ბს-172-172(კ-18) 18 ოქტომბერი, 2018წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.10.2017 წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ს. კ-მა 23.04.2015წ. სარჩელით მიმართა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ და მოითხოვა 25.07.2003წ. ჩატარებული საჯარო აუქციონის შედეგად ს. კ-ის სახელზე ზონალური საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული საკუთრების დამადასტურებელი სერთიფიკატების არსებობის აღიარება.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 10.06.2015წ. განჩინებით, სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრი.
ახალქალაქის რაონული სასამართლოს 24.06.2015წ. გადაწყვეტილებით ს. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, აღიარებულ იქნა 25.07.2003წ. ჩატარებული საჯარო აუქციონის შედეგად ს. კ-ის სახელზე ზონალური საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული საკუთრების დამადასტურებელი სერთიფიკატების არსებობა, რითაც დამტკიცდა 25.07.2003წ. ჩატარებული საჯარო აუქციონის შედეგად ... ყოფილი სახელმწიფო საწარმოდან ... შენობის (544,8 კვ.მ.) და მეორე ... შენობის (357 კვ.მ.) ს. კ-ის საკუთრებაში გადაცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.03.2016 წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 24.06.2015წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განხილვის მიზნით უკან დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 20.09.2016წ. სხდომაზე დაზუსტდა სასარჩელო მოთხოვნა, ს. კ-მა მოითხოვა: სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის 25.07.2003წ. ქ. ახალქალაქში ზონალური საგადასახადო ინსპექციის მიერ ჩატარებულ სპეციალიზებულ ღია აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი საღორის ორი შენობის ს. კ-ის მიერ შეძენის დამადასტურებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - სერთიფიკატების გამოცემის დავალება.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 01.11.2016წ. გადაწყვეტილებით ს. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა ქ. ახალქალაქში ზონალური საგადასახადო ორგანოს (სახელმწიფო საგადასახადო ინსპექცია ახალქალაქის რაიონში) მიერ 25.07.2003წ. ჩატარებულ საჯარო (სპეციალიზებულ ღია) აუქციონზე ს. კ-ის მიერ (კ-ის ყოფილი სახელმწიფო საწარმოდან ... ორი შენობის - 357 კვ.მ. და 544,8 კვ.მ. ფართი) შეძენილ ქონებასთან დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის, საკუთრების მოწმობის - სერთიფიკატების ს. კ-ის სახელზე გაცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.10.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა.
კასატორმა აღნიშნა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის არქივში არ მოიპოვება N9 საოქმო გადაწყვეტილება, რომლითაც მხარე ადასტურებს აუქციონის ჩატარებას. მოსარჩელე ვერ ადასტურებს ქონების პრივატიზებას „სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით. ამასთანავე, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია აუქციონის გამარჯვების ოქმის ტიპური ფორმა, რასაც საქმეში წარმოდგენილი ოქმი არ შეესაბამება. გასათვალისწინებელია, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს პრივატიზებასთან დაკავშირებით გამართული აუქციონის შედეგების გაფორმებას და არა სსიპ შემოსავლების სამსახური. კასატორი თვლის, რომ სარჩელი ხანდაზმულია, რადგან ქონების პრივატიზებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა 3 წელია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 25.07.2003წ. აუქციონის გამართვა განხორციელდა არა იმჟამად მოქმედი „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ კანონით განსაზღვრული პრივატიზების რომელიმე ფორმით (6.1 მუხ.), პრივატიზების განმახორციელებელი სუბიექტის - საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს (3.1 მუხ.) მიერ, არამედ 13.06.1997წ. საგადასახადო კოდექსის 247-ე მუხლის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებდა გადასახადის გადამხდელის დაყადაღებული ქონების რეალიზაციას სპეციალიზებულ ღია აუქციონზე. საქართველოს ფინანსთა და იუსტიციის მინისტრების ერთობლივი N1037 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადის გადამხდელის დაყადაღებული ქონების რეალიზაციის მიზნით სპეციალიზებული ღია აუქციონის გამართვის პირობებისა და წესის“ თანახმად, დაყადაღებული ქონების რეალიზაციას ახორციელებდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, მსხვილ გადამხდელთა ინსპექციისა და საოლქო საგადასახადო ინსპექციების მეშვეობით (1.3 მუხ.). მყიდველის მიერ აუქციონზე შეძენილი ქონების საფასურის მთლიანად გადახდის შედეგად მყიდველი იღებდა სერტიფიკატს (მოწმობას) აღნიშნული ქონების მის სახელზე გადაფორმების შესახებ (საგადასახადო კოდექსის 247.6 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში საქმეში დაცულია 25.07.2003წ. N... აუქციონის ოქმი, რომელშიც მითითებულია აუქციონის ჩატარების მიზანი, თარიღი, ადგილი, ქონების საწყისი ფასი, საბოლოოდ შეთავაზებული თანხა, მყიდველის მონაცემები, ოქმზე დატანილია აუციონის თავმჯდომარისა და მყიდველის ხელმოწერები, ასევე ახალქალაქის რაიონში სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის ბეჭედი. მხოლოდ ის გარემოება, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის არქივში ვერ იქნა მოძიებული აღნიშნული ოქმი, არ ადასტურებს მხარის მიერ წარმოდგენილი N... ოქმის არანამდვილობას ან ოქმის მტკიცებულებად მიღებაზე უარს. საქმის მასალებში ასევე წარმოდგენილია აუქციონზე შეძენილი ქონების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, რაც ადასტურებს სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ სერთიფიკატის გაცემის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საფუძველს მოკლებულია კასატორის მსჯელობა პრივატიზების ჩატარების პროცედურებსა და სახელმწიფო ქონების პრივატიზების მიზნით ჩატარებულ აუქციონზე შესადგენი ოქმის ფორმაზე. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ ამჟამად მოქმედი კანონმდებლობა ვერ იქნება გამოყენებული 2003 წელს ჩატარებული აუქციონის მიმართ.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.10.2017წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ.ვაჩაძე
ვ. როინიშვილი