№ბს-819(კ-18) 4 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. ფ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 2 მაისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 20 დეკემბერს ნ. ფ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და მესამე პირის - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელემ ნ. ფ-აზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გაცემული №... საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის ნაწილში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 26 სექტემბრის №116 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ფ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 26 სექტემბრის №116 საოქმო გადაწყვეტილება ნ. ფ-ას ნაწილში; მოპასუხეს - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ნ. ფ-ას მოთხოვნასთან დაკავშირებით კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ფ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ფ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 26 სექტემბრის №116 საოქმო გადაწყვეტილების არც ერთი საფუძველი არ წარმოადგენს ბათილობის საფუძვლებს, რამდენადაც საკუთრების მოწმობის გაცემის მომენტისათვის არც ერთი მათგანი არ იყო აქტუალური და შეუძლებელი იყო საკუთრების გაცემის მომენტისათვის მათი გათვალისწინება. კერძოდ, კომისიის სადავო გადაწყვეტილების მიხედვით, ნ. ფ-ას საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი მდებარეობს მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარების პერსპექტიულ ზონაში, თუმცა აღსანიშნავია, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ტერმინი - „ურბანული განვითარების პერსპექტიული ზონა“ არ არის აღნიშნული და 2007 წლის მდგომარეობითაც ასეთი ზონა არ იყო განსაზღვრული.
კასატორის მითითებით, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბერის №525 ბრძანებულების და ასევე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან. „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლში განმარტებულია ტერმინი, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა ეს არის საქმიანობა, რომელიც არეგულირებს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების, მიწათ-სარგებლობის, განაშენიანებისა და კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, რეკრეაციის სივრცით-ტერიტორიული პირობების, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს; ამავე მუხლის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაა ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) და განაშენიანების ძირითად პარამეტრებს, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სივრცით-ტერიტორიულ პირობებს, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს. ამავე კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანხმად, კი რაიონის (მუნიციპალიტეტის) სივრცითი მოწყობის გეგმა განსაზღვრავს რაიონის სივრცით-ტერიტორიულ სტრუქტურას, მათ შორის: ა) სივრცის კატეგორიებს: ურბანიზებული ტერიტორია, სასოფლო ტერიტორია, ბუნებრივ-ლანდშაფტური ტერიტორია, სპეციალური ტერიტორიები; ამავე კანონის 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა განსაზღვრავს დასახლების ტერიტორიის გამოყენებას (მიწათსარგებლობას), გამომდინარე მიწათსარგებლობის ზონის ტიპიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების სტრატეგიისა და შესაძლო განვითარების გათვალისწინებით, მათ შორის: ა) სივრცის კატეგორიებს: ურბანიზებული ტერიტორია, სასოფლო ტერიტორია, ბუნებრივ-ლანდშაფტური ტერიტორია, სპეციალური ტერიტორიები.
სადავო გადაწყვეტილებაში ბათილობის საფუძვლად და ყოველივე ზემოაღნიშნულის არსებობის დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 14 იანვრის განკარგულება №2/1 ხელვაჩაურის ტერიტორიაზე ურბანული განვითარების პერსპექტიული ზონების შემოღების შესახებ, რომლის თანახმადაც განისაზღვრა ურბანული განვითარების პერსპექტიული ზონები, თუმცა კასატორის მითითებით, საყურადღებოა, რომ აღნიშნული განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა 2008 წლის 8 თებერვალს, რაც დასტურდება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 3/3 განკარგულებით.
შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნა, ვინაიდან საკუთრების უფლების აღიარების კომისიას რომ გამოეკვლია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, ამგავრ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა.
რაც შეეხება სადავო მიწის ნაკვეთის სასოფლო-სამეურნეო მიწის საკურორტო ინფრასტრუქტურის პერსპექტიული განვითარების ზონაში მოხვედრას, კასატორის მითითებით, აღნიშნული ასევე სრულიად დაუსაბუთებლად გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ, ვინაიდან საქართველოს კურორტებისა და საკურორტო ადგილების ნუსხის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 ივლისის №655 ბრძანებულებაში ხელვაჩაურის სოფელი, ..., როგორც საკურორტო ადგილი არ არის აღრიცხული და შესაბამისად, სოფელ ... სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე ვერ გავრცელდებოდა რაიმე სახის შეზღუდვა საკურორტო ინფრასტრუქტურის პერსპექტიული განვითარების ზონაში მოხვედრის გამო. ასევე, ძალზედ მნიშვნელოვანია, ის გარემოება, რომ სასამართლო საერთოდ გვერდს უვლის და არ აფასებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ კომისიას თავის დროზე, 2007 წლის 14 დეკემბრის №4 საოქმო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ უნდა ემსჯელა (რითაც თავის დროზე გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა ...), რაზეც არ უმსჯელია.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და ასევე გამოყენებულ კანონს არასწორი შეფასება მისცა, კერძოდ: „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში – საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. აღნიშნული კანონის მე–2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა ეს არის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა. თუ სწორად განვმარტავთ კანონს და ჩავწვდებით მის მიზანს, კანონის მიზანია, რომ კერძო საკუთრებაში არმყოფი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული და განუკარგავი მიწის ნაკვეთი, რომელიც პირს დაკავებული აქვს თვითნებურად (და კანონით დადგენილი ფორმებით დასტურდება აღნიშნული) გადასცეს პირს საკუთრებაში და ამგვარად ხელი შეუწყოს მიწის ფონდის ათვისებას. შესაბამისად, ნ. ფ-ას მიწის ნაკვეთი დაკავებული ჰქონდა იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის დადგენილი წესით, სხვა საწინააღმდეგო კომისიას არ მიუთითებია. კანონი შეიცავს ამომწურავ ჩამონათვალს თუ რომელი მიწის ნაკვეთები არ შეიძლება დაექვემდებაროს ამ კანონით დადგენილი წესით საკუთრებაში გადაცემას, კერძოდ, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწა: ა) პირუტყვის გადასარეკი ტრასა; ბ) წყლის სახელმწიფო ფონდის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომელთა საკუთრებაში გადაცემა და გამოყენება შესაძლებელია „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; გ) სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომლებიც დაკავებულია ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ, რომელთა საკუთრებაში გადაცემა შესაძლებელია სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს დასკვნის შესაბამისად და რომელთა სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვა ხელს არ შეუშლის სახელმწიფო ტყის ფონდის მართვისა და დაცვის განხორციელებას; დ) დაცული ტერიტორია, გარდა დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა; ე) რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყე-პარკი, სკვერი და სხვა ტერიტორია, გარდა საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მქონე ტერიტორიებისა; ვ) ისტორიის, კულტურის, ბუნებისა და საკულტო-რელიგიური ძეგლები; ზ) საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი (მოედანი, ქუჩა, გასასვლელი, გზა, ტროტუარი, სანაპირო), დასასვენებელი ადგილი (პარკი, ტყე-პარკი, სკვერი, ხეივანი დენდროლოგიური პარკი და ბოტანიკური ბაღი; თ) თუ მასზე განთავსებულია წყალსაცავი, ჰიდროტექნიკური ნაგებობა და ამ ობიექტების სანიტარიულ-დაცვითი ზონები; ი) თუ მასზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალმომარაგების, კანალიზაციის, კავშირგაბმულობისა და ელექტროგაყვანილობის) ობიექტები; კ) სპეციალური დანიშნულების (თავდაცვისა და მობილიზაციისათვის განკუთვნილი) მიწის ნაკვეთები; ლ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი, მათ შორის, ის მიწის ნაკვეთი, რომელზე განთავსებული სახელმწიფო ქონებაც „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ ექვემდებარება პრივატიზებას; მ) სასაფლაო და პანთეონი; ნ) სანიტარიული და დაცვითი ზონები; ო) თუ იგი განკუთვნილია ნავთობისა და გაზის მაგისტრალური მილსადენებისა და მათთან დაკავშირებული მიწისქვეშა და მიწისზედა საშუალებების მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის განმარტებით, ნ. ფ-ას მიწის ნაკვეთი აღიარების მომენტისათვის არ წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, იგი იყო თავისუფალი სახნავ-სათესი საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, რომელიც სანაპიროზე მდებარეობდა და არც სხვა სტატუსის მატარებელი იყო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ფ-ას საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ფ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალების შესაბამისად, 2007 წლის 13 დეკემბერს ნ. ფ-ამ განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, წარადგინა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ხელვაჩაურში, სოფელ ... მდებარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა, როგორც მიწის ნაკვეთის თვითნებურად დამკავებელი.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2007 წლის 14 დეკემბრის №4 საოქმო გადაწყვეტილებით აღიარებულ იქნა ნ. ფ-ას საკუთრების უფლება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელ .... მდებარე 1570 კვ.მ ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე; აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2007 წლის 14 დეკემბერს გაცემულ იქნა საკუთრების უფლების მოწმობა №... და ნ. ფ-ას საკუთრების უფლება რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრში (ს/კ ...).
საჯარო რეესტრის ამონაწერებით დასტურდება, რომ 2008 წლის 12 მარტის გაყოფის განცხადების საფუძველზე, ნ. ფ-ას საკუთრებაში არსებული 1570 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მდებარე ხელვაჩაური, სოფელი ..., დაიყო ორ მიწის ნაკვეთად, კერძოდ: ერთი მიწის ნაკვეთის ფართობმა შეადგინა - 1068 კვ.მ (ს/კ №...), ხოლო მეორე მიწის ნაკვეთის ფართობმა - 500 კვ.მ (ს/კ №...).
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ საკუთარი ინიციატივით დაწყებულ იქნა ადმინისტრაციული წარმოება, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გაცემული ზოგიერთი საკუთრების უფლების მოწმობებზე კანონიერების შესამოწმებლად, მათ შორის მოსარჩელე ნ. ფ-აზე 2007 წლის 14 დეკემბერს გაცემული №... საკუთრების უფლების მოწმობის კანონიერების შესწავლის მიზნით.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 26 სექტემბრის №116 საოქმო გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი ნ. ფ-აზე ხელვაჩაურის რაიონი, სოფელ ... მდებარე მიწის ნაკვეთზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა №... . სადავო გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა ის გარემოებები, რომ ნ. ფ-ასათვის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება არ შეესაბამებოდა საქართველოს კანონმდებლობას, კერძოდ, მიწის ნაკვეთი მდებარეობდა მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარების პერსპექტიულ ზონაში და ასევე, დასახელებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარება არ შეესაბამებოდა სივრცით-ტერიტორიული დადგეგმვის პირობებსა და მიწის განკარგვის სტრატეგიას. ამასთან, აღნიშნული ტერიტორია წარმოადგენდა საკურორტო ინფრასტრუქტურის პერსპექტიული განვითარების ზონას, სადაც უპირობოდ (საკონკურსო პირობების გარეშე) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის განკარგვა (საკუთრებაში გადაცემა) კომისიის მიერ უკანონოდ იქნა მიჩნეული.
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 ივლისის №655 ბრძანებულებით დამტკიცდა „საქართველოს კურორტებისა და საკურორტო ადგილების ნუსხა“, რომლითაც ხელვაჩაურში, ... (სადავო მიწის ნაკვეთი მითითებულ ტერიტორიაზე მდებარეობს) ტერიტორია მიეკუთვნება აჭარის სანაპირო საკურორტო რაიონს (1-1-ა), სავარაუდო სამედიცინო პროფილი - პროფილაქტიკური, კარდიოლოგიური.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწა: ა) პირუტყვის გადასარეკი ტრასა; ბ) წყლის ფონდი; გ) დაცული ტერიტორია; დ) რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყე-პარკი, სკვერი და სხვა; ე) ისტორიის, კულტურის, ბუნებისა და საკულტო-რელიგიური ძეგლები; ვ) საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი (მოედანი, ქუჩა, გასასვლელი, გზა, ტროტუარი, სანაპირო) და დასასვენებელი ადგილი (პარკი, ტყე-პარკი, სკვერი, ხეივანი, დაცული ტერიტორია); ზ) თუ მასზე განთავსებულია წყალსაცავი, ჰიდროტექნიკური ნაგებობა და ამ ობიექტების სანიტარიულ-დაცვითი ზონები; თ) თუ მასზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალმომარაგების, კანალიზაციის, კავშირგაბმულობისა და ელექტროგაყვანილობის) ობიექტები; ი) სპეციალური დანიშნულების (თავდაცვისა და მობილიზაციისათვის განკუთვნილი) მიწის ნაკვეთები; კ)სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი, მათ შორის, ის მიწის ნაკვეთი, რომელზე განთავსებული სახელმწიფო ქონება, „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, არ ექვემდებარება პრივატიზებას; ლ) სასაფლაო და პანთეონი; მ) სანიტარიული და დაცვითი ზონები; ნ) თუ იგი განკუთვნილია ნავთობისა და გაზის მაგისტრალური მილსადენებისა და მათთან დაკავშირებული მიწისქვეშა და მიწისზედა საშუალებების მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის. ანალოგიურ დათქმას ითვალისწინებს საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ ვინაიდან, მითითებული საკანონმდებლო აქტებით, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება სანაპირო ზოლზე მდებარე მიწის ნაკვეთები, შესაბამისად, უკანონოდ განხორციელდა ნ. ფ-ასათვის სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, რაც სწორად შეაფასა კომისიამ და დასაბუთებული აქტით ბათილად ცნო ნ. ფ-ას სახელზე გაცემული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის №... საკუთრების უფლების მოწმობა.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მართალია ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციულ წარმოებაში არ მოუწვევია ნ. ფ-ა, თუმცა მისი მონაწილეობა ვერ განაპირობებდა კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საპირისპირო გადაწყვეტილების მიღებას. აღნიშნული დარღვევა კი, სასამართლოს მოსაზრებით, გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის საფუძველი ვერ გახდება მისი მატერიალური კანონშესაბამისობის საფუძვლით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ნ. ფ-ას საკასაციო საჩივარზე 26.06.2018წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ნ. ფ-ას (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ფ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება;
3. ნ. ფ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 26.06.2018წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი