Facebook Twitter

329-აპ 20 მარტი, 2006 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),

დ. სულაქველიძე,

თ. თოდრია

მონაწილეობით განიხილა ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ. ნ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 31 მაისის განაჩენზე, რომლითაც ო. ლ-კო გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005წ. 7 მარტის განაჩენით ო. ლ-კო ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ» ქვეპუნქტით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და განესაზღვრა 8 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2004წ. 29 ოქტომბრიდან.

მსჯავრდებულმა განაჩენი გაასაჩივრა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში და მოითხოვა გამართლება. საქმის განხილვისას აპელანტმა შეცვალა საჩივრის მოთხოვნა, იშუამდგომლა მისთვის განსაზღვრული სასჯელის მინიმუმამდე შემცირება და პირობითი მსჯავრის გამოყენება.

სააპელაციო პალატის 2005წ. 31 მაისის განაჩენით რაიონული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გაუქმდა და ო. ლ-კო გამართლდა საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ» ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

საკასაციო საჩივრით პროკურორი ლ. ნაკანი ითხოვს ო. ლ-ოს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ხელახლა განსახილველად საქმის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის გადაცემას შემდეგი მოტივებით:

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მცირე მნიშვნელობის გამო ო. ლ-ოს ქმედება დანაშაულს არ წარმოადგენს, რაც არასწორია. მსჯავრდებული ადრე ნასამართლევია და სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლდა. ო. ლ-კო სარდაფში შევიდა წინასწარ მომზადებული გასაღებით, იქ არსებული ნივთების და არა მხოლოდ სამი ქილის დასაუფლებლად. სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის მასალები და არ გაითვალისწინა, რომ ო. ლ-ომ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, რის გამოც შეუძლებელია ზარალის ოდენობიდან გამომდინარე დანაშაულის შემადგენლობაზე მსჯელობა.

საკასაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა რ. ს-მა მხარი დაუჭირა საჩივარს და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის მასალები.

ადვოკატმა ხ. ყ-მა საჩივარს მხარი არ დაუჭირა და მოითხოვა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სააპელაციო პალატის განაჩენის, როგორც კანონიერის, დასაბუთებულისა და სამართლიანის, უცვლელად დატოვება იმ მოტივით, რომ ო. ლ-ოს შეეძლო დაუფლებოდა სარდაფში არსებულ სხვა, უფრო ძვირადღირებულ ნივთებს, მაგრამ წამოიღო მხოლოდ სამი ქილა. მის ქმედებას, მცირე მნიშვნელობის გამო, არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რაც აუცილებელს გახდიდა ო. ლევჩენკოს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა, ასევე მხარეთა მოტივები და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საბრალდებო დასკვნის შესაბამისად, ო. ლ-ოს ბრალი ედებოდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულში. რაიონული სასამართლოს 2005წ. 7 მარტის განაჩენით ო. ლ-კო ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „გ» ქვეპუნქტით. სააპელაციო პალატის 2005წ. 31 მაისის განაჩენით რაიონული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გაუქმდა და ო. ლ-კო გამართლდა სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში არაფერია ნათქვამი ამავე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში განაჩენი გაუქმდა თუ დარჩა ძალაში, რაც საფუძვლიანი ეჭვის ქვეშ აყენებს გამართლებულის სრულ უდანაშაულობას. საქართველოს სსსკ-ის 504-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამართლებელი განაჩენი არ უნდა შეიცავდეს გამართლებულის სახელის გამტეხ ფორმულირებებს, მათ შორის ისეთს, რომელიც საეჭვოს ხდის გამართლებულის უდანაშაულობას. საკასაციო პალატა თვლის, რომ სსსკ-ის 563-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არსებითად დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კანონი, რამაც გავლენა მოახდინა კანონიერი, საფუძვლიანი და სამართლიანი განაჩენის დადგენაზე, რის გამოც საპელაციო პალატის 2005წ. 31 მაისის განაჩენი ო. ლ-ოს მიმართ უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას, რომელმაც უნდა გაითვალისწინოს ზემოაღნიშნული და მიიღოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 31 მაისის განაჩენი ო. ლ-ოს მიმართ გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხვა შემადგენლობას.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.