ბს-163-163(კ-18) 18 ოქტომბერი, 2018წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.12.2017წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ტ-ემ 14.08.2017წ. სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და შიდა ქართლის რეგიონალური ოფისის მიმართ და მოითხოვა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალური ოფისის 05.06.2017წ. გადაწყვეტილების, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 12.07.2017წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და შიდა ქართლის რეგიონალური ოფისისათვის სოფელ ... მდებარე უძრავი ქონების მ. ტ-ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
გორის რაიონული სასამართლოს 20.09.2017წ. გადაწყვეტილებით მ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალური ოფისის 05.06.2017წ. გადაწყვეტილება, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 12.07.2017წ. გადაწყვეტილება და შიდა ქართლის რეგიონალურ ოფისს დაევალა მ. ტ-ის 23.01.2017წ. განცხადებით წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.12.2017წ. განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.
კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო აქტები გამოიცა საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის შედეგად. სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა მტკიცებულებები, განსახილველ შემთხვევაში საკომლო წიგნის ჩანაწერი არ უნდა იქნეს მიჩნეული საკუთრების წარმომშობ საკმარის დოკუმენტად, რადგან მოსარჩელის მამკვიდრებლის მონაცემი ფანქრით არის გადახაზული, ამასთანავე საკომლო წიგნში მამკვიდრებლის შესახებ ინფორმაცია 1995 წლის შემდეგომ აღარ ფიქსირდება, მიუხედავად იმისა, რომ იგი 2005 წელს გარდაიცვალა. ამდენად, მ. ტ-ის საკუთრების რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მართლზომიერია, რადგან მ. ტ-ის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილ განცხადებას არ ერთვოდა მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ არ არსებობდა რეგისტრაციის შესახებ მ. ტ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. საკომლო წიგნიდან ამონაწერი წარმოადგენს მართლზომიერი ფლობის დამდგენ მტკიცებულებას. საქმის მასალებით დასტურდება, რომ გორის რაიონის სოფ. … არსებობდა მოსარჩელის მამკვიდრებლის - თ. ვ-ის კომლი, რომელსაც ერიცხებოდა 50 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი და 0,20 ჰა მიწის ფართობი. ის გარემოება, რომ თ. ვ-ის ჩანაწერზე ფანქრით ხაზია გადასმული არ ადასტურებს მისი უფლების გაუქმებას, რადგან საკომლო წიგნში არ არის დაფიქსირებული უფლებამოსილი პირის ჩანაწერი თ. ვ-ის კომლის გაუქმების შესახებ. ამასთანავე, საქმეზე სადავოდ არ გამხდარა მოსარჩელისა და მისი მამკვიდრებლის მიერ სოფ. … მდებარე უძრავი ქონების ფაქტობრივი ფლობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.12.2017წ. განჩინება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 26.03.2018წ. N08745 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი