Facebook Twitter

#ბს-785-785(კ-18) 4 ოქტომბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 28 დეკემბერს ზ. ს-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, 2015 წლის 30 ნოემბრის #02/79 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით ზ. ს-ის სარჩელი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ს-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ზ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე მერის 2015 წლის 30 ნოემბრის #02/79 ბრძანება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ზედამხედველობის სამსახურის 2014 წლის 12 ნოემბრის #514 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე ზ. ს-ის 2015 წლის 20 ნოემბრის #31617/25 ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის ნაწილში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, ქ. ბათუმის მერიის მიერ სადავო აქტის მხარისათვის გაგზავნა განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი წესით, კერძოდ, იგი გაიგზავნა ფოსტის მეშვეობით 2014 წლის 17 ნოემბერს და მისი მიტანა კურიერის ვიზიტის საფუძველზე მოხდა ამავე წლის 18 ნოემბერს. საქმეში წარმოდგენილია საფოსტო გზავნილი, რომელზედაც ოჯახის წევრის (მ. ბ-ის) მხრიდან ხელწერის საფუძველზე დასტურდება საფოსტო გზავნილის მიღების ფაქტი. აღნიშნული მტკიცებულება დადასტურებულად მიუთითებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ქ. ბათუმის მერიის მხრიდან გაგზავნილი წერილობითი კორესპონდენციის ადრესატამდე მისვლა-გაცნობა განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი წესით (საგულისხმოა, რომ ჩაბარების ამ წესით სარგებლობს არა მხოლოდ ქ. ბათუმის მერია, არამედ თვით სასამართლო სისტემაც, რაც იმას გულისხმობს, რომ სასამართლო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ენდობა წარმოდგენილ საფოსტო გზავნილის დადასტურებებს და იგი ყოველი საქმის განხილვისას მის ნამდვილობას ეჭვის ქვეშ არ აყენებს). ის არგუმენტი, რომ ზ. ს-ეს #514 დადგენილება არ ჩაბარებია 2014 წლის 18 ნოემბერს, კასატორს სამართლებრივად დაუსაბუთებლად მიაჩნია.

კასატორის მითითებით, დადგენილია ის გარემოებაც, რომ #514 დადგენილება ზ. ს-ეს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის 22-ე ნაწილით დადგენილ ვადაში არ გაუსაჩივრებია ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში.

კასატორი ასევე არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას აქტის გასაჩივრების ვადის ათვლასა და მტკიცების ტვირთთან დაკავშირებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე მერის 2015 წლის 30 ნოემბრის #02/79 ბრძანება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ზედამხედველობის სამსახურის 2014 წლის 12 ნოემბრის #514 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე ზ. ს-ის 2015 წლის 20 ნოემბრის #31617/25 ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის ნაწილში.

დადგენილია, რომ 2014 წლის 15 აგვისტოს #181 მითითების პირობების შეუსრულებლობის მოტივით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2014 წლის 12 ნოემბრის #514 დადგენილებით პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ზ. ს-ე დაჯარიმდა 1000 ლარით; შეჩერდა სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარე მშენებლობა, ზედამხედველობის სამსახურის 2015 წლის 15 აგვისტოს #181 მითითებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის აღმოფხვრამდე. დადგენილებით ზ. ს-ეს განემარტა, რომ მისი გასაჩივრება შესაძლებელი იყო ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში - ქალაქ ბათუმის მერიაში, დადგენილების გაცნობიდან 15 დღის ვადაში.

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2014 წლის 12 ნოემბრის #514 დადგენილება ზ. ს-ეს გაეგზავნა მისამართზე ქ. ბათუმი, ... #2/4 და ჩაჰბარდა მ. ბ-ეს. უწყების მიხედვით, აღნიშნული პირი არის ზ. ს-ის ოჯახის წევრი - დეიდაშვილი. სააპელაციო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა მ. ბ-ემ კი განმარტა, რომ იგი არ არის ზ. ს-ის ოჯახის წევრი ან ნათესავი; როგორც ხელოსანი მუშაობდა რა ამ უკანასკნელის საცხოვრებელ სახლში, მართალია, კურიერისაგან ჩაიბარა გზავნილი, თუმცა ზ. ს-ისათვის არ გადაუცია. ამასთან, განმარტა, რომ უწყებაზე დაფიქსირებული ხელმოწერა მას არ ეკუთვნოდა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54.1 მუხლის თანახმად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს. 54.3 მუხლის მიხედვით, დაინტერესებული მხარისათვის ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის გაგზავნიდან არა უგვიანეს მე-7 დღისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაინტერესებულ მხარეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ მიუღია.

ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ უნდა იქნეს ერთი თვის ვადაში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან, ხოლო პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25.22 მუხლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაცნობიდან 15 დღის განმავლობაში, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2014 წლის 12 ნოემბრის №514 დადგენილება ზ. ს-ეს კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებია. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად კი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაგზავნასთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უზრუნველყოფილი ვერ იქნა.

ამასთანავე, 2015 წლის 23 მარტს #7743/25 საჩივრით ზ. ს-ე ითხოვდა ზედამხედველობის სამსახურის 2014 წლის 12 ნოემბრის #514 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებას და არა ბათილად ცნობას, შესაბამისად, ამ საჩივარზე მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არსებობა ვერ გახდება მისი მოთხოვნის უარყოფის საფუძველი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც არც 2015 წლის 8 ივლისის #25/13423 წერილის ზ. ს-ეზე ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება არსებობს. რის გამოც, არ არსებობდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის წინაპირობა.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად, საქმის მასალებით დადასტურდა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ისეთი სახის დარღვევის დაშვება, რომლის არარსებობა დავაზე სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას შექმნიდა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი