ბს-489-486 (კ-17) 18 ოქტომბერი, 2018 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა შპს „…“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.04.2017წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „…“ 18.11.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიმართ და მოითხოვა შპს „…“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 24.09.2015წ. N580/18 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.12.2016წ. გადაწყვეტილებით შპს „…“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „…“.
სააპელაციო პალატაში საქმის განხილვისას შპს „…“ იშუამდგომლა სხვა საქმის გადაწყვეტამდე საქმის წარმოების შეერების შესახებ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 06.04.2017წ. განჩინებით საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.04.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს „…“ მიერ.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მთავარმა სპეციალისტმა განზრახ ცრუ ინფორმაცია მიაწოდა ი/მ გ. ბ-ს და ისე დაადებინა ხელშეკრულება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ საქმეზე N74420/01, „Ramanauskas V. Lithuania” (აბზაცი 54) განმარტა, რომ ფარული აგენტების გამოყენება შეიძლება დაშვებულ იქნეს იმ პირობით, რომ ეს ექვემდებარება ცხად შეზღუდვებს და გარანტიებს, საჯარო ინტერესი ვერ გაამართლებს პოლიციის პროვოკაციის შედეგად მიღებულ მტკიცებულებებს, ვინაიდან ასეთის დაშვება ეჭვმიტანილს დაუქვემდებარებდა იმის რისკს, რომ იმთავითვე პირდაპირ ჩამორთმეოდა სამართლიანი სასამართლოს უფლება. საქმეში „კასტრო პორტუგალიის წინააღმდეგ“ ევროსასამართლომ განმარტა, რომ ფარული აგენტების მოქმედება გასცდა საზღვრებს, რადგან მათ გამოიწვიეს დანაშაული და ვერ წარმოადგინეს რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მათი ჩარევის გარეშე პირი დანაშაულს მაინც ჩაიდენდა. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მუშაკმა მოახდინა გადაცდომის პროვოცირება. მტკიცებულება, რომ ამ პროვოცირების გარეშეც მოხდებოდა ხელშეკრულების დადება, საქმეში წარმოდგენილი არ არის.
კასატორმა მიუთითა, რომ კომისიის 24.08.2015წ. N4131 ბრძანება გამოცემულია „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის საფუძველზე. სადავო არ არის, რომ კასატორი არ წარმოადგენს მაუწყებლობის ოპერატორს და ახორციელებს მობილური კავშირგაბმულობით მომსახურებას, ამდენად „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი არ უნდა გავრცელდეს შპს-ს საქმიანობაზე.
კასატორი მიიჩნევს, რომ საქმის წარმოების შეჩერებაზე უარი ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, რომლის მიხედვით, როცა სხვა საქმის შედეგს არსებითი მნიშვნელობა აქვს განსახილველი დავისთვის, აუცილებლად უნდა შეჩერდეს წარმოება. ამჟამად, სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს დავა, რომელიც შეეხება შპს „…“ მიმართ პირველი სანქციის სახით გაფრთხილების გამოყენებას. თუ ბათილად იქნება ცნობილი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება პირველადი სანქციის გამოყენების შესახებ, საფუძველი გამოეცლება ადმინისტრაციულ აქტს განმეორებითი სანქციის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ. ამდენად, კასატორმა მოითხოვა როგორც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის (06.04.2017წ.), ასევე საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების (06.04.2017წ.) გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „…“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, §71; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითება შპს „…“ მიერ სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ, რადგან საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს „…“ სიმ-ბარათის შეძენა განხორციელდა ხელშეკრულებაში აბონენტის მცდარი პერსონალური მონაცემების შეყვანით, დილერის მიერ არ განხორციელებულა აბონენტისგან მიწოდებული პერსონალური ინფორმაციის გადამოწმება პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მეშვეობით, ამასთანავე სააბონენტო ხელშეკრულებას ხელს არ აწერს კომპანიის ან დილერის უფლებამოსილი პირი. შპს „…“ აღნიშნულ გარემოებებს სადავოდ არ ხდის, თუმცა მიიჩნევს, რომ სამართალდარღვევის პროვოცირების გამო, არ უნდა მოხდეს მისთვის სახდელის დაკისრება, რაც არასწორია, რადგან საქმის მასალებით არ დასტურდება სამართალდარღვევის პროვოცირება, სახეზე იყო ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის მიერ განხორციელებული საკონტროლო შესყიდვა, რა დროსაც სიმ-ბარათის მიმწოდებელმა არ შეასრულა მასზე კანონით დაკისრებული ვალდებულება მომხმარებელთან სათანადო ფორმით ხელშეკრულების დადების შესახებ. მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ წერილობითი ხელშეკრულების დადების ვალდებულება იმთავითვე გულისხმობს მასში მხარეთა საიდენტიფიკაციო მონაცემების სწორად მითითების საჭიროებას, რადგან ხელშეკრულებით სწორედ მხარეს წარმოეშობა გარკვეული ვალდებულებები და აღიჭურვება სათანადო უფლებამოსილებებით. მართალია კანონმდებლობა მიმწოდებელს არ ავალებს ხელშეკრულებაზე აბონენტის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტის ასლის დართვას, თუმცა ეს არ გულისხმობს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებაში არასწორი პერსონალური მონაცემების მითითების შესაძლებლობას.
რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას სამართალდარღვევის არაგანმეორებითობის შესახებ, რადგან სახდელის სახით გაფრთხილების შეფარდების კანონიერების შესახებ დავა მიმდინარეობს სასამართლოში, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ამჟამად არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.04.2018წ. გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „…“ სარჩელი, შპს-სთვის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 62.4 მუხლის და „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 105 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო გაფრთხილების გამოცხადების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 11.06.2015წ. №342/18 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მისი გამოცხადებისთანავე (სსსკ-ის 264.3 მუხ.), პრეიუდიციული ძალა ენიჭებათ ფაქტებს, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ (სსსკ-ის 106-ე მუხ. „ბ“ ქვ.პ.). ამდენად, სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილებით დადასტურებულია შპს „…“ მიერ სამართალდარღვევის ჩადენა, ამ დარღვევისათვის სახდელის სახით გაფრთხილების შეფარდების კანონიერება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საფუძვლიანია კომისიის მითითება შპს „…“ მიერ სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შესახებ. ამასთანავე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.04.2018წ. გადაწყვეტილების არსებობის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა აღარ იმსჯელებს სააპელაციო სასამართლოს მიერ სხვა დავის გადაწყვეტამდე განსახილველი საქმის განხილვის შეჩერების საჭიროებასთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო შპს „...“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „…“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.04.2017წ. განჩინებები;
3. ი. ა-ს (პ.ნ. …) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 05.07.2017წ. N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ.როინიშვილი