Facebook Twitter

# ბს-106-106 (კ-18) 04 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „…“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.11.2017წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „…“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიმართ მოგების გადასახადის ნაწილში სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2014წ. №52090 ბრძანების, სსიპ შემოსავლების სამსახურის 15.12.2014წ. №006-475 საგადასახადო მოთხოვნის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 27.02.2015წ. №6111 ბრძანების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 09.06.2015წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.11.2015წ. გადაწყვეტილებით შპს „…“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს „…“ მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.11.2017წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი. განჩინება საკასაციო საჩივრით გასაჩივრდა შპს „…“ მიერ.

კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას, სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას, მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასახულ დასკვნებზე და აღნიშნავს, რომ არასწორია სასამართლოების მსჯელობა იმის თაობაზე, რომ შპს „…“ მიერ ე. ნ-ისთვის 398 688 ლარის გადახდა თავისი შინაარსით არ წარმოადგენდა სესხის პროცენტის გადახდას, რის გამოც აღნიშნული ხარჯი არ ექვემდებარებოდა ერთობლივი ხარჯიდან გამოქვითვას. აღნიშნული მსჯელობით სასამართლო გასცდა დავის საგანს, არ შეამოწმა დავის ფაქტობრივი გარემოებები და სათანადო სამართლებრივი შეფასება არ მისცა მათ. კერძოდ, სასამართლომ არ იმსჯელა გასაჩივრებული აქტების სამართლებრივ საფუძველზე - საგადასახადო კოდექსის 23-ე და 73.9 მუხლების მოთხოვნებზე. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა აღნიშნულ საკითხებზე უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკა. სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა გასაჩივრებული აქტების სზაკ-ის მე-4 და მე-6 თავებთან შესაბამისობაზე. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლოს განჩინებებიდან მოყვანილი მსჯელობები არ არის რელევანტური დავის საგანთან მიმართებაში. სასამართლომ ისე მიიჩნია გასაჩივრებული აქტები კანონიერად, რომ გვერდი აუარა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებზე მსჯელობას. ე. ნ-თან სესხის ურთიერთობაში შპს „…“ მიერ შპს „ი…“ ჩანაცვლებით სახელშეკრულებო ურთიერთობაში შპს „…“ გადავიდა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება, მათ შორის სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულება, ხოლო აღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი პროცენტის თანხა გამოქვითა ერთობლივი შემოსავლიდან საგადასახადო კოდექსის 142.4 მუხლის თანახმად. აღნიშნული გარემოებები არ გაითვალისწინა სააპელაციო სასამართლომ, რაც განჩინების გაუქმების და საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს წარმოადგენს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „…“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთანავე, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, §71; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება შეიცავს არგუმენტირებულ პასუხს საკასაციო საჩივარში მითითებულ პრეტენზიებზე. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს და აღნიშნავს, რომ შპს ,,...“ მიერ სადავოდაა გამხდარი იმ თანხების გამოქვითვის უკანონოდ მიჩნევა, რომელიც შპს ,,...“ აღიარა ხარჯად და გამოქვითა ერთობლივი შემოსავლიდან იმ საფუძვლით, რომ მან სასესხო ერთიერთობებში დაიკავა მოვალის შპს ,,ი...“ ადგილი და განახორციელა სასესხო ვალდებულების შესრულება, კერძოდ, პროცენტის 398 688 ლარის კრედიტორის - არარეზიდენტი ფიზიკური პირის - ე. ნ-ისათვის გადახდა. საკასაციო პალატა თვლის, რომ მართებულია საგადასახადო ორგანოს მოსაზრება სესხის პროცენტის თანხის (398 688ლ.) ერთობლივი შემოსავლიდან გაქვითვის დაუშვებლობის შესახებ, ვინაიდან მართალია, აღნიშნული თანხა (398 688ლ.) თავდაპირველი სესხის ხელშეკრულებით წარმოადგენდა სესხის პროცენტს, თუმცა ვალის გადაკისრებით შპს „დ...“ მიერ ე. ნ-ისათვის გადასახადელი თანხის ოდენობამ შეადგინა თავდაპირველ სესხთან ერთად პროცენტის თანხაც (398 688ლ.). აღნიშნული გარემოება ადასტურებს, რომ თავდაპირველ სასესხო ურთიერთობაში სესხის პროცენტმა (398 688ლ.), ახალი ურთიერთობის წარმოშობისას დაკარგა „სესხზე დარიცხული პროცენტის“ მნიშვნელობა და ერთობლიობაში იქცა შპს „დ...“ სესხად, რის გამოც არ არსებობდა აღნიშნული თანხის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვის საფუძველი. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საგადასახადო ორგანოს პოზიციას იმის თაობაზე, რომ შპს „დე...“ საპროცენტო ვალდებულება (398 688ლ.), არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო შპს „დ...“ მიერ ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯად. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ შპს ,,...'' ე. ნ-ისთვის სესხის პროცენტის 398 688 ლარის გადახდით განახორციელა არა მის მიერ აღებულ სესხზე პროცენტის გადახდა, რის ხარჯებში გატარებასაც ითვალისწინებს კანონმდებლობა, არამედ შპს ,,რ...“ შეძენილი წილის ღირებულების ნაწილის დაფარვა, რამაც თანხობრივად შეადგინა კომპანიის მიერ აღებული სესხის ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტის ჯამი. აღნიშნულიდან გამომდინარე, დგინდება, რომ 398 688 ლარი არ იყო შპს ,,...’’-ს საპროცენტო ხარჯი, ის წარმოადგენდა ახალი სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ძირითად თანხას და არ ექვემდებარებოდა გამოქვითვას. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობას დამატებით ადასტურებს ის გარემოებაც, რომ შპს ,,...“ ე. ნ-ის წინაშე არსებული ვალდებულების შესრულების მიზნით, საკუთარი დირექტორისაგან აიღო სესხი 398 688 ლარის ოდენობით. დირექტორისგან აღებული და სასესხო ვალდებულების შესრულების მიზნით გადახდილი 398 688 ლარი შპს ,,...“ გამოქვითა ერთობლივი შემოსავლიდან. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია თავდაპირველი სესხის ხელშეკრულებით 398 688 ლარი წარმოადგენდა სესხის პროცენტს, თუმცა ვინაიდან შპს „...“ 398 688 ლ. ისესხა საკუთარი კომპანიის დირექტორისაგან იმ მიზნით, რომ ეს თანხა გადაეხადა ე. ნ-ისათვის, აღნიშნული თანხა ვერ იქნება განხილული სესხის პროცენტად და შესაბამისად არ ექვემდებარებოდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შპს „…“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთანავე, შპს „…“ (ს/კ …) სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 28.12.2017წ. N1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2990.15 ლარის 70%, _ 2093.10 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ …“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.11.2017წ. განჩინება;

3. შპს „...“ (ს/კ …) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 28.12.2017წ. N1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2990.15 ლარის 70%, _ 2093.10 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი