#ბს-807(კ-18) 4 ოქტომბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 6 სექტემბერს ო. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ.
მოსარჩელემ მის სასარგებლოდ საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის ზიანის, 3362.66 აშშ დოლარის ეროვნულ ვალუტაში ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ო. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობას ო. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 3732 (სამი ათას შვიდას ოცდათორმეტი) ლარისა და 57 (ორმოცდაჩვიდმეტი) თეთრის გადახდა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 თებერვლის განჩინებით საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, საჩხერის რაიონული სასამართლო და ქუთაისის სააპელაციო სასამართლო სამართლებრივ დასაბუთებაში დაეყრდნო „საქართველოს რესპუბლიკაში მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციის პირველი რიგის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის #352 დადგენილებას, რომელსაც იურიდიული ძალა არ გააჩნია.
კასატორი აღნიშნავს, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიამ 2018 წლის 4 მაისის წერილით მიმართა სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს და მოითხოვა ინფორმაცია, არის თუ არა რეგისტრირებული საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991 წლის 3 მაისის #352 დადგენილება ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში. როგორც საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს 2018 წლის 14 მაისის წერილით ირკვევა, აღნიშნული ნორმატიული აქტი არ არის რეგისტრირებული ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში.
კასატორი მიუთითებს „საქართველოს რესპუბლიკაში მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციის პირველი რიგის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 1991 წლის 3 მაისის #352 დადგენილების მე-13 და მე-15 მუხლებზე და განმარტავს, რომ 1991 წლის მიწისძვრის შედეგად საჩხერის რაიონში დაზარალდა ასობით ოჯახი, შესაბამისად, მიწისძვრის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას რაიონი ბიუჯეტის სიმცირის გამო ვერ უზრუნველყოფდა. სწორედ ამიტომ დაევალა ფინანსთა სამინისტროს, წარედგინა წინადადება მთავრობისათვის საჭირო სახსრების წყაროების მოძიების შესახებ.
კასატორი აღნიშნავს, რომ პრეფექტურის ძირითად მოვალეობას, ამ შემთხვევაში, წარმოადგენდა მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სახელობითი სიის შედგენა, რასაც ასევე ადასტურებს საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივნისის #264 განკარგულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ო. მ-ის სასარგებლოდ საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ო. მ-ს 1991 წლის მიწისძვრის შედეგად მთლიანად დაენგრა საცხოვრებელი სახლი, გაუნადგურდა ავეჯი და საყოფაცხოვრებო ნივთები. საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 24 ოქტომბრის #01-28/1068 ცნობით და 2015 წლის 27 იანვრის #50 ცნობით დასტურდება, რომ მისი ოჯახის 2 საცხოვრებელი სახლი არის მიწისძვრის შედეგად დანგრეული, საცხოვრებლად უვარგისი, მინიჭებული აქვს პირველი კატეგორია. 1991 წლის 21 ივნისის „საქაგრომრეწვმშენსახპროექტის“ დასკვნით დადგენილია შენობის ნგრევის ხარისხი.
მოპასუხე მხარის წარმომადგენელი ადასტურებს, რომ დღემდე ო. მ-ს 1991 წლის მიწისძვრის ფაქტთან დაკავშირებით რაიმე დახმარება არ მიუღია. საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ... გამგებლის წარმომადგენლის წერილობითი დოკუმენტით, რომელიც გაცემულია 2015 წლის 2 მარტს, დადგენილია, რომ მოსარჩელეს ეკონომიურად უჭირს. ო. მ-ს არ გააჩნია თავშესაფარი, სადაც იცხოვრებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას მასზედ, რომ „საქართველოს რესპუბლიკაში მიწისძვრის შედეგად ლიკვიდაციის პირველივე რიგის გადაუდებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991 წლის 3 მაისის #352 დადგენილების პირველი პუნქტის შესაბამისად: „მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რაიონების პრეფექტურებმა დაუყოვნებლივ შეადგინოს მოსახლეობისათვის სიცოცხლის აუცილებელი პირობების უზრუნველყოფის პირველი რიგის სამუშაოთა ნუსხა და მათ ხელთ არსებული ფულადი და მატერიალური რესურსების ფარგლებში შეუდგნენ აღდგენის სამუშაოებს“, ამავე დადგენილების მე-14 პუნქტით კი დადგენილია, რომ „ოჯახებს, რომელთაც დაენგრათ საცხოვრებელი სახლი და სხვა ნაგებობები, გაუნადგურდათ ავეჯი და სხვა ქონება მიწისძვრის შედეგად უნდა მიეცეთ ერთ ოჯახზე 4000 (ოთხი ათასი მანეთი) და ოჯახის ყველა წევრზე დამატებით 500 მანეთი“.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ „საქართველოს რესპუბლიკაში მიწისძვრის შედეგად ლიკვიდაციის პირველივე რიგის გადაუდებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 1991 წლის 3 მაისის #352 დადგენილებით განისაზღვრა დაზარალებულთა დახმარების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები. მითითებული დადგენილება დაზარალებულის მონაწილეობას დაზაინებული შენობის აღდგენაში არ ითვალისწინებს. #352 დადგენილება პრეფექტურებს (მაშინდელი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო) აკისრებდა გარკვეულ ვალდებულებებს. საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2015 წლის 2 თებერვლის #4 დადგენილებით შემოიტანა საკითხის განსხვავებული მოწესრიგება, რომლითაც დაამძიმა დაზარალებულის სამართლებრივი თუ სოციალური მდგომარეობა. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ იმ პირობებში, როდესაც სადავო პერიოდში მიღებული #352 (03.05.1991წ.) დადგენილება ბათილად ცნობილი ან ძალადაკარგული არ არის, დაუშვებელია შემდგომში მიღებული აქტით, რომელიც ამძიმებს მოსარჩელის მდომარეობას, მოწესრიგდეს სადავო საკითხი. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას მართებულად გამოიყენა 1991 წლის 3 მაისის დადგენილება.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს გადაწყვეტილებას ასანაზღაურებელი თანხის გაანგარიშების ნაწილში, კერძოდ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გაცემული ცნობით დადგენილია, რომ 1991 წლის მაისის მდგომარეობით 4000 მანეთი 2017 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით შეადგენს 2488,38 (ორი ათას ოთხას ოთხმოცდარვა ლარი და 38 თეთრი) ლარს. ო. მ-ს იმ დროისათვის ეკუთვნოდა 6000 (ექვსი ათასი) მანეთის ანაზღაურება. ამდენად, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991 წლის 3 მაისის დადგენილების მე-14 პუნქტიდან გამომდინარე, საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მოსარჩელე ო. მ-ს დღევანდელი მდგომარეობით უნდა აუნაზღაუროს 3732 (სამი ათას შვიდას ოცდათორმეტი) ლარი და 57 (ორმოცდაჩვიდმეტი) თეთრი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი