Facebook Twitter

#ბს-813(გ-18) 26 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

მოსარჩელე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოპასუხე - ზ. ზ-ი

დავის საგანი - სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 15 ივნისს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - ზ. ზ-ის მიმართ.

მოსარჩელემ მოპასუხისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ 3 000 ლარის დაკისრება მოითხოვა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ივნისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი მოპასუხის - ზ. ზ-ის მიმართ, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თელავის რაიონულ სასამართლოს.

სასამართლოს მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 თავით მოწესრიგებულია სარჩელის განსჯადობასთან დაკავშირებული საკითხები, თუ რომელმა სასამართლომ უნდა განიხილოს სასამართლოსადმი დაქვემდებარებული კონკრეტული საქმე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. არასასარჩელო წარმოების დროს განსჯადობა განისაზღვრება იმ პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია განცხადება (საჩივარი). ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.

სასამართლოს მითითებით, მოცემულ საქმეში მოპასუხე მხარეს წარმოადგენს ზ. ზ-ი, რომლის მისამართია: თელავის რაიონი, სოფელი ... .

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.

თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის განჩინებით მოცემული ადმინისტრაციული საქმე სასამართლოს ტერიტორიული განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.

სასამართლოს მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის განსჯად სასამართლოში წარდგენის ვალდებულებას. აღნიშნული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადგილი ექნება არაუფლებამოსილი სასამართლოს მიერ საქმის განხილვას, რაც კანონმდებლობის თანახმად, იწვევს საპროცესო ნორმების იმგვარ დარღვევას, რომელიც სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი ხდება.

სასამართლოს მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლით რეგლამენტირებულია საერთო განსჯადობის წესები. მოცემული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. არასასარჩელო წარმოების დროს განსჯადობა განისაზღვრება იმ პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია განცხადება (საჩივარი).

ამასთან, სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16-მე-191 მუხლებით რეგლამენტირებულია განსჯადობის სპეციალური წესები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი არეგულირებს განსაკუთრებული განსჯადობის წესს. აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელები სასამართლოს წარედგინება ხელშეკრულების შესრულების ადგილის ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო, გარდა ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის თანახმად, სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, ეკუთვნის მოსარჩელეს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ არ არის დადგენილი ერთმნიშვნელოვნად განსჯადი სასამართლო, მაშინ მხარეებს შეუძლიათ შეთანხმების გზით დაადგინონ სასამართლოს განსჯადობა. შეთანხმება ფორმდება წერილობით.

სასამართლომ განმარტა, რომ წარმოდგენილი სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების თანახმად, დავა წარმოშობილია და გამომდინარეობს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებიდან. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ზ. ზ-ს შორის 2016 წლის 14 მარტს დადებულია კონტრაქტი #1527/16 „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემული კონტრაქტი წარმოადგენს ხელშეკრულებას, რომლითაც განისაზღვრა მხარეებს შორის კონტრაქტის საგანი, ვადა, მხარეთა უფლებები და ვალდებულებები კონტრაქტის შესრულების პირობები, რაზედაც შეთანხმდნენ მხარეები.

სასამართლომ მიუთითა აღნიშნული კონტრაქტის მე-3 მუხლის 3.1. პუნქტზე, რომლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია იმსახუროს ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში.

სასამართლოს მითითებით, ამავე კონტრაქტის მე-7 მუხლში განსაზღვრულია მხარეთა პასუხისმგებლობის პირობები, რომლის 7.3. პუნქტის თანახმად, თუ სამხედრო მოსამსახურე ამ კონტრაქტის მოქმედების მეორე ეტაპის განმავლობაში, ხოლო მე-3 მუხლის 3.3. პუნქტით გათვალისწინებული სამხედრო მოსამსახურე მე-3 მუხლის 3.3. პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გასვლის პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში აუნაზღაუროს სამინისტროს ჯარიმის სახით სამი ათასი ლარი.

აღნიშნული კონტრაქტის მე-9 მუხლის 9.1.7. პუნქტის თანახმად, კონტრაქტი შეიძლება ვადამდე შეწყდეს პირადი განცხადებით (პატაკით). ამავე კონტრაქტის მე-8 მუხლის 8.4. პუნქტის თანახმად, სასამართლოში მიმართვის შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილიდან და სხვა დანაწესიდან გამომდინარე, მხარეები თანხმდებიან, რომ ამ კონტრაქტიდან გამომდინარე „სამხედრო მოსამსახურის“ წინააღმდეგ აღძრული დავების განხილვის განსაკუთრებული განსჯადობა სამინისტროს არჩევანის მიხედვით, გააჩნია იმ სასამართლოს, რომელიც იმყოფება: 8.4.1. სამხედრო მოსამსახურის ბოლო სამსახურის ადგილის (სამხედრო ნაწილის ადგილსამყოფლის) მიხედვით); 8.4.2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადგილსამყოფლის მიხედვით, როგორც ამ კონტრაქტის შესრულების ერთ-ერთი ადგილის მიხედვით; 8.4.3. სამხედრო მოსამსახურის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.

სასამართლომ განმარტა, რომ მხარეებს შორის კონტრაქტი გაფორმდა ქ. თბილისში, ხოლო კონტრაქტის, ანუ ხელშეკრულების შესრულების შესრულების ადგილს - სადაც ბოლოს მსახურობდა მოპასუხე, წარმოადგენს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის დისლოკაციის ადგილი. მოპასუხის წერილობითი პატაკით და შეტყობინების თანახმად, ირკვევა, რომ მოპასუხემ დაარღვია კონტრაქტის პირობები. მხარეთა შორის დავა წარმოშობილია სწორედ მოცემული კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო. კონტრაქტის შესრულების ადგილს და ბოლო სამსახურს კი წარმოადგენს ქ. მცხეთაში მდებარე სამხედრო ნაწილი. მოსარჩელემ კონტრაქტიდან გამომდინარე დავის განსახილველად, მხარეთა წერილობითი შეთანხმების თანახმად, აირჩია და მიმართა იმ სასამართლოს, რომელიც იმყოფება სამხედრო მოსამსახურის ბოლო სამსახურის ადგილის მიხედვით, სადაც უნდა შესრულებულიყო კონტრაქტი და სადაც იქნა დარღვეული საკონტრაქტო პირობები.

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ საქმის განხილვა უნდა მოხდეს არა მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, საერთო, ზოგადი განსჯადობის წესის მიხედვით, არამედ, განსჯადობის სპეციალური წესების საფუძველზე. შესაბამისად, თელავის რაიონული სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, განეხილა მოცემული სარჩელი. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული სარჩელი და ადმინისტრაციული საქმე ტერიტორიული განსჯადობის წესით განსახილველად ექვემდებარება მცხეთის რაიონულ სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა მცხეთის რაიონული სასამართლოსა და თელავის რაიონული სასამართლოს განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს მცხეთის რაიონულ სასამართლოს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის განსჯად სასამართლოში წარდგენის ვალდებულებას. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

მოცემულ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სარჩელი აღძრულია მოპასუხის - ზ. ზ-ის მიმართ, რომლითაც მოსარჩელე „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ 2016 წლის 14 მარტის კონტრაქტის საფუძველზე მოპასუხისათვის კონტრაქტის პირობების დარღვევის - კონტრაქტის ვადამდე პირადი განცხადებით (პატაკით) შეწყვეტისათვის გათვალისწინებული ჯარიმის - 3000 (სამი ათასი) ლარის დაკისრებას ითხოვს. კერძოდ, ზემოაღნიშნული კონტრაქტის მე-7 მუხლში განსაზღვრულია მხარეთა პასუხისმგებლობის პირობები, რომლის 7.3. პუნქტის თანახმად, თუ სამხედრო მოსამსახურე ამ კონტრაქტის მოქმედების მეორე ეტაპის განმავლობაში, ხოლო მე-3 მუხლის 3.3. პუნქტით გათვალისწინებული სამხედრო მოსამსახურე მე-3 მუხლის 3.3. პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გასვლის პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში აუნაზღაუროს სამინისტროს ჯარიმის სახით 3 000 (სამი ათასი) ლარი.

დადგენილია, რომ მოპასუხე ზ. ზ-ის საცხოვრებელ ადგილს თელავის რაიონი, სოფელი ... წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლით რეგლამენტირებულია საერთო განსჯადობის შესახებ წესები. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით.

ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16-191 მუხლებით დადგენილია განსჯადობის სპეციალური წესები, რომელიც ამავე კოდექსის მე-15 მუხლით განსაზღვრულ საერთო განსჯადობასთან მიმართებით ექსკლუზიური (გამომრიცხველი) ხასიათისაა. განსჯადობის სპეციალური წესების ამგვარი ხასიათი გულისხმობს იმას, რომ განსჯადობის საერთო და სპეციალურ წესებს შორის კონკურენციის შემთხვევაში, ცალსახა უპირატესობა სწორედ სპეციალური წესების დამდგენ ნორმებს უნდა მიენიჭოს და ტერიტორიულად განსჯადი სასამართლო, განსჯადობის საერთო წესების გამორიცხვით, სწორედ აღნიშნული ნორმების საფუძველზე უნდა განისაზღვროს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ზ. ზ-ს შორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი დავა ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირობების დარღვევის, მისი ვადამდე შეწყვეტის საფუძველზე იქნა წარმოშობილი, რის გამოც, მოცემული სადავო სამართალურთიერთობა, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას უკავშირდება და მისგან გამომდინარეობს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი განსაზღვრავს განსაკუთრებულ განსჯადობას, რომლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელები სასამართლოს წარედგინება ხელშეკრულების შესრულების ადგილის ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო, გარდა ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ 2016 წლის 14 მარტის კონტრაქტის შესრულება მოპასუხის მიერ სამხედრო საქმიანობის განხორციელებას უკავშირდებოდა. ამასთან, კონტრაქტის შეწყვეტის მომენტისათვის მოპასუხე ზ. ზ-ის სამხედრო სამსახურის, ანუ ხელშეკრულების შესრულების ბოლო ადგილს ქალაქ მცხეთაში მდებარე სამხედრო ნაწილი წარმოადგენდა.

საკასაციო სასამართლო თელავის რაიონული სასამართლოს მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლზე მითითებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ხსენებული მუხლი განსჯადი სასამართლოს მოსარჩელის მიერ არჩევის შესაძლებლობას იძლევა. კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, ეკუთვნის მოსარჩელეს.

საკასაციო სასამართლო ზემოხსენებულ მუხლთან მიმართებით განმარტავს, რომ მოსარჩელე სასამართლოს არჩევის უფლებით აღიჭურვება იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით კონკრეტული სადავო სამართალურთიერთობის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოდ რამდენიმე სასამართლო განისაზღვრება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს არჩევის უფლება მოსარჩელეს იმ ვითარებაში წარმოეშობა, როდესაც საერთო (ზოგადი) ან სპეციალური განსჯადობის წესების ურთიერთშეპირისპირების შედეგად ერთი და იმავე საფუძვლით ან ერთგვაროვნად, თანაბრად სპეციალური წესების საფუძველზე განსჯადად რამდენიმე სასამართლო დადგინდება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლით განსაზღვრული სასამართლოს არჩევის უფლება არ არსებობს განსჯადობის საერთო და სპეციალური წესების კონკურენციისას აღნიშნული წესებით განსაზღვრულ სასამართლოებს შორის, რადგანაც სპეციალური წესები ასეთ ვითარებაში ექსკლუზიურ ხასიათს იძენს და გამორიცხავს განსჯადობის საერთო წესებით განსჯადი სასამართლოს დადგენის შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ თელავის რაიონულმა სასამართლომ შედეგობრივად სწორად განსაზღვრა მოცემული დავის განხილვაზე უფლებამოსილი სასამართლო, დაუსაბუთებელია მისი მითითება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლზე, რადგანაც ამავე კოდექსის მე-15 მუხლით განსაზღვრულ საერთო განსჯადობის წესებსა და მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ სპეციალური განსჯადობის წესებს შორის კონკურენციის არსებობით გამოირიცხება მოსარჩელის მიერ სასამართლოს არჩევის მიმართ ნების გამოხატვის შესაძლებლობა. კერძოდ, განსაკუთრებული განსჯადობის გამოყენებული წესი მოცემულ სადავო ურთიერთობასთან მიმართებით იმპერატიულად, ყოველგვარი ალტერნატივის გარეშე განსაზღვრავს განსჯად სასამართლოს, რაც სამართლებრივად უსაფუძვლოს, დაუსაბუთებელს ხდის მოსარჩელის მიერ მე-15 მუხლის საფუძველზე სასამართლოსათვის მიმართვას და, შესაბამისად, გამორიცხავს ასეთ ვითარებაში სასამართლოს არჩევის უფლების არსებობას. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი განსაკუთრებული განსჯადობის, როგორც განსჯადობის სპეციალური წესის გამოყენების საფუძველზე განსჯად სასამართლოს ხელშეკრულების შესრულების ადგილის - ქალაქ მცხეთის გათვალისწინებით, მცხეთის რაიონული სასამართლო წარმოადგენს.

„რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს #1/150-2007 გადაწყვეტილების შესაბამისად, განისაზღვრა რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები, აღნიშნულ სასამართლოებსა და სასამართლო კოლეგიებში (პალატებში) მოსამართლეთა რაოდენობა. ამავე გადაწყვეტილების 30.2 მუხლის თანახმად, მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება თვითმმართველი ქალაქის - მცხეთის, ახალგორის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ხელშეკრულების შესრულების ადგილის მიხედვით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, არსებითი განხილვისათვის უნდა დაექვემდებაროს მცხეთის რაიონულ სასამართლოს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ დავაში განსჯადი სასამართლოს დადგენა არა მხარეთა წერილობითი თუ სხვაგვარი შეთანხმებით, არამედ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული წესების გამოყენებით ხორციელდება. საკასაციო სასამართლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი განსჯადობის სპეციალური ნორმაა, რომელიც ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლი კერძო-სამართლებრივი ბუნებისაა, რომელიც დამყარებულია მხარეთა თავისუფალ ნებაზე, შეთანხმების გზით დაადგინონ განსჯადი სასამართლო. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ არ არის დადგენილი ერთმნიშვნელოვანად განსჯადი სასამართლო, მაშინ მხარეებს შეუძლიათ შეთანხმების გზით დაადგინონ სასამართლოს განსჯადობა. შეთანხმება ფორმდება წერილობით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არაგანსჯადი სასამართლო შეიძლება განსჯადი გახდეს იმ შემთხვევაშიც, თუ მოპასუხე წინააღმდეგი არ არის, რომ საქმე განიხილოს არაგანსჯადმა სასამართლომ და თანახმაა მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, ამასთან, თუ მოპასუხე წარმოდგენილი იქნება ადვოკატით და მიეცემა განმარტება სასამართლოს არაგანსჯადობისა და მისი შედეგების, აგრეთვე იმის შესახებ, რომ მას უფლება აქვს წამოაყენოს შესაგებელი არაგანსჯადობის წინააღმდეგ. სასამართლოს მიერ მოპასუხისთვის ასეთი განმარტების მიცემის შესახებ უნდა აღინიშნოს სასამართლოს ოქმში.

მითითებულ სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებათა გამოყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხოლოდ ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით კონკრეტული საკითხის განუსაზღვრელობის შემთხვევაშია შესაძლებელი. განსახილველ შემთხვევასთან მიმართებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილით იმპერატიულად არის დადგენილი საქმის განსჯად სასამართლოში წარდგენის აუცილებლობა, ხოლო რამდენადაც სადავო ადმინისტრაციული სამართალურთიერთობის განხილვაზე უფლებამოსილი სასამართლოს დადგენა საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული განსჯადობის წესების გამოყენებით ხორციელდება, განსჯადი სასამართლო მხარეთა ნების შესაბამისად, მათი ურთიერთშეთანხმებით განსაზღვრას ვერ დაექვემდებარება.

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებთან მიმართებით განსჯადი სასამართლოს განსაზღვრისას, ერთი მხრივ, მხედველობაში არ უნდა იქნეს მიღებული მხარეთა შეთანხმება სასამართლოს განსჯადობაზე და აღნიშნულის დადგენა ყოველთვის საპროცესო კანონმდებლობის საფუძველზე უნდა განხორციელდეს, ხოლო, მეორე მხრივ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოპასუხე თანახმაა საქმე განიხილოს არაგანსჯადმა სასამართლომ, ადმინისტრაციული სასამართლოსთვის ეს თანხმობა არ უნდა იყოს რელევანტური. ამდენად, შედეგობრივად განსჯადი სასამართლოს მართებულად განსაზღვრის მიუხედავად, დაუსაბუთებელი და სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია თელავის რაიონული სასამართლოს მხრიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლით განსაზღვრულ განსჯადობის შესახებ შეთანხმებაზე მითითება და აღნიშნული ნორმის ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაზე გავრცელება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს მცხეთის რაიონულ სასამართლოს;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი