განჩინება
¹ 343-აპ 11 ივლისი 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზ. მეიშვილი,
ლ. მურუსიძე
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ თ. ი-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 20 მაისის განაჩენზე, რომლითაც უცვლელად დარჩა კასპის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 13 დეკემბრის განაჩენი თ. ი-სა და ნ. მ-ის მიმართ. აღნიშნული განაჩენით თ. ი-ვი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ” და “დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში.
ამავე საქმეზე მსჯავრდებულია, აგრეთვე, ნ. მ-ლი, რომელიც განაჩენს საკასაციო წესით არ ასაჩივრებს.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თ. ი-ვი, კასპის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 13 დეკემბრის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის პირველი ნაწილისა და ამავე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ”, “დ” ქვეპუნქტების საფუძველზე და მას სასჯელად დაენიშნა ჯარიმა _ 360 დღიური მინიმალური ანაზღაურების ოდენობით, რაც შეადგენს 720 ლარს, ამასთან, დაზარალებული ორგანიზაციის _ შპს “---ეს” სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, თ. ი-ვს სამოქალაქო მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1242 ლარის, ხოლო ნ. მეტრეველთან ერთად სოლიდარულად _ 680 ლარის გადახდა.
თ. ი-ვს ბრალი დაედო იმაში, რომ მან, იყო რა თანამდებობის პირი, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, მისაკუთრების მიზნით, მიითვისა მისთვის მინდობილი და მის გამგებლობაში არსებული სხვისი ქონება. მანვე არაერთგზის, პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, მისაკუთრების მიზნით, მიითვისა და გაფლანგა სხვისი ქონება, რაც მას მინდობილი ჰქონდა და იმყოფებოდა მის გამგებლობაში, რაც გამოიხატა შემდეგში:
1995 წლის 1 მარტს --- სახელმწიფო --- მეურნეობასა და --- რაიონის --- მეურნეობას შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე თ. ი-მა მის სახელზე გაცემული ¹-- მინდობილობით იმავე წლის -- ივნისს განძის სახ. მეურნეობიდან გაცვლის წესით, 16153 კგ. შვრიის სანაცვლოდ, მეურნეობაში შემოიყვანა ცოცხალი წონით 2000 კგ. 810 ლარის ღირებულების შვიდი სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, რაც ბუღალტრულად გაფორმდა შემოსავალში და 1995 წლის ივნისში უნომრო შემოსავლის ფაქტურით შესანახად ჩაჰბარდა თვითონ თ. ი-ვს.
აღნიშნული პირუტყვი მინდობილი ჰყავდა და იმყოფებოდა თ. ი-ვს გამგებლობაში. მან წინა თარიღით შეადგინა ყალბი ხელშეკრულებები, ერთი მხრივ, სანერგე მეურნეობასა და თავის მეუღლეს _ ც. ბ-ლს შორის, დათარიღებული 1994 წლის 20 დეკემბრით, ხოლო, მეორე მხრივ, სანერგე მეურნეობასა და მცხეთის რაიონის სოფ. ---ში მცხოვრებ ა. ს-ლს შორის, დათარიღებული 1995 წლის 10 აპრილით. ხელშეკრულებების თანახმად, ც. ბ-ლი და ა. ს-ლი კისრულობდნენ ვალდებულებას, რომ მეურნეობისათვის ჩაებარებინათ 200 და 150 კგ. საქონლის ხორცი, რომლის სანაცვლოდ მეურნეობა ვალდებულებას იღებდა მათთვის გადაეხადა ხორცის საბაზრო ღირებულება ან დაებრუნებინა ხორცი ნატურით.
თ. ი-მა ისარგებლა რა მეურნეობის დირექტორ ნ. ბ-ის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის არაჯეროვანი შესრულებით, მას ხელშეკრულებებზე ხელი მოაწერინა ც. ბ-სა და ა. ს-ის დაუსწრებლად, ხოლო ამ უკანასკნელთა სახელით ხელშეკრულებებზე თვითონ მოაწერა ხელი. შემდეგ, თითქოსდა აღნიშნულ ხელშეკრულებებში გათვალისწინებული პირობების შესრულების მიზნით, თ. ი-მა ისარგებლა მათი ბუღალტრის ვ. მ-ის დაუდევრობით, ე.ი. სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულებით, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო. ამ პერიოდში დუშეთის რაიონის სოფ. ---ის კოლმეურნეობას --- მეურნეობისათვის მისი საძოვრების დაქირავებისათვის ჩაბარებული ჰქონდა ერთ შემთხვევაში 168 კგ. ხორცი, ხოლო მეორე შემთხვევაში _ 103 კგ. ძროხისა და 30 კგ. ცხვრის ხორცი, რაზედაც გამოწერილია 1994 წლის დეკემბრის თვითა და 1995 წლის -- აპრილით დათარიღებული ¹-- და ¹-- შემოსავლის ფაქტურები. თ. ი-მა ვ. მ-ლს აღნიშნულ ფაქტურებში ხორცის ჩამბარებლად ნაჩვენები ---ის კოლმეურნეობა გადააშლევინა და იმავე რაოდენობის ხორცის ჩამბარებლად პირველ ფაქტურაში ჩააწერინა თავისი მეუღლე ც. ბ-ლი, ხოლო მეორე ფაქტურაში _ ა. ს-ლი. ამის შემდეგ თ. ი-მა, ბ-ლი და ს-ლი ფაქტობრივად გახადა რა --- მეურნეობის კრედიტორები, მათ სახელზე შეადგინა 1995 წლის -- ივნისით დათარიღებული ¹-- და ¹-- ზედდებულები, ბ-საგან მიღებული 168 კგ. ხორცის ნაცვლად მასზე 320,00 ლარის ღირებულების, ცოცხალი წონით 400 კგ. ხორცის გაცემის, ხოლო ს-სათვის 103 კგ. ხორცის სანაცვლოდ 212,80 ლარის ღირებულების, ცოცხალი წონით 245 კგ. ხორცის გაცემის შესახებ. აღნიშნული თანხა თ. ი-მა მიითვისა.
1995 წლის 27 ივნისს --- სამსახურის --- სამთავრობო რეზიდენციამ მძღოლ ო.მ-ის სახელზე გასცა ¹-- მინდობილობა --- მეურნეობიდან 150 კგ. ხორცის მისაღებად. თ. ი-მა, ისარგებლა რა მათი ბუღალტრის _ ვ. მ-ის დაუდევრობით, იმავე დღეს მას შეადგენინა ¹-- გასავლის ფაქტურა --- სამთავრობო რეზიდენციაზე 128 კგ. საქონლის ხორცის გაცემაზე და ფაქტურაზე მოაწერინა ხელი, სინამდვილეში ხორცი მას არ გაუცია და არც მის მიღებაზე ხელს არავინ აწერს. აღნიშნული 259,42 ლარის 128 კგ. ხორცი მიითვისა პირადად თ. ი-მა. სულ სამივე შემთხვევაში თ. ი-მა მიითვისა მასზე მინდობილი და მის გამგებლობაში არსებული 892,22 ლარის ღირებულების _ მცხეთის სახ. --- მეურნეობის ქონება.
1995 წელს დადებული ხელშეკრულების თანახმად, იმავე წლის შემოდგომაზე --- მეურნეობამ --- მეურნეობის ღვინის ქარხანას გადასამუშავებლად ჩააბარა 3625 კგ. ყურძენი, რომლის გადამუშავების შემდეგ ქარხნის შემოსავალში აღრიცხულ იქნა --- მეურნეობის კუთვნილი 810 ლიტრი ღვინომასალა, საიდანაც 1996 წლის 29 თებერვალს გამოწერილი ¹-- მინდობილობით სანერგე მეურნეობის ბ-მა ა. ბ-მა ქარხნიდან მიიღო 150 ლიტრი ღვინომასალა, რომელიც აღრიცხულ იქნა სანერგე მეურნეობის შემოსავალში. ნაშთად დარჩენილი 660 ლიტრი ღვინომასალიდან 1996 წლის 27 ივნისს თ. ი-ის სახელზე გამოწერილი ¹-- მინდობილობით ი-მა და --- მეურნეობის ---ის მოვალეობის შემსრულებელმა ნ. მ-მა ღვინის ქარხნიდან მიიღეს 680 ლარის ღირებულების 850 ლიტრი ღვინომასალა, რაც აღნიშნულმა პირებმა, წინასწარი შეთანხმებით, არ შეიტანეს და არ აღრიცხეს მეურნეობის შემოსავალში. აღნიშნული ღვინომასალა მათ მიიტანეს თ. ი-ის საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც ორივემ, წინასწარი შეთანხმებით, ღვინომასალის ნაწილი გახარჯეს პირადი საჭიროებისათვის, ნაწილი გაასხვისეს და გაფლანგეს, ნაწილს კი გაუკეთეს რეალიზაცია შპს “---ის” სასაუზმეში, რომლის ერთ-ერთი მესაკუთრე ნ. მ-ლი იყო, რის შედეგადაც --- მეურნეობას მიაყენეს 680 ლარის ღირებულების მატერიალური ზიანი.
1996 წლის ზაფხულში, მოსავლის აღების დროს, თ. ი-მა --- მეურნეობის კუთვნილი “ტ-54” მარკის ტრაქტორის ძრავა, რაიმე ხელშეკრულების გაუფორმებლად, 200 კგ. ხორბლის სანაცვლოდ, ათხოვა კასპის რაიონის --- მეურნეობის --- ც. დ-ლს, რაც დამონტაჟებულ იქნა აღნიშნული მეურნეობის კუთვნილ “გაზ-52” ავტომანქანაზე. მოსავლის აღების შემდეგ, 1996 წლის შემოდგომაზე, თ. ი-მა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, აღნიშნული ძრავა (350 ლარის ღირებულების) 300 კგ. ხორბალში გაუცვალა კასპის რაიონის სოფ. ---ში მცხოვრებ მ. ო-ლს, რითაც --- მეურნეობას მიაყენა 350 ლარის ღირებულების მატერიალური ზიანი.
აღნიშნული განაჩენი მსჯავრდებულმა თ. ი-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საოლქო სასამართლოში. საჩივრით იგი ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას იმ მოტივით, რომ მას არ ჩაუდენია მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედებები.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 20 მაისის განაჩენით მსჯავრდებულ თ. ი-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო კასპის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 13 დეკემბრის განაჩენი მის მიმართ დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა თ. ი-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. თ. ი-ვი თავისი საკასაციო საჩივრით ითხოვს, რომ გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 20 მაისის განაჩენი და იგი გამართლდეს მის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე იმ მოტივით, რომ მას არ ჩაუდენია დანაშაულებრივი ქმედება.
პალატის სხდომაზე განხილვისას მსჯავრდებულ თ. ი-ის დამცველმა, ადვოკატმა მ. ყ-მა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს. მან აღნიშნა, რომ თ. ი-ის მიმართ წარდგენილი ბრალდებები უსაფუძვლოა და არ არის დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით, ხოლო სასამართლოს დასკვნა მისი ბრალეულობის თაობაზე მხოლოდ ვარაუდს წარმოადგენს. მან ასევე აღნიშნა საკასაციო საჩივარში მითითებულ საპროცესო დარღვევების თაობაზე, რომლებმაც, მისი აზრით, გავლენა იქონიეს საქმის საბოლოო შედეგზე მსჯავრდებულის კანონიერი ინტერესების საზიანოდ. საბოლოოდ ადვოკატმა მ. ყ-მა პალატის წინაშე იშუამდგომლა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე.
პროცესში მონაწილე პროკურორმა რ. ჩ-მა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს, მან ყურადღება გაამახვილა საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე, რომელთა საფუძველზე მიიჩნია, რომ განაჩენით უტყუარად არის დადასტურებული თ. ი-ის მიერ იმ დანაშაულის ჩადენა, რისთვისაც მას პასუხისმგებლობა დაეკისრა, ხოლო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია. პროკურორმა საბოლოოდ იშუამდგომლა იმის თაობაზე, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 20 მაისის განაჩენი მსჯავრდებულ თ. ი-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები თ. ი-ის მსჯავრდების თაობაზე, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თ. ი-ის ბრალდების საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არის დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც მას საბოლოოდ ბრალად შეერაცხა პირველი ინსტანციის სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს განაჩენებით. აღნიშნული მტკიცებულებები მოპოვებულია წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო გამოძიების სტადიებზე, რომლებიც წარმოდგენილია არა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებების სახით, არამედ გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნებისა და დოკუმენტური მტკიცებულებების სახითაც (გასავლის ფაქტურები და სხვა). მსჯავრდებულ თ. ი-ის ბრალეულობა დადასტურებულია არამარტო მის მიერ ჩადენილი ქმედებების ნაწილში, არამედ ამ ქმედებებით გამოწვეული მართლსაწინააღმდეგო შედეგების, კერძოდ, დაზარალებული ორგანიზაციებისათვის მიყენებული ზიანის ნაწილშიც.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ თ. ი-ის მიერ საკასაციო საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებებს იმის თაობაზე, რომ ბრალდება ძირითადად აგებულია დაინტერესებულ მოწმეთა ჩვენებებზე, წინასწარი გაომძიება და სასამართლო გამოძიება ჩატარდა ტენდენციურად, ხოლო საქმის წარმოებისას დაშვებულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარვევები. საქმეში ბრალდების მტკიცებულებების სახით არსებობს ისეთი მოწმეების ჩვენებებიც, რომლებიც არ შეიძლება დაინტერესებულნი ყოფილიყვნენ მის წინააღმდეგ, ასევე ისეთი ობიექტური მტკიცებულებები, როგორიცაა სასამართლო ექსპერტიზის დასკვნები და გასავლის ფაქტურები, რომლებითაც თ. ი-ვი იმხილება იმ დანაშაულის ჩადენაში, რომლისთვისაც მას დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. ამასთან ერთად, საკასაციო პალატა თვლის, რომ თ. ი-ის მიმართ საქმის წარმოებისას არ ყოფილა დაშვებული ისეთი საპროცესო დარღვევები, რომელთაც შეეძლოთ გავლენა მოეხდინათ საქმის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია ასევე, რომ სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ თ. ი-სათვის შეფარდებული სასჯელის ზომა არის სამართლიანი, ჩადენილი ქმედების ხასიათისა და მისი პიროვნების გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ სწორად იქნა, აგრეთვე, დაკმაყოფილებული დაზარალებული მხარის მოთხოვნა სამოქალაქო სარჩელის ნაწილში.
ამასთან ერთად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საბრალდებო დასკვნითა და სასამართლოს განაჩენით თ. ი-ვს ზედმეტად აქვს წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რადგან მას მოიცავს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ” და “დ” ქვეპუნქტები, რის გამოც ზედმეტად წარდგენილი ბრალდება მას უნდა ამოერიცხოს მსჯავრდებიდან, ხოლო სხვა ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატამ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი სარევიზიო წესით შეამოწმა ასევე მსჯავრდებულ ნ. მ-ის მიმართ, რომელსაც საკასაციო საჩივარი არ შეუტანია. მას ბრალად დაედო საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა, რისთვისაც მას სასჯელის ზომად შეეფარდა ჯარიმა 600 ლარის ოდენობით, მასვე სამოქალაქო საჩრელის დასაკმაყოფილებლად თ. ი-თან ერთად სოლიდარულად დაეკისრა 680 ლარის გადახდა. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ ნაწილში განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული. ამავე დროს ნ. მ-ლს საბრალდებო დასკვნითა და განაჩენით ბრალდება წარედგინა ასევე საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის პირველი ნაწილითაც, რომელსაც მოიცავს 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “დ” ქვეპუნქტები, რის გამოც აღნიშნული ბრალდება მას უნდა ამოერიცხოს მსჯავრდებიდან, ხოლო სხვა ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
საბოლოოდ საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 20 მაისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, მსჯავრდებულების თ. ი-სა და ნ. მ-ის სასიკეთოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 567-ე და 568-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ თ. ი-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 20 მაისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
მსჯავრდებულების _ თ. ი-სა და ნ. მ-ის მიმართ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილიდან ამოირიცხოს მითითება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების თაობაზე, რომელიც წარმოადგენს მათთვის ზედმეტად წარდგენილ ბრალდებას.
იგივე განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.