ბს-281-281(კ-18) 18 ოქტომბერი, 2018წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.11.2017წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ო. მ-ემ 09.03.2017წ. სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს პარლამენტის მიმართ მოპასუხის 09.02.2017წ. მიმართვის ბათილად ცნობისა და საქართველოს პრალამენტისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით წარდგინების გაცემის დავალების მოთხოვნით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 17.08.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პარლამენტის 09.02.2017წ. მიმართვა და მოპასუხეს დაევალა წარდგინების გაცემა ო. მ-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს პარლამენტის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.11.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს პარლამენტის მიერ.
კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, რადგან კანონმდებლობის მიხედვით მართალია მხოლოდ დანიშვნის შესახებ უფლებამოსილი პირის ბრძანება არ არის მითითებული სტაჟის დადგენის საფუძვლად, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ წარდგენილი დოკუმენტაციით უტყუარად დგინდებოდეს შრომითი სტაჟის დაწყებისა და დასრულების პერიოდი. განსახილველ შემთხვევაში საქმეში არ არის დაცული მსგავსი მტკიცებულებები, საათობრივი დატვირთვა ვერ იქნება მიჩნეული სათანადო მტკიცებულებად, რადგან მასში არ არის მითითებული მუშაობის ზუსტი პერიოდი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006წ. N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის“ 22.4 მუხლის თანახმად, საერთო შრომითი სტაჟის დამადასტურებელ დოკუმენტად ითვლება სამუშაო ადგილიდან გაცემული ცნობები, მოწმობები, შრომითი ხელშეკრულებები („ბ“ ქვ.პ), საარქივო დაწესებულებებიდან გაცემული ცნობები („დ“ ქვ.პ.), დავის არსებობის შემთხვევაში საკითხი წყდება სასამართლო წესით („ი“ ქვ.პ.). ამდენად, შრომითი სტაჟის დადგენისათვის მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ პირის დანიშვნისა და განთავისუფლების შესახებ ბრძანებებს, არამედ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ იმ დოკუმენტებსაც, რომლებითაც დასტურდება კონკრეტულ პერიოდში პირის დასაქმების ფაქტი. მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით წარდგინების მომზადების დროს საქართველოს პარლამენტი მოქმედებს როგორც ადმინისტრაციული ორგანო და მასზე ვრცელდება სზაკ-ის 53-ე, 96-ე მუხლების მოთხოვნები საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევისა და მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების შესახებ. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი არ შეიცავს რაიმე სახის დასაბუთებას, საქმის მასალებით არ დგინდება, რომ პარლამენტმა გამოიკვლია საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. მხოლოდ სასამართლოში საქმის განხილვისას დადგინდა თუ რა პერიოდის შრომით სტაჟში ჩათვლას ხდის სადავოდ საქართველოს პარლამენტი.
საქართველოს პარლამენტის მოსაზრება, რომ არ დასტურდება ო. მ-ის შრომითი სტაჟი 1983 წლის 13 სექტემბრიდან 1984 წლის 26 ივნისამდე და 1986 წლის აგვისტოდან 1992 წლის სექტემბრამდე, არ არის დასაბუთებული. ხელვაჩაურის საარქივო ცნობის მიხედვით 1983 წლის 13 სექტემბრიდან ო. მ-ე გადაყვანილ იქნა ხელვაჩაურის რაიონის დაუსწრებელი სკოლის ზედა წინსვლის სასწავლო საკონსულტაციო პუნქტის 9-11 კლასების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, ხოლო 1986 წლის 26 ივნისიდან ო. მ-ე მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. სსრ შრომის კანონთა კოდექსის 30,3 მუხლის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველი იყო სამხედრო სამსახურში გაწვევა, ამდენად, დასტურდება, რომ ო. მ-ე ზედა წინსვლის სასწავლო საკონსულტაციო პუნქტიდან გათავისუფლდა სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით. საწინააღმდეგო მტკიცებულებები კასატორის მიერ წარდგენილი არ ყოფილა.
რაც შეეხება 1986 წლის 25 აგვისტოდან 1992 წლის სექტემბრამდე პერიოდს, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ საარქივო ცნობის მიხედით, ქ. ბათუმის N… პროფესიულ-ტექნიკურ სასაწავლებელში ო. მ-ე აღმზრდელად დანიშნულია 1986 წლის 25 აგვისტოდან. ამასთანავე, მართალია აღნიშნულ პერიოდზე წარდგენილი არ არის პედაგოგად დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ ბრძანებები, თუმცა საქმეში დაცული საკანცელარიო წიგნებით და საათობრივი დატვირთვის ბრძანებებით, რომლებითაც ო. მ-ეზე გათვალისწინებულია საათობრივი დატვირთვა, დასტურდება სადავო პერიოდში ო. მ-ის პედაგოგად მუშაობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.11.2017წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი