Facebook Twitter

#ბს-792-792(კ-18) 4 ოქტომბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 21 ივლისს შ. დ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის შ. დ-ის სასარგებლოდ 2013-2016 წლების გამოუყენებელი შვებულების, ჯამში 77 დღის, 4004 ლარის ოდენობით ნატურით ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით შ. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. დ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით შ. დ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შ. დ-ის სასარგებლოდ, 2016 წლის ანაზღაურებადი შვებულების გამოუყენებლობის კომპენსირების მიზნით, დაეკისრა 1951.6 ლარის გადახდა, კანონით განსაზღვრული გამოქვითვების გათვალისწინებით; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველ პუნქტზე და განმარტავს, რომ შვებულებით სარგებლობა წარმოადგენს მოხელის უფლებას ყოველწლიურად ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით. შვებულების მიღება მოქალაქის უფლებას წარმოადგენს და მისი გამოყენება დამოკიდებულია ამ უფლების რეალიზაციაზე. კასატორის განმარტებით, საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა, რომ მოსარჩელემ მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს შვებულების მოთხოვნით და, ამავდროულად, შესაბამისი მტკიცებულებით ვერ დასტურდება ისიც, რომ მას შვებულებით სარგებლობაზე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან უარი ეთქვა. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს გამოუყენებელი შვებულებისათვის კომპენსაციის გაცემას.

ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ 2013-2016 წლებში, შ. დ-ის მიერ შვებულების გამოუყენებლობის მიუხედავად, მას მიღებული აქვს თითოეული თვის შრომითი ანაზღაურება. შესაბამისად, კანონი არ უშვებს გამონაკლისს, შრომის ანაზღაურებასთან ერთად მოხელემ მიიღოს გამოუყენებელი შვებულებისათვის განკუთვნილი თანხა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის შ.დ-ის სასარგებლოდ, ანაზღაურებადი შვებულების გამოუყენებლობის კომპენსირების მიზნით, თანხის დაკისრება.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას სადავო პერიოდისათვის მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლზე, რომლის თანახმად, საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით; საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ის ურთიერთობა, რაც ამ კანონით არ წესრიგდება, რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით. ამასთან, საქართველოს შრომის კოდექსის 21-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“–„თ“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს აუნაზღაუროს გამოუყენებელი შვებულება შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან მოხდა სტრუქტურული რეორგანიზაციისა და შტატებით გათვალისწინებული თანამდებობების შემცირების მოტივით, რაც ექცევა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საფუძვლებში - სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.

საკასაციო სასამართლო, ასევე, ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას მასზედ, რომ გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მოთხოვნებისა, ასევე მნიშვნელოვანია ის დებულებები, რომელიც ასახულია „ყოველწლიური ფასიანი შვებულების შესახებ“ 1936 წლის 4 ივნისის კონვენციაში, რომლის მე-6 მუხლი ადგენს, რომ პირი, რომელიც გათავისუფლებულია საწარმოს მიზეზით, მაგრამ ვიდრე იგი გამოიყენებდა კუთვნილ შვებულებას, შვებულების ყოველი დღისათვის ამ კონვენციის შესაბამისად იღებს მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ჯილდოს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნულ რეგულაციებზე დაყრდნობით გაკეთებულ განმარტებას, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას დასაქმებულს აქვს უფლება მოითხოვოს იმ წლის გამოუყენებელი საშვებულებო კომპენსირება, რომელშიც მოხდა მისი სამსახურიდან დათხოვნა დამსაქმებლის ინიციატივით და რის შედეგადაც მას, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, წაერთვა იმ შვებულების გამოყენების შესაძლებლობა, რომელსაც ის სავარაუდოდ გამოიყენებდა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე, კერძოდ, 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებაზე (საქმე #ბს-427-424(კ-17)), რომელშიც საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული სამართლებრივი რეგულაცია სავსებით ესადაგება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ სივრცეში საჯარო შრომითი ურთიერთობების სწორ და კანონშესაბამის მოწესრიგებას, შრომითი უფლებების რეალიზაციის ხასიათის იდენტურობის გამო და ადასტურებს იმ წლის გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების შესაძლებლობას, რომელ წელსაც მოხდა მოხელის სამსახურიდან დათხოვნა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი