათილად იქნა ცნობილი 100 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაწილში ბ. და ა. (პაპა) დ-ებისათვის 533.8 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში გადაცემის შესახებ #343 საკუთრების უფლების მოწმობა; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრში ბ. დ-ზე განხორციელებული 2012 წელის 8 ივნისის საკუთრების უფლების რეგისტრაცია (ს/კ ..., განაცხადის რეგისტრაციის #...); გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა - საჯარო რეესტრის მიერ 2012 წლის 27 ივნისს ალ. დ-ზე (შვილიშვილი) განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაციის (ს/კ ..., განაცხადის რეგისტრაციის #...) ბათილად ცნობისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურისთვის გ. ბ-ის საკუთრების რეგისტრაციის დავალების ნაწილში, დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და ბ. დ-მა, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორმა - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნა, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის მასალები, რითაც დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნები. კასატორის განმარტებით, სასამართლოს უნდა გამოეკვლია, შეესაბამებოდა თუ არა #... განაცხადზე წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი ... საკადასტრო კოდით დაუზუსტებლად რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, რაც არ დგინდება საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით.

კასატორის მითითებით, სასამართლოს მიერ ისე იქნა ბათილად ცნობილი ბ. დ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რომ არ იმსჯელა ახალი მესაკუთრის (შემძენის) ალ. დ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე. სასამართლოს არ შეუფასებია მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობაზე. მიღებული გადაწყვეტილებით სასამართლომ მოსარჩელე მხარეს ისე შეუქმნა გადაწყვეტილების აღსრულების ლეგიტიმური მოლოდინი, რომ არ უმსჯელია, თუ როგორ უნდა მოხდეს მოსარჩელის სასარგებლოდ სადავო უძრავ ნივთზე პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, იმ პირობებში როცა კეთილსინდისიერი შემძენის უფლების დამდგენი დოკუმენტი და რეგისტრაცია ძალაშია.

კასატორის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და შესაბამისი ტერიტორიული სამსახურის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 53-ე მუხლებით დაკისრებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების ვალდებულება, დაცულ იქნა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების მიღების დროისათვის მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია.

კასატორმა - ბ. დ-მა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის გარემოებები და დაეყრდნო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს #006915415 დასკვნას, რომელიც, მისი მოსაზრებით, არ უნდა ყოფილიყო მიჩნეული წინამდებარე დავისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონედ.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ისე გადაწყვიტა დავა, რომ უტყუარად არ დაუდგენია მის მიერ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი ფარავდა თუ არა გ. ბ-ის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ან მის ნაწილს, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით განმტკიცებულ საკუთრების უფლების არსთან. ამასთანავე, კასატორმა აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია არანაირი პროცესუალური თუ მატერიალური სამართლის ნორმათა დარღვევას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივნისისა და 6 სექტემბრის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ბ. დ-ის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ბ. დ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე: გ. ბ-მა 2001 წლის 16 მაისს მ. ნ-ისა და გ. დ-ისაგან ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა 100 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და საკუთრების უფლება დაირეგისტრირა საჯარო რეესტრში (ს/კ ..., დაზუსტებული ფართობი 100 კვ.მ, რეგისტრაციის თარიღი 16.05.2001 წელი). 2015 წლის 27 იანვარს გ. ბ-მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურს კუთვნილი ნაკვეთის ელექტრონული საკადასტრო ნახაზის რეგისტრაციისათვის. 2015 წლის 30 იანვარს საჯარო რეესტრის გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურმა #... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეაჩერა, ვინაიდან მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში საკადასტრო კოდით ... .

2008 წლის 6 ივნისსა და 2009 წლის 14 მაისს ბ. დ-მა მიმართა გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და სოფელ გურჯაანში მდებარე საკარმიდამო მიწის ნაკვეთის თავის საკუთრებაში აღიარება მოითხოვა, რასთან დაკავშირებითაც, საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება და 2009 წლის 9 ივნისს გასცა ბ. და ა. დ-ებისათვის 533.8 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ #343 საკუთრების მოწმობა.

საქმეში წარმოდგენილია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 17 ოქტომბრის #006915415 დასკვნა, რომლის თანახმად, გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში, გ. ბ-ის მიწის ნაკვეთის ძირითადი ნაწილი (შპს „...-ის“ მიერ 2001 წელს მომზადებული პროექტის და ობიექტის ადგილზე შესწავლის შედეგად მიღებული მონაცემების ურთიერთშედარების შედეგად მიღებული მონაცემების მიხედვით) მდებარეობს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში და ფარავს აღნიშნულ (ს/კ ...) მიწის ნაკვეთს.

სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოების დადგენას, ბ. დ-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტები, იყო თუ არა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საკუთრების აღიარების საკმარისი საფუძველი. ამასთან, განსახილველ დავასთან მიმართებით ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად უნდა დადგინდეს ის გარემოება, ბ. დ-ის მიერ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი ფარავს თუ არა გ. ბ-ის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ან მის ნაწილს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს ან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი და აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ არის სხვა პირის სახელზე რეგისტრირებული, ასევე, დაინტერესებულმა პირმა საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელ კომისიაში უნდა წარადგინოს ის უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული მიწის ნაკვეთის სხვა პირის მართლზომიერი ან თვითნებურად დაკავების ფაქტს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2009 წლის 9 ივნისს ისე გასცა #343 საკუთრების მოწმობა, რომ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ის გარემოებები, რომელიც გამორიცხავდა სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას. კერძოდ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას უნდა დაედგინა, ხომ არ წარმოადგენდა აღნიშნული მიწის ნაკვეთი სხვა პირის საკუთრებას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მიწის ნაკვეთის ნაწილი 100 კვ.მ გ. ბ-მა 2001 წლის 16 მაისს მ. ნ-ისა და გ. დ-ისაგან ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა და საკუთრების უფლება დაირეგისტრირა საჯარო რეესტრში (ს/კ ..., დაზუსტებული ფართობი - 100 კვ.მ, რეგისტრაციის თარიღი - 16.05.2001წ.). მართალია, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 19 მაისის #91892 ცნობით დასტურდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე არ იყო ვინმეს საკუთრება ელექტრონულ ბაზაში რეგისტრირებული, მაგრამ ცალსახად მითითებულია მხოლოდ - ელექტრონულ ბაზაში; გასათვალისწინებელია, ის გარემოება, რომ ელექტრონული რეგისტრაციები დაიწყო 2007 წლის შემოდგომიდან, ხოლო აქტიურად - 2008 წლის შემდეგ, ანუ ელექტრონული რეგისტრაციები იყო ახალი დაწყებული, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოსათვის ცნობილი იყო, რომ უძრავი ქონება, რომელიც არ იყო რეგისტრირებული ელექტრონულ ბაზაში, არ იყო იმის უტყუარი მტკიცებულება, რომ ეს უძრავი ქონება კანონით დადგენილი წესით არ წარმოადგენდა რომელიმე ფიზიკური თუ იურიდიული პირის საკუთრებას.

ამასთანავე, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ გ. ბ-ის მიერ შეძენილ უძრავ ქონებაზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გაცემულია მშენებლობის ნებართვა, რომლის საფუძველზეც შეთანხმდა პროექტი, კერძოდ, 2002 წლის 16 თებერვალს გაიცა #5 მშენებლობის ნებართვა, ხოლო შემდგომ გურჯაანის რაიონის გამგეობის 2003 წლის 27 ნოემბრის #63 დადგენილებით შეიცვალა მიწის კატეგორია.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.

ამასთანავე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას 100 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაწილში ბ. და ა. დ-ებისათვის 533.8 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში გადაცემის შესახებ #343 საკუთრების უფლების მოწმობისა და საჯარო რეესტრში ბ. დ-ზე განხორციელებული 2012 წლის 8 ივნისის საკუთრების უფლების რეგისტრაციის (ს/კ ..., განაცხადის რეგისტრაციის ნომერი - ...) ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, რამდენადაც აღნიშნული აქტები წარმოადგენს კომისიის მიერ ბ. დ-ისათვის საკუთრების უფლების აღიარების თანმდევ შედეგს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ბ. დ-ის საკასაციო საჩივარზე ალ. დ-ს 16.05.2018წ. #1 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 16.07.2018წ. #20045 საგადახდო მოთხოვნით და 06.08.2018წ. #22297 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 150-150 ლარის - ჯამში 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ბ. დ-ს (პ/ნ ...) და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210-210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ბ. დ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება;

3. ბ. დ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ალ. დ-ის მიერ 16.05.2018წ. #1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 16.07.2018წ. #20045 და 06.08.2018წ. #22297 საგადახდო მოთხოვნებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი #300773150;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი