Facebook Twitter

№ბს-750-750(2კ-18) 20 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 5 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 31 მარტს ი. ჯ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ხ. ო-ის მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 6 ნოემბრის №1/1-4633 ბრძანებისა და ამავე სააგენტოს 2012 წლის 16 ოქტომბრის №1/1-90 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2015 წლის 23 ოქტომბრის №46 სხდომის ოქმის (მოსარჩელის ნაწილში), ასევე ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2016 წლის 29 თებერვლის №1-1/98 ბრძანების, №... საკადასტრო კოდზე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 26 აპრილის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევის შემდგომ, ი. ჯ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებით, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 აპრილის განჩინებით ი. ჯ-ის სარჩელი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ხ. ო-ის მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე განსახილველად გადაეგზავნა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს.

2017 წლის 21 თებერვლის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 6 ნოემბრის №1/1-4633 ბრძანებისა და ამავე სააგენტოს 2012 წლის 16 ოქტომბრის №1/1-90 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2015 წლის 23 ოქტომბრის №46 სხდომის ოქმის (მოსარჩელის ნაწილში), ასევე ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2016 წლის 29 თებერვლის №1-1/98 ბრძანების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 26 აპრილის №... გადაწყვეტილების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევის შემდგომ, ი. ჯ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებით, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 6 ნოემბრის ბრძანება №1/1-4633 და ამავე სააგენტოს 16.10.2012 წლის №1/1-90 ბრძანებით შექმნილი კომისიის 23.10.2015 წლის №46 სხდომის ოქმი (ი. ჯ-ის ნაწილში), საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2016 წლის 29 თებერვლის ბრძანება №1-1/98 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 26 აპრილის №... გადაწყვეტილება საკადასტრო კოდზე №... მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურს - კახეთის რეგიონალურ ოფისს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევის შემდგომ უძრავი ქონების (იხ. ექსპერტიზის დასკვნა №... მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი ...) ი. ჯ-ზე რეგისტრაციასთან დაკავშირებით ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 5 დეკემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 5 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს. კასატორები საკასაციო საჩივრებს აფუძნებდნენ ძირითადად იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდნენ სააპელაციო საჩივრებში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.

საქმის მასალების შესაბამისად, 2007 წლის 2 ივლისს ი. ჯ-ს პრივატიზების წესით საკუთრებაში გადაეცა სიღნაღის რაიონის სოფელ ... მდებარე 45 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელიც საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა დაუზუსტებელი მონაცემებით.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 26 აპრილის №... გადაწყვეტილებით ხ. ო-ის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე, დაზუსტებული მონაცემებით დარეგისტრირდა იჯარის უფლების რეგისტრაცია სიღნაღის რაიონში, სოფელ ... მდებარე 840006.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე.

2014 წლის 26 სექტემბერს ი. ჯ-მა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობის დაზუსტება. სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ სარეგისტრაციო წარმოება ჯერ შეჩერდა, შემდგომში კი შეწყდა იმ მიზეზით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. კერძოდ, განცხადებაზე თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის - ს/კ ... საზღვრებში.

ი. ჯ-მა განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომლითაც მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 45 ჰა მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობის დაზუსტების მიზნით, სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრირებული, სიღნაღის რაიონის სოფელ ... მდებარე 840006.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) საკადასტრო მონაცემების კორექტირება.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 16 ოქტომბრის №1/1-90 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2015 წლის 23 ოქტომბრის №46 სხდომის ოქმით მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ წარდგენილი და მოძიებული დოკუმენტაციით მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებულ საზღვრებში მდებარეობა არ იქნა დადასტურებულად მიჩნეული. აღნიშნული კომისიის სხდომის ოქმის შედეგები დამტკიცდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 6 ნოემბრის №1/1-4633 ბრძანებით. ამასთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2016 წლის 29 თებერვლის №1-1/98 ბრძანებით ი. ჯ-ის საჩივარი მითითებული ბრძანებების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

საქმეში წარმოდგენილი სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2015 წლის 21 აგვისტოს დასკვნით დგინდება, რომ სიღნაღის რაიონის სოფელ ..., ი. ჯ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (45 ჰა საძოვარი) მდებარეობა და კონფიგურაცია განისაზღვრა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიერ 2007 წლის 29 აგვისტოს მომზადებული №... უძრავი ქონების საკადასტრო რუკაზე დატანილი ინფორმაციის, კერძოდ, ბჟანტის ხევისა და გზის მდებარეობის მიხედვით ი. ჯ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (45 ჰა საძოვარი) გაორიენტირების შედეგად მიღებულ მიწის ნაკვეთსა და ამავე სააგენტოში №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს შორის ხდება გადაფარვა (ზედდება) - ი. ჯ-ის მიწის ნაკვეთი თითქმის მთლიანად ხვდება №... მიწის ნაკვეთის საზღვრებში. საყურადღებოა ასევე ხ. ო-ის განმარტებაც, რომ ფაქტობრივად მიწის ნაკვეთები გამიჯნულია და მის მიერ ნახაზი შედგენილ იქნა ადგილის ფაქტობრივი დათვალიერების გარეშე, რამაც შეცდომა გამოიწვია. ამდენად, სასამართლოებმა დადასტურებულად მიიჩნიეს მიწის ნაკვეთების გადაფარვის ფაქტი.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ როდესაც მოხდა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სადავო საკითხის შესწავლა, ხოლო საჯარო რეესტრმა სადავო ტერიტორია დაარეგისტრირა დაზუსტებული მონაცემებით, ადმინისტრაციული ორგანოების მიერ არ ყოფილა სათანადოდ გამოკვლეული ის ფაქტი, რომ სადავო ქონება უკვე განკარგული იყო და საკუთრების უფლებით გადაცემული ჰქონდა ჯერ კიდევ 2007 წლის 2 ივლისს ი. ჯ-ს და მასზე რეგისტრირებული იყო 45 ჰა მიწის ნაკვეთი სოფელ ...; აღნიშნული მიწის ნაკვეთი მდებარეობდა სწორედ იმ ადგილას, სადაც შემდგომ დაზუსტებული აზომვითი ნახაზით მოხდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის უფლების რეგისტრაცია ხ. ო-ზე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასტორების მითითებას სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონებისა და ი. ჯ-ის საკუთრებაში არსებული ქონების არაიდენტურობაზე.

რაც შეეხება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 26 აპრილის №... გადაწყვეტილების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობას, საკასაციო სასამართლო აღნიშნულთან მიმართებაშიც იზიარეს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას მასზედ, რომ მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, მაგრამ ამავე ნორმის მიხედვით მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემთა ბაზა გადაცემული აქვს საჯარო რეესტრს. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურს სახელმწიფოს სახელზე ნაკვეთის რეგისტრაციამდე უნდა გამოეკვლია ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა, შეედარებინა სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია საარქივო ცნობასთან - ქაღალდზე შესრულებულ საკადასტრო მონაცემებთან თუ სააღრიცხვო ბარათებსა და ამონაწერებთან, დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები. გადამოწმების ვალდებულება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უფრო მაღალი ხარისხით წარმოეშობა იმის გათვალისწინებითაც, რომ უპირატესად თავად მარეგისტრირებელი ორგანოსათვის არის ცნობილი რეესტრში რეგისტრირებული ყველა მიწის ნაკვეთის ელექტრონული სისტემით აღურიცხაობის შესახებ. აღნიშნული ვალდებულება კი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ჯეროვნად შესრულებული არ არის.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 5 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი