-
ბს-147-147 (კ-18) 18 ოქტომბერი, 2018 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის მარტვილის ფილიალის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.06.2017წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ხ-ამ 08.12.2014 წ. სარჩელით მიმართა სენაკის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ამავე სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა: ქ. მარტვილში, … ქუჩა №1-ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ …) მესაკუთრედ ნ. ხ-ას ნაცვლად კომერციული ბანკი „…“ მარტვილის ფილიალის რეგისტრაციის ნაწილში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურის 27.12.1999წ. №… გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ამავე უძრავი ქონების მესაკუთრედ ნ. ხ-ას რეგისტრაციის დავალება.
სენაკის რაიონული სასამართლოს 17.02.2015 წ. და 07.05.2015წ. განჩინებებით საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ზ. თ-ე და მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
სენაკის რაიონული სასამართლოს 13.05.2015წ. გადაწყვეტილებით ნ. ხ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.12.2015 წ. განჩინებით ნ. ხ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც ნ. ხ-ამ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.11.2016წ. განჩინებით ნ. ხ-ას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.12.2015 წ. განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
დავის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას ნ. ხ-ას მიერ დაზუსტდა სასარჩელო მოთხოვნა და მან დამატებით მოითხოვა 27.12.1999წ. რეგისტრაციის დაზუსტების თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ 2013წ. მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.06.2017 წ. გადაწყვეტილებით ნ. ხ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა სენაკის რაიონული სასამართლოს 13.05.2015წ. გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ხ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურის 27.12.1999წ. №… გადაწყვეტილება ქ. მარტვილში, … ქუჩა №1-ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ …) რეგისტრაციის შესახებ, ასევე ამ რეგისტრაციის დაზუსტების (განცხადების რეგისტრაციის ნომერი: …) შესახებ გადაწყვეტილება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის ფილიალს დაევალა მოცემულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ნ. ხ-ას 27.12.1999წ. N17-99 განცხადების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის მარტვილის ფილიალის მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ 1999წ. მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილ განცხადებაში ნათლად ჩანს დაინტერესებული პირის ვინაობა, ნ. ხ-ას განცხადება არ შეუტანია, როგორც ფიზიკურ პირს. ტექ. ბიუროს საბოლოო მონაცემებით სწორედ ბანკი „…“ მარტვილის ფილიალის სახელზე იყო აღრიცხული უძრავი ქონება. სასამართლომ 27.12.1999წ. რეგისტრაციასთან ერთად ბათილად ცნო ასევე რეგისტრაციის დაზუსტების შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს 27.05.2013წ. გადაწყვეტილებაც, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა, მოსარჩელეს აღნიშნული აქტის ბათილად ცნობა არ მოუთხოვია, სასამართლო გაცდა მოთხოვნის ფარგლებს.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეზე დადგენილი რიგი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ ბანკი „…“ ბალანსზე შენობა-ნაგებობის გადასვლა, თანხის სესხება, ნ. ხ-ას მიერ სესხის დაფარვა, უძრავი ქონების მისთვის გადაცემა და სხვ., დგინდება მხოლოდ ნ. ხ-ას მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცით. სასამართლოში საქმის განხილვისას გაირკვა, რომ ნ.ხარებავას ხელთ ჰქონდა 2 ტექ. პასპორტი, რომელთაგან ერთ-ერთში ის იყო მითითებული მესაკუთრედ. აღნიშნული ტექ.პასპორტი ნ. ხ-ას მარეგისტრირებელ ორგანოში არ წარუდგენია, რაც ნიშნავს, რომ მას არ ჰქონდა თავის სახელზე უძრავი ქონების აღრიცხვის მიზანი. მნიშვნელოვანია აგრეთვე, რომ 1999წ. განხორციელებული რეგისტრაცია ნ. ხ-ას 2014 წლამდე არ გაუსაჩივრებია, მიუხედავად იმისა, რომ რეგისტრაციისას მოხდებოდა შესაბამისი ჩანაწერის გაცემა.
კასატორი თვლის, რომ სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების საფუძვლები არ არსებობდა, სასამართლოს თვითონ შეეძლო არსებითად გადაეწყვიტა დავა. გარემოებები, რომელთა გამოკვლევაც ორგანოს დაევალა, შესაძლებელია დადგინდეს საქმის მასალებიდან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის მარტვილის ფილიალის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, §71; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ სადავო აქტები გამოცემულია საქმის გარემოებათა სათანადო გამოკვლევის გარეშე, რაც ქმნის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად მათი ბათილად ცნობის და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საკითხის ხელახლა გამოკვლევის დავალების საფუძველს.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნ. ხ-ას მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში 27.12.1999წ. წარდგენილი განცხადების შესაბამისად, უძრავი ქონება აღირიცხა საჯარო რეესტრში და მესაკუთრედ მიეთითა კომერციული ბანკი „…“ მარტვილის ფილიალი - ნ. ხ-ა, 2013 წ. ჩანაწერი გასწორდა და მესაკუთრედ მიეთითა მხოლოდ კომერციული ბანკი „…“ მარტვილის ფილიალი. საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ კომერციულ ბანკ „…“ საქართველოს ეროვნულ ბანკში ხელახალი რეგისტრაცია არ გაუვლია, რის გამოც ის ჩაითვალა გაუქმებულად, 25.06.1996წ. ეროვნული ბანკის მიერ დახურულ იქნა კომერციული ბანკ „…“ მარტვილის ფილიალის ანგარიშები. ამდენად, ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ სადავო აქტების გამოცემისას კომერციული ბანკ „…“ მარტვილის ფილიალი აღარ არსებობდა. მარეგისტრირებელ ორგანოს აღნიშნული გარემოებები არ გაუთვალისწინებია არც ერთი სადავო აქტის გამოცემისას.
ამასთანავე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ კომერციულ ბანკ „…“ მარტვილის ფილიალის სახელზე რეგისტრაციის განხორციელების შეუძლებლობა იმთავითვე არ გულისხმობს უძრავი ქონების ნ. ხ-ას სახელზე აღრიცხვას. ამდენად, მარეგისტრირებელმა ორგანომ ხელახლა უნდა იმსჯელოს არსებულ მტკიცებულებებზე, მათ შორის ნ. ხ-ას საკუთრების დამდგენ დოკუმენტაციაზე და განსაზღვროს ნ. ხ-ას საკუთრებაში სადავო უძრავი ქონების აღრიცხვის შესაძლებლობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის მარტვილის ფილიალის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის მარტვილის ფილიალის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.06.2017წ. გადაწყვეტილება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს.კ. 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 26.03.2018წ. N08744 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ.როინიშვილი