317-აპ 23 მარტი, 2006 წ.‚ ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),
დ. სულაქველიძე,
ნ. კვანტალიანი
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ზ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 26 აპრილის განაჩენზე, რომლითაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
აღწერილობითი ნაწილი:
ქარელის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 27 დეკემბრის განაჩენით ზ. ჩ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2004 წლის 16 სექტემბრიდან.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2004 წლის ზაფხულში, ქარელის რაიონის სოფელ ---ში ზ. ჩ-მა უკანონოდ მოიყვანა და კულტივირებდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით _ 850 გრამ ნარკოტიკული საშუალების შემცველ კანაფის მცენარეს.
რაიონული სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ზ. ჩ-მა და მოითხოვა გამართლება იმ მოტივით, რომ დანაშაული არ ჩაუდენია.
სააპელაციო პალატის 2005 წლის 26 აპრილის განაჩენით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ამასთან, ზ. ჩ-ლს შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 5 წლამდე. სხვა ნაწილში რაიონული სასამართლოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ზ. ჩ-ლი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას და მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას იმ მოტივით, რომ დანაშაული არ ჩაუდენია.
საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ზ. ჩ-მა საჩივარს მხარი დაუჭირა და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება იმ მოტივით, რომ დანაშაული არ ჩაუდენია.
ადვოკატმა ა. ს-მა საჩივარს მხარი დაუჭირა და იშუამდგომლა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სააპელაციო პალატის განაჩენის გაუქმება იმ მოტივით, რომ იგი უკანონო და დაუსაბუთებელია.
სახელმწიფო ბრალმდებელმა რ. ს-მა საჩივარს მხარი არ დაუჭირა და მოითხოვა ზ. ჩ-ის მიმართ სააპელაციო პალატის განაჩენის, როგორც კანონიერის, დასაბუთებულისა და სამართლიანის, უცვლელად დატოვება იმ მოტივით, რომ წინასწარი და სასამართლო გამოძიებით უტყუარადაა დადგენილი მსჯავრდებულის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა, ასევე მხარეთა მოტივები და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ვერ გაიზიარებს საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ ზ. ჩ-ლს დანაშაული არ ჩაუდენია, რადგანაც საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით უდავოდაა დადგენილი მსჯავრდებულის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ:
სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ზ. ჩ-მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ თავის მიწის ნაკვეთში დათესილი ჰქონდა სიმინდი. იმ ტერიტორიაზე ამოსული იყო სარეველა მცენარეები, მათ შორის, კანაფიც. ნარკოტიკული საშუალების შემცველ მცენარეს არ კულტივირებდა. პოლიციელებმა ურჩიეს, რომ დაედასტურებინა, თითქოს ნარკოტიკული ნივთიერების შემცველ მცენარეს პირადი მოხმარებისათვის უვლიდა, უთხრეს, რომ ამისათვის არ დაისჯებოდა. ამიტომ წინასწარი გამოძიებისას აღიარა დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია.
რაიონულ სასამართლოში მოწმე ე. ჯიოევამ განმარტა, რომ მისი თანდასწრებით ზ. ჩ-ის მიწის ნაკვეთიდან პოლიციელებმა ამოიღეს მწვანე მცენარეები. საგამოძიებო მოქმედების ოქმს ხელი მოაწერა.
სააპელაციო სასამართლოში ქარელის შს განყოფილების ინსპექტორმა, გ. ა-მა განმარტა, რომ დამსწრეთა მონაწილეობით ზ. ჩ-ის მიწის ნაკვეთში აღმოჩენილ და ამოღებულ იქნა დაახლოებით შვიდი ძირი მცენარე, რომლებიც გათოხნილი და კარგად მოვლილი იყო. ზ. ჩ-მა აღიარა, რომ მცენარეები მას ეკუთვნოდა და უვლიდა პირადი მოხმარებისათვის. მცენარეები ადგილზე დაილუქა. ლუქს ხელი მოაწერეს დამსწრეებმა და ზ. ჩ-მა.
ანალოგიური ჩვენებები მისცეს სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა _ კ. ხ-მა და გ. მ-ემ. ამასთან, კ. ხ-მა განმარტა, რომ ადგილობრივი ტელევიზიის საშუალებით ზ. ჩ-მა აღიარა დანაშაული, რაც დაადასტურა მსჯავრდებულმა.
ქიმიური ექსპერტიზის 2004 წლის 9 აგვისტოს დასკვნის შესაბამისად, ზ. ჩ-საგან ამოღებული 850 გრამი ნედლი მცენარის შვიდი ძირი წარმოადგეს ნარკოტიკული საშუალება კანაფის მცენარეს.
აღნიშნულ და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა საფუძველზე სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. ჩ-მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რასაც იზიარებს საკასაციო პალატა, ვინაიდან წინასწარი და სასამართლო გამოძიებით სრულყოფილადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სისხლის სამართლის საპროცესო კანონი არსებითად არ დარღვეულა, ზ. ჩ-ის ქმედება სწორადაა დაკვალიფიცირებული, შეკრებილ მტკიცებულებებს სასამართლომ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება. სააპელაციო პალატის განაჩენი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია, მისი გაუქმების საფუძველი არ მოიპოვება და უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ზ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 26 აპრილის განაჩენი ზ. ჩ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.