321-აპ 6 მარტი, 2006 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),
დ. სულაქველიძე,
თ. თოდრია
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ რ. ი-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. შ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 10 ივნისის განაჩენზე, რომლითაც რ. ი-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაული.
აღწერილობითი ნაწილი:
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2004წ. 6 დეკემბრის განაჩენით რ.ი-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე» ქვეპუნქტით, 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე» ქვეუნქტით და ამავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აკვეთა. გაუქმდა ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2001წ. 23 მარტის განაჩენით რ. ი-ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი, განსაზღვრული სასჯელი _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა _ დაემატა ამ განაჩენით განსაზღვრულ სასჯელს და რ. ი-ლს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მსჯავრდებულს პატიმრობაში ყოფნის დრო _ 4 თვე და 8 დღე _ ჩაეთვალა სასჯელის ნაწილის მოხდაში და მოსახდელად დარჩა 5 წელი, 7 თვე და 22 დღე. რ. ი-ლს ბრალდებიდან ამოერიცხა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ» ქვეპუნქტი, როგორც უსაფუძვლოდ წარდგენილი.
განაჩენის მიხედვით, რ. ი-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
2001წ. 20 ივლისს პოლიციის თანამშრომლების მიერ ბორჯომში, --- ¹14-ში მდებარე რ. ი-ის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად სასტუმრო ოთახიდან ამოღებულ იქნა 6,7 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება „---», მშრალ მდგომარეობაში, საძინებელ ოთახში მდგარი კარადიდან კი _ 0,25 გრამი, 5 აბი ძლიერმოქმედი ნივთიერება „---», რომელიც რ. ი-ლს მართლსაწინააღმდეგოდ ჰქონდა შეძენილი და ინახავდა.
მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ა-მა განაჩენი გაასაჩივრა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მოითხოვა მისი გაუქმება და რ. ი-ის მიმართ საქმის შეწყვეტა.
სააპელაციო პალატის 2005წ. 10 ივნისის განაჩენით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: რ. ი-ლი საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე» ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ ამავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე» ქვეპუნქტით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 1 ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2001წ. 23 მარტის განაჩენით რ. ი-ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელიდან 1 წელი, 1 თვე და რ. ი-ლს განესაზღვრა 2 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო _ 4 თვე და 9 დღე მსჯავრდებულს ჩაეთვალა სასჯელის მოხდის ვადაში და მოსახდელად დარჩა 1 წელი, 8 თვე და 21 დღე.
მსჯავრდებული და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი რ. შ-ე საკასაციო საჩივრებით მოითხოვენ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 10 ივნისის განაჩენის გაუქმებას და საქმის შეწყვეტას იმ მოტივით, რომ რ. ი-ლს დანაშაული არ ჩაუდენია, ხოლო საქმის წინასწარი და სასამართლო გამოძიებისას უხეშად და არსებითად დაირღვა საპროცესო ნორმები.
სამცხე-ჯავახეთის საოლქო საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორი ი. ბ-ძე შესაგებლით მოითხოვს, არ დაკმაყოფილდეს საკასაციო საჩივრები, როგორც უსაფუძვლო.
საკასაციო პალატის სხდომაზე ადვოკატმა რ. შ-ემ მხარი დაუჭირა მისი და მსჯავრდებულის საჩივრებს და იშუამდგომლა მათი დაკმაყოფილება იმ მოტივით, რომ რ. ი-ლს დანაშაული არ ჩაუდენია, ხოლო საქმის წინასწარი და სასამართლო გამოძიებისას უხეშად და არსებითად დაირღვა საპროცესო ნორმები.
ადვოკატ რ. შ-ის მოთხოვნას მხარი დაუჭირა მისი დაცვის ქვეშ მყოფმა და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება იმ მოტივით, რომ დანაშაული არ ჩაუდენია.
სახელმწიფო ბრალმდებელმა რ. ჩ-მა საჩივრებს მხარი არ დაუჭირა და მოითხოვა რ. ი-ის მიმართ სააპელაციო პალატის განაჩენის, როგორც კანონიერისა და დასაბუთებულის, უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა, ასევე მხარეთა მოტივები და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმე აღიძრა 2001წ. 30 ივნისს რ. ი-ის მიმართ და მას საფუძვლად დაედო გადაუდებელი აუცილებლობის გამო იმავე წლის 20 ივნისს მის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკა, რა დროსაც აღმოჩენილ და ამოღებულ იქნა 6,7 გრამი ნარკოტიკული საშუალება «---» და 0,25 გრამი სამედიცინო პრეპარატი «---». ეს საგამოძიებო მოქმედება კანონიერად იქნა ცნობილი ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2001წ. 21 ივნისის დადგენილებით. იმ დროისათვის მოქმედი სსსკ-ის 290-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ მოსამართლის მიერ დადგენილების გამოტანის შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხს წყვეტდა პროკურორი. მოცემულ შემთხვევაში საქმე აღძრა გამომძიებელმა, პროკურორის თანხმობით. 2002წ. 15 ივნისამდე მოქმედი სსსკ-ის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ არსებობს საფუძველი ეჭვისათვის, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული, მაგრამ ეს არაა საკმარისი მისთვის ბრალდების წარსადგენად, უფლებამოსილი პირი დანაშაულის ფაქტზე აღძრავს სისხლის სამართლის საქმეს და ცნობს მას ეჭვმიტანილად, რის შესახებაც გამოაქვს დადგენილება. თუ ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის, მას უნდა წარედგინოს ბრალდება არა უგვიანეს 30 დღისა. ამ ვადის გასვლის შემდეგ, თუ მას არ წარედგინა ბრალდება, დადგენილება ეჭმიტანილად ცნობის შესახებ უქმდება.
საქმეში არსებულ ოქმებში რ. ი-ლი ეჭვმიტანილად მოიხსენიება. ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2001წ. 1 აგვისტოს ბრძანებით, დაკმაყოფილდა გამომძიებლის შუამდგომლობა ეჭვმიტანილ რ. ი-ის იძულებით მოყვანის შესახებ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არ მოიპოვება დადგენილება რ. ი-ის ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ. როგორც აღინიშნა, რ. ი-ის მიმართ საქმე აღიძრა 2001წ. 30 ივნისს. დადგენილება რ. ი-ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ გამოტანილია იმავე წლის 15 აგვისტოს, ე.ი. საქმის აღძვრიდან 45 დღის შემდეგ. ამ დადგენილებას ხელს აწერენ რ. ი-ლი და მისი ადვოკატი, თუმცა იმავე დღეს შედგენილი ცნობის მიხედვით, ბრალდებულ რ. ი-ის დაკითხვა ვერ მოხერხდა იმის გამო, რომ იმყოფება მიმალვაში. ამ საფუძვლით, გამომძიებლის შუამდგომლობით, ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლის ბრძანებით რ. ი-ლს აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა პატიმრობა და გამოცხადდა ძებნა.
სააპელაციო სასამართლოში დაკითხულმა მ. ფ-მა განმარტა, რომ ესწრებოდა რ. ი-ის საცხოვრებელ სახლში ჩატარებულ ჩხრეკას. ივარაუდა, რომ აღმოჩენილი ნარკოტიკული ნივთიერება სახლში პოლიციელებმა მიიტანეს. წინასწარი გამოძიებისას დასაკითხად დაიბარეს ქ. ახალციხეში, სადაც რ. ი-ის ადვოკატის რჩევით, რომელსაც ენდო, დაწერა ის, რაც ადვოკატმა უთხრა. მოგვიანებით ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ გამომძიებელი მოკვლით დაემუქრა.
ჩხრეკის ოქმზე მისი ხელმოწერა არ არის, ვერ ამსგავსებს.
დაეყრდნო რა მოწმე მ. ფ-ის ჩვენებას, სააპელაციო პალატამ არ გამოიკვლია, ნამდვილად ჰქონდა თუ არა ადგილი ადვოკატის მიმართ გამომძიებლის მხრიდან მუქარას. ამასთან, ყურადღების გარეშე დატოვა სააპელაციო სასამართლოში აღნიშნული მოწმის მიერ მიცემული ჩვენების არათანმიმდევრულობა, მასში არსებული წინააღმდეგობები. რაც მთავარია, არ შეამოწმა და სათანადო შეფასება არ მისცა მოწმის ასეთ ჩვენებას, სარწმუნოობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, როდესაც იგი საფუძვლად დაუდო თავის განაჩენს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ წინასწარი გამოძიებისას დაირღვა საპროცესო ნორმათა მოთხოვნები. სასამართლო გამოძიება ჩატარებულია არასრულყოფილად. სააპელაციო პალატამ არ გამოიკვლია და შეაფასა ზემოაღნიშნული გარემოებები, რის გამოც რ. ი-ის ბრალდების საქმეზე ჩასატარებელია ხელახალი სასამართლო გამოძიება. საქმის განმხილველმა სასამართლომ სრულყოფილად უნდა შეისწავლოს საქმეში არსებული მასალები და მიიღოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილება.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო პალატის 2005წ. 10 ივნისის განაჩენი რ. ი-ის მიმართ და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხვა შემადგენლობას.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.