ბს-359-359(კს-18) 01 ნოემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ლ. კ-ა
მოწინააღმდეგე მხარეები - ვ. შ-ი
თავდაპირველი მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობა
მესამე პირები - ლ. დ-ი, ნ. კ-ე, ლ. ბ-ი, რ. მ-ა, ნ. ფ-ე, მ. ბ-ი და ე. მ-ე
დავის საგანი - განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.06.2017წ. განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
17.05.2013 წ. ლ. დ-ა, ნ. კ-ემ და ვ. შ-მა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების ლ. კ-ას და ისნის რაიონის გამგეობის მიმართ მოპასუხეთა შორის 07.11.2006წ. გაფორმებული პრივატიზაციის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 11.06.2013 წ. განჩინებით სარჩელი ლ. დ-ისა და ნ. კ-ის ნაწილში არ იქნა წარმოებაში მიღებული.
15.11.2013წ. სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელე ვ. შ-მა დააზუსტა მოპასუხეთა მხარე და მოპასუხედ დაასახელა მხოლოდ ისნის რაიონის გამგეობა. ამავე სხდომაზე სასკ-ის 16-2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ლ. კ-ა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.03.2014წ. გადაწყვეტილებით ვ. შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.11.2014 წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ლ.დ-ი, ნ. კ-ე, ლ. ბ-ი, რ. მ-ა, ნ. ფ-ე, მ. ბ-ი და ე. მ-ე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.01.2016წ. გადაწყვეტილებით ვ. შ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.03.2014 წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ისნის რაიონის გამგეობასა და ლ. კ-ას შორის 11.11.2006 წ. დადებული პრივატიზების ხელშეკრულება 16,98 კვ.მ სამზარეულოს ნაწილში. აღნიშნული გადაწყვეტილება ქ. თბილისის ისნის რაიონის გამგეობამ და ლ. კ-ამ საკასაციო წესით გაასაჩივრეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.07.2016 წ. განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობისა და ლ. კ-ას საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა ცნობილი, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.01.2016 წ. გადაწყვეტილება.
28.04.2017 წ. ვ. შ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა პალატის 22.01.2016წ. გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორება, კერძოდ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ისნის რაიონის გამგეობასა და ლ. კ-ას შორის დადებული პრივატიზების ხელშეკრულების თარიღში დაშვებული ტექნიკური ხარვეზის შესწორება, ხელშეკრულების თარიღად 07.11.2016წ. მითითება. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ სწორედ გადაწყვეტილებაში დაშვებული აღნიშნული უსწორობის გამო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უარს აცხადებს სააპელაციო პალატის 22.01.2016წ. გადაწყვეტილების აღსრულებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.06.2017 წ. განჩინებით ვ. შ-ის განცხადება დაკმაყოფილდა, გასწორდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 22.01.2016წ. გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტში ნაცვლად „ბათილად იქნეს ცნობილი ისნის რაიონის გამგეობასა და ლ. კ-ას შორის 11.11.2006წ. დადებული პრივატიზების ხელშეკრულება 16,98 კვ.მ. სამზარეულოს ნაწილში“, მიეთითა: „ბათილად იქნეს ცნობილი ისნის რაიონის გამგეობასა და ლ. კ-ას შორის 07.11.2006წ. დადებული პრივატიზების ხელშეკრულება 16,98 კვ.მ. სამზარეულოს ნაწილში“. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლ. კ-ამ.
კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს 22.01.2016 წ. გადაწყვეტილება მიღებულია უხეში დარღვევების შედეგად, საკასაციო საჩივრები კი დაუშვებლად იქნა ცნობილი. უსწორობის გასწორების შესახებ განჩინებაც სააპელაციო პალატის იმავე შემადგენლობამ გამოიტანა. გასაჩივრებული განჩინება გამოცემულ იქნა სასამართლო სხდომის ჩატარების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ლ. კ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.06.2017 წ. განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასკ-ის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის 260-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. აღნიშნული ნორმის თანახმად, დაშვებულია გადაწყვეტილების თუ განჩინების გამოტანის შემდეგ აღმოჩენილი იმგვარი მექანიკური თუ მექანიკური ხასიათის შეცდომის გასწორება ახალი განჩინების მიღების გზით, რომელიც არსებითად არ ცვლის გადაწყვეტილებას, მის აზრსა და შინაარსს. ამასთან, გასწორებას ექვემდებარება იმ სახის უზუსტობანი, რომლებიც აშკარად არ შეესაბამება საქმის მასალებს. დაუშვებელია იმ სახის შესწორებების შეტანა, რაც გამოიწვევს გამოტანილი გადაწყვეტილების არსებითად შეცვლას. სსკ-ის 260-ე მუხლი გულისხმობს გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური ხასიათის უსწორობის გასწორებას და ემსახურება სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სწორად აღსრულებას. ამდენად, გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორება ნიშნავს სასამართლოს მიერ დაშვებული მექანიკური შეცდომის გასწორებას და არა გადაწყვეტილებაში არსებითი სახის ცვლილების შეტანას (სსკ-ის 260-ე მუხ.). საქმის მასალებით დასტურდება, რომ ვ. შ-ის სასარჩელო მოთხოვნას შეადგენდა ლ. კ-ას და ისნის რაიონის გამგეობა შორის 07.11.2006წ. გაფორმებული პრივატიზაციის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა. საქმეში დაცული, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის საჯარო ინფორმაციის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ გაცემული პრივატიზების ხელშეკრულების ასლში (ტ. 1, ს.ფ.19) და თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის 11.06.2009წ. წერილში (ტ.1, ს.ფ. 15) პრივატიზაციის ხელშეკრულების თარიღად მითითებულია - 07.11.2006წ., ამდენად ერთმნიშვნელოვნად დასტურდება ისნის რაიონის გამგეობასა და ლ. კ-ას შორის დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულების თარიღი - 07.11.2006წ.. აღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო პალატამ 22.01.2016წ. გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა რა ვ. შ-ის სარჩელი, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით ნაწილობრივ ბათილად ცნო ისნის რაიონის გამგეობასა და ლ. კ-ას შორის 11.11.2006წ. დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულება. ამდენად, დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დაშვებულ იქნა ტექნიკური ხარვეზი, რაც სსსკ-ის 260-ე მუხლის საფუძველზე ქმნიდა გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკმარის საფუძველს.
ის გარემოება, რომ უსწორობის გასწორების შესახებ განჩინება მიღებულ იქნა მხარეთა დასწრების გარეშე, არ ქმნის აღნიშნული განჩინების გაუქმების საფუძველს, რადგან სსსკ-ის 260.1 მუხლის მიხედვით, მოსამართლე განსაზღვრავს ზეპირი მოსმენის მიზანშეწონილობის საკითხს. უკეთუ საკითხის სირთულის ან სხვა გარემოებების გამო, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მხარეთა მოსმენას, განცხადება განიხილება სასამართლო სხდომაზე, თუმცა აღნიშნული ნორმით არ იკრძალება უსწორობის გასწორების შესახებ განცხადების მხარეთა დასწრების გარეშე განხილვა. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან საქმის მასალებით ერთმნიშვნელოვნად დასტურდება სადავო ხელშეკრულების თარიღი და სააპელაციო პალატის მიერ 22.01.2016წ. გადაწყვეტილების მე-4 პუნქტში ხარვეზის დაშვება, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობდა სააპელაციო პალატის მიერ საკითხის ზეპირ სხდომაზე განხილვის საჭიროება. მით უფრო, რომ კერძო საჩივრის ავტორი ვერ ასაბუთებს ვ. შ-ის განცხადების განხილვისას მხარეთა მიწვევის აუცილებლობას.
უსწორობის გასწორების შესახებ განცხადების სააპელაციო პალატის იმავე მოსამართლეების მიერ განხილვა, რომელთაც არსებითად იმსჯელეს ვ. შ-ის სააპელაციო საჩივარზე, ასევე არ ქმნის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს, რადგან სსსკ-ის 29.2 მუხლის თანახმად, მოსამართლე, რომელიც მონაწილეობდა საქმის განხილვაში სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, ვერ მიიღებს მონაწილეობას ამ საქმის განხილვაში პირველი ინსტანციის ან/და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში, აღნიშნული ნორმა არ გამორიცხავს მოსამართლის მიერ იმავე ინსტანციის სასამართლოში მის მიერ განხილვულ საქმესთან დაკავშირებული განცხადებების გადაწყვეტის შესაძლებლობას.
რაც შეეხება ლ. კ-ას მითითებებს სააპელაციო პალატის 22.01.2016წ. გადაწყვეტილების უკანონობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 12.07.2016წ. განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული და ამდენად, შესულია კანონიერ ძალაში (სსსკ-ის 264.2 მუხ.), კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა დასაშვებია მხოლოდ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წინაპირობების არსებობისას, კონკრეტულად განსაზღვრული წესით (სსსკ-ის 265-ე მუხ.). ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს არ შეუძლიათ სადავო გახადონ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი (სსსკ-ის 266-ე მუხ.).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს ლ. კ-ას კერძო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. კ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.06.2017 წ. განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ.როინიშვილი