#ბს-800(კ-18) 4 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 9 ივლისს შპს „...“ და შპს „პ...“ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ.
მოსარჩელეებმა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 24 ივნისის #1940936 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ქ. თბილისში, … #26-ში, …, … (ნაკვეთი #...) არსებული მიწის ნაკვეთების (საკადასტრო კოდები: …, …, …) სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „…“ და შპს „პ…“ სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს „…“ და შპს „პ…“, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „…“ და შპს „პ…“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს „…“ და შპს „პ…“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 24 ივნისის #1940936 გადაწყვეტილება; მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს ქ. თბილისში, … #26-ში, …, … (ნაკვეთი #...) არსებული მიწის ნაკვეთების (საკადასტრო კოდები: ..., ..., ...) სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის თაობაზე, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, დადგენილ ვადაში ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს კანონმდებლობით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში შეუძლია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდგომ განსაზღვროს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარების მიზანშეწონილობის საკითხი არსებული განაშენიანების, მოქმედი ფუნქციური ზონის, ქალაქის ურბანული განვითარების ხედვის პოლიტიკისა და სხვა ფაქტობრივი გარემოებების მოქმედ კანონმდებლობასთან კომპლექსური ანალიზის საფუძველზე. არქიტექტურის სამსახურმა აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი მიწის ნაკვეთებზე სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
დადგენილია, რომ 2015 წლის 5 ივნისს სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს განცხადებით მიმართეს შპს „პ…“ და შპს „…“, ქალაქ თბილისში, … #26-ში, …, … (ნაკვეთი #...) არსებული მიწის ნაკვეთების (ს.კ. ..., ..., ...) მრავალფუნქციური სავაჭრო ობიექტის (გასართობი, სავაჭრო ობიექტების ერთობლიობა) განთავსების მიზნით, სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის მოთხოვნით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 24 ივნისის #1940936 გადაწყვეტილების კანონიერების დადგენა, რომლითაც ზემოაღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ მიზნით, რომ მოსახლეობისათვის ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი და სამოღვაწეო გარემოს შექმნა, ბუნებრივი რესურსებისა და ფასეულობების, მათ შორის, სარეკრეაციო რესურსების ეფექტიანი გამოყენება და დაცვა წარმოადგენს იმ საჯარო ინტერესს, რომელიც მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენს მიწის ნაკვეთის მესაკუთრის კერძო ინტერესის - განახორციელოს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ობიექტების) სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა - შეზღუდვის საფუძველს.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, დადგენილია, რომ შპს „პ…“ და შპს „…“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები მდებარეობს საზოგადოებრივ საქმიან ზონა #2-ში. აღნიშნული ზონა კი, ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის #4-13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ 19.19 მუხლის თანახმად, არის განაშენიანების მაღალი ინტენსივობის ზონა, მათ შორის, კარკასი, სადაც დომინირებულ სახეობას შეადგენს ობიექტები საზოგადოებრივი დანიშნულების ფუნქციებით.
საყურადღებოა ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე შპს „პ…“ და შპს „…“ მომიჯნავე ნაკვეთებზე სამშენებლო სამუშაოების არსებობაზე მეტყველებს სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 17 მარტის #1406152 ბრძანება, რომლითაც ქალაქ თბილისში ..., ... ქუჩისა და ავტოგასამართ სადგურ „გ…“ შორის შპს „ზ…“ და შპს „ჯ…“ თანასაკუთრების მიწის ნაკვეთზე (ს/კ …) შეთანხმდა სავაჭრო ობიექტის არქიტექტურული პროექტი და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 22 ოქტომბრის #2254754 ბრძანება, რომლითაც შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი - …, …, … ქუჩისა და ავტოგასამართ სადგურ „გ…“ შორის ქ. თბილისი, …, … და ა.გ.ს „გ…“ შორის, თანასაკუთრების მიწის ნაკვეთზე (ს/კ …) შპს „ზ…“ მიერ სავაჭრო დანიშნულების შენობა-ნაგებობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით, ქ. თბილისში, სექტორი - …, … მე-9 კმ (ნაკვეთი #1), ქ. თბილისი, …, … მე-9 კმ-ის მიმდებარედ მოქ. შ. ნ-ას კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთი - ...) კორექტირებული დოკუმენტაციის საფუძველზე დადასტურდა 1-ლი კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა.
სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდის (www.tas.ge) ინტერაქტიულ რუკაზე დადგენილ შპს „პ...“ და შპს „...“ კუთვნილი საპროექტო მიწის ნაკვეთების გამწვანების სპეციალურ ზონაში მოქცევის ფაქტთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ მართალია, შპს „პ...“ და შპს „...“ საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები მოქცეულია ე.წ გამწვანების სპეციალურ ზონაში, თუმცა ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დოკუმენტურად ვერ დასტურდება ე.წ. „დიღმის ტყე-პარკის“ არსებობა. ამასთან, შპს „პ...“ და შპს „...“ მიერ სხვადასხვა უწყებებიდან გამოთხოვილი ინფორმაციით საქმეზე ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად არ დასტურდება დიღმის ტყე-პარკის არსებობა, მისი სტატუსი და საზღვრები. კერძოდ, გარემოს დაცვის სამინისტროს 2017 წლის 9 ივნისის #5106 წერილში აღნიშნულია, რომ ..., ... ქუჩებს შორის მოქცეული ტერიტორია არ არის იდენტიფიცირებული, როგორც ტყე და მას არ გააჩნია ტყის სტატუსი, ხოლო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს 2017 წლის 6 ივნისის #03/10657 წერილით ირკვევა, რომ თბილისში, ..., ... ქუჩებს შორის მოქცეული ტერიტორია „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს #299 დადგენილებით არ მდებარეობს სახელმწიფო ტყის ფონდში.
ამდენად, იმ პირობებში, როდესაც შპს „პ...“ და შპს „...“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენაზე განაცხადი წარდგენილია კანონით დადგენილი წესის დაცვით, მიწის ნაკვეთის ფართობი აკმაყოფილებს არსებული ფუნქციური ზონის მოთხოვნებს და მდებარეობს ისეთ ზონაში, სადაც დასაშვებია მშენებლობა, ამასთან, მოთხოვნილია მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა შენობის იმ სახეობისათვის, რომელიც დასაშვებია კონკრეტულ ფუნქციურ ზონაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენაზე არქიტექტურის სამსახურის უარი ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილებით დამტკიცებული „მშენებლობის ნებართვის გაცემის და სანებართვო პირობების წესისა“ და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს საკასაციო საჩივარზე 14.06.2018წ. #01250 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს (ს/კ 205270053) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს (ს/კ 205270053) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 14.06.2018წ. #01250 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი