გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 398-აპ 19 აპრილი, 2006 წ.‚ ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),
დ. სულაქველიძე,
ზ. მეიშვილი
მონაწილეობით განიხილა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ. ბ-სა და დაზარალებულ ა. შ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 5 ივლისის განაჩენზე, რომლითაც მ. ა-ნი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „დ» ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.
აღწერილობითი ნაწილი:
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2005წ. 30 მარტის განაჩენით მ. ა-ნი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „დ» ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულში და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მასვე დაზარალებულ ა. შ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 10 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და 113 ლარის გადახდა. მ. ა-ნს სასჯელის მოხდა დაეწყო 2004წ. 17 ოქტომბრიდან.
განაჩენის მიხედვით, მ. ა-ნს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით, ჯგუფურად, დიდი ოდენობის ნივთის დაუფლების მიზნით, ასევე _ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, რაც გამოიხატა კონკრეტულად შემდეგში:
მ. ა-ნი დანაშაულებრივად დაუკავშირდა დაუდგენელ სამ პირს და განიზრახეს, ქ. თბილისში დაექირავებინათ სატვირთო ავტომანქანა და შემდგომ, მისი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ყაჩაღურად თავს დასხმოდნენ მძღოლს. ამისათვის მ. ა-ნი შეიარაღდა ცეცხლსასროლი იარაღით და 2004წ. 17 ოქტომბერს, დაახლოებით 10 საათზე მივიდა გლდანის ხიდთან არსებულ, ე.წ. «--- ბირჟაზე». იგი „კამაზის» მარკის ავტომანქანის მძღოლ ა. შ-ლს მოელაპარაკა გარდაბნის რაიონის სოფ. --- მიმდებარე ტერიტორიიდან სამშენებლო მასალის თბილისში გადმოზიდვის თაობაზე. მიიღო რა თანხმობა, მანქანაში ჩაუჯდა ა. შ-ლს და წაიყვანა სოფელ ---ში არსებულ ე.წ. «---ში», სადაც მას, შეთანხმებისამებრ, ელოდებოდა სამი თანამზრახველი. მათთან ერთად, იარაღის გამოყენებით, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით მძღოლი ა. შ-ლი გადაიყვანეს მანქანიდან, პლასტმასის ქამრით შეუკრეს ხელ-ფეხი, აუხვიეს თვალები, შეიყვანეს იქვე მდგარი შენობის ოთახში და იქ დატოვეს. ამის შემდეგ გაიტაცეს 10000 აშშ დოლარად ღირებული ავტომანქანა „კამაზი», 80 ლარად ღირებული „ერიქსონის» მარკის მობილური ტელეფონი და 140 ლარი, რითაც დაზარალებულს მიაყენეს 10000 აშშ დოლარისა და 220 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი. მ. ა-ნი იმავე დღეს დააკავეს, ხოლო დანარჩენმა სამმა დაუდგენელმა პირმა მოახერხა მიმალვა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. დ-ემ, მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მ. ა-ის გამართლება. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტმა შეცვალა მოთხოვნა, მსჯავრდებულმა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ და მოითხოვა სსსკ-ის 473-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით სასჯელის ზომის ერთი მესამედით შემცირება.
სააპელაციო პალატის 2005წ. 5 ივლისის განაჩენით საჩივარი დაკმაყოფილდა, მ. ა-ნს განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსსკ-ის 473-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით შეუმცირდა ერთი მესამედით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. რაიონული სასამართლოს განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
საკასაციო საჩივრით პროკურორი ზ. ბ-ძე ითხოვს მ. ა-ის მიმართ სააპელაციო პალატის განაჩენის გაუქმებასა და ხელახლა განსახილველად საქმის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის გადაცემას იმ მოტივით, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი აშკარად ლმობიერია, არ შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და მსჯავრდებულის პიროვნებას.
დაზარალებული ა. შ-ლი საკასაციო საჩივრით მოითხოვს მ. ა-ის მიმართ სააპელაციო პალატის განაჩენის გაუქმებასა და რაიონული სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვებას იმ მოტივით, რომ სააპელაციო პალატამ უკანონოდ შეკვეცა სასამართლო გამოძიება და მსჯავრდებულს შეუფარდა აშკარად ლმობიერი სასჯელი, რომელიც არ შეესაბამება მის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამასთან, მ. ა-ნს არ აუნაზღაურებია დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი.
საკასაციო პალატის სხდომაზე დაზარალებულმა ა. შ-მა დააზუსტა მისი საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და იშუამდგომლა მ. ა-ის მიმართ სააპელაციო პალატის განაჩენის გაუქმება და ხელახლა განსახილველად საქმის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება იმ მოტივით, რომ მიყენებული ზიანი არ აუნაზღაურდა და მ. ა-სათვის დანიშნული სასჯელი აშკარად ლმობიერია.
სახელმწიფო ბრალმდებელმა ნ. ნ-ემ მხარი დაუჭირა პროკურორ ზ. ბ-ის საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება იმ მოტივით, რომ მ. ა-სათვის დანიშნული სასჯელი მეტისმეტად ლმობიერია, არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სააპელაციო პალატამ უკანონოდ გამოიყენა საქართველოს სსსკ-ის 473-ე მუხლის მე-5 ნაწილი.
მსჯავრდებულ მ. ა-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ი-ამ საჩივრებს მხარი არ დაუჭირა და მოითხოვა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სააპელაციო პალატის განაჩენის უცვლელად დატოვება იმ მოტივით, რომ მ. ა-სათვის დანიშნული სასჯელი, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებათა გათვალისწინებით, არაა აშკარად ლმობიერი და უსამართლო.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა, ასევე მხარეთა მოტივები და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულმა მ. ა-მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო, რის საფუძველზეც მისმა ადვოკატმა იშუამდგომლა სასამართლო გამოძიების შეკვეცისა და მისი დაცვის ქვეშ მყოფისათვის სასჯელის ზომის ერთი მესამედით შემცირების შესახებ. სასამართლო გამოძიების შეკვეცის შესახებ შუამდგომლობას მხარი დაუჭირა პროკურორმა ზ. ბ-მაც.
საქართველოს 2005წ. 4 ივლისამდე მოქმედი სსსკ-ის 473-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო გამოძიების შეკვეცის შემთხვევაში სასამართლო განიხილავს სასჯელის ერთი მესამედით შემცირების შესაძლებლობას. სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა მ. ა-ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ ის, რომ დაავადებულია «---» ---ით, რღვევის და მოთესვის ფაზაში, ნასამართლობის არმქონეა, ხასიათდება დადებითად.
საქართველოს სსსკ-ის 565-ე მუხლის შესაბამისად, ქმედების სიმძიმის და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც თავისი სახითა და ზომით მეტისმეტი სიმსუბუქის გამო აშკარად უსამართლოა. საკასაციო პალატა თვლის, რომ მ. ა-სათვის დანიშნული სასჯელი არაა მეტისმეტად მსუბუქი და, შესაბამისად, უსამართლო. საქმეში არსებული მასალები სააპელაციო პალატამ სათანადოდ გამოიკვლია და სწორად შეაფასა, მსჯავრდებულ მ. ა-ის ქმედება სწორადაა დაკვალიფიცირებული, გასაჩივრებული განაჩენი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია, მისი გაუქმების საფუძველი არ მოიპოვება და უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 5 ივლისის განაჩენი მ. ა-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.