Facebook Twitter

ბს-44-44 (კ-18) 01 ნოემბერი, 2018წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ს. ბ-ის, რ. ბ-ის, ვ. ბ-ისა და ს. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.11.2017წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს "..." 10.03.2017წ. განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს დაინტერესებული პირების: ს. ბ-ის, რ. ბ-ის, ვ. ბ-ის, ს. ბ-ის, ა. ჯ-ის, მ. ჯ-ის, ნ. ჯ-ის, რ. ჯ-ის, ც. ჯ-ისა და ლ. ი-ის მიმართ სს "..." ექპროპრიაციის უფლების მინიჭების მოთხოვნით.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 25.04.2017წ. გადაწყვეტილებით სს "..." განცხადება ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე დაკმაყოფილდა; სს "..." აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება შემდეგი მესაკუთრეების უძრავ ქონებაზე: ა) ვ. ბ-ის (პ/ნ ...), რ. ბ-ის(პ/ნ ...), ს. ბ-ის (პ/ნ ...) და ს. ბ-ის(პ/ნ ...) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების 902 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) ნაწილზე - 159 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთზე საქმეზე დართული საკადასტრო ნახაზის მიხედვით; ბ) ა. ჯ-ის(პ/ნ ...), ლ. ი-ის (პ/ნ ...), მ. ჯ-ის (პ/ნ ...), ნ. ჯ-ის (პ/ნ ...), რ. ჯ-ისა (პ/ნ ...) და ც. ჯ-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების 3800 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს/კ N...) ნაწილზე - 206 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთზე, წარმოდგენილი საკადასტრო ნახაზის მიხედვით; გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ს. ბ-ის, რ. ბ-ის, ვ. ბ-ისა და ს. ბ-ის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.11.2017 წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ს. ბ-ის, რ. ბ-ის, ვ. ბ-ისა და ს. ბ-ის მიერ.

კასატორებმა აღნიშნეს, რომ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის ზემოქმედების არეალში ცხოვრება საფრთხის შემცველია, რასაც ადასტურებს სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები. სიცოცხლის უსაფრთხოების თვალსაზრისით, 220 კვ ძაბვის სეგხ-ის სადენების ქვეშ საცხოვრებელი სახლის, ეზოს არსებობა და იქ ყოველდღიურად ადამიანების ყოფნა დაუშვებელია. სასამართლომ არსებითად არ შეაფასა ის გარემოება, რომ ანძის მდებარეობიდან გამომდინარე, იგი მნიშვნელოვნად უახლოვდება საცხოვრებელ სახლსა და ეზოს, რაზეც სასამართლოში წარდგენილ იქნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 29.09.2017წ. N005661017 დასკვნა სიტუაციურ ნახაზთან ერთად. აღნიშნული ნახაზით დასტურდება, რომ ანძის უკიდურეს სადენსა და სახლის კედელს შორის უმოკლესი მანძილი შეადგენს 26.58 მეტრს, ანუ სახლი ბუფერული (ელექტრო ველის დაცვის ზონა) ზონიდან 158 სანტიმეტრით (1.58 მეტრი) არის დაშორებული. შესაბამისად, მესაკუთრეებს მუდმივად მოუწევთ იცხოვრონ იმ გარემოში, რომელიც მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველია. სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა ის ფაქტი, რომ ექპროპრიატორმა ორგანიზაციამ უგულებელყო კანონმდებლობის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც ექსპროპრიაციას ექვემდებარება არა მხოლოდ ანძების განთავსების ადგილი, არამედ მშენებლობის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული ტერიტორია. დაცვის ზონაში ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელის წერილობითი თანხმობის გარეშე იკრძალება სხვადასხვა სამშენებლო სამუშაოების წარმოება, ასევე მცენარეებისა და ხეების დარგვა. ექსპროპრიაციას დაქვემდებარებულია არამარტო ანძების განთავსების ადგილი, ასევე ის ტერიტორია, რომელზეც მოქმედებს დაცვის ზოლი, რაც მოცემულ შემთხვევაში კასატორების ქონების 70%-ზე მეტია. შესაბამისად, სასამრთლო ვალდებული იყო გაეთვალისწინებინა ზემოაღნიშნული გარემოება და სს ,,...” დაევალებინა ხელშეკრულებაში ცვილილების შეტანა, რათა ამ გზით მომხდარიყო დანარჩენი საკუთრების ექსპროპრიაციაც, რამეთუ ექსპროპრიაცია უნდა ხდებოდეს კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციული დაცვის გზით. მოცემულ შემთხვევაში ცალსახად იკვეთება საჯარო ინტერესების პრიორიტეტულობა, რაც დაუშვებელი და მიუღებელია. სასამართლომ უგულებელყო უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლება, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტუტიციის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციისა და "სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ" საერთაშორისო პაქტის მიხედვით. კონკრეტულ შემთხვევაში ირღვევა საკუთრების უფლების არსი, ვინაიდან ანძისგან მომავალი პოტენციური საფრთხის გამო კასატორები ვერ შეძლებენ საკუთრებით სარგებლობას, ხოლო მსგავს გარემოში ცხოვრება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველია. ამდენად, სასამართლომ ადგილობრივ კანონმდებლობასთან ერთად უგულებელყო საერთაშორისო სამართლის პრინციპები და შეფასების მიღმა დატოვა რიგი გარემოებები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. ბ-ის, რ. ბ-ის, ვ. ბ-ისა და ს. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკუთრების ჩამორთმევისას აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევები ამომწურავად არის განსაზღვრული "აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ" კანონით. ზემოაღნიშნული კანონის მე-2 მუხლის "დ" ქვეპუნქტის მიხედვით, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ხაზების მშენებლობისათვის. მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის 220 კვ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის საჭიროება. კასატორების პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ მათი საკუთრების მხოლოდ ნაწილის ექსპროპრიაცია უსამართლოა, ვინაიდან ბუფერული ზონის სიახლოვის გამო საკუთრებაში დარჩენილი ქონება ხდება გამოუსადეგარი, ხოლო საცხოვრებელი გარემო სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხისშემცველი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 24.12.2013წ. N366 დადგენილებაზე და აღნიშნავს, რომ 150, 220 კვ სიმძლავრის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზებისათვის დაცვის ზონად დადგენილია 25 მეტრი. მოცემულ შემთხვევაში კასატორების საკუთრებაში დარჩენილი ქონება არ ექცევა ბუფერული ზონის ფარგლებში, შესაბამისად დაცულია ზემოაღნიშნული დადგენილებით განსაზღვრული დანაწესი. კასატორები აპელირებენ ასევე სასამართლოს ვალდებულებაზე ემსჯელა ქონების არამხოლოდ ნაწილის, არამედ სრულ ექსპროპრიაციაზე, ვინაიდან მათ საკუთრებაში დარჩენილი ქონება ხდება გამოუსადეგარი. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას "აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ" კანონის მე-8 მუხლზე, რომლის თანახმად, თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით. განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება. კასატორები ვერ ასაბუთებენ სს "..." ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების არამართლზომიერებას, ხოლო კასატორების პრეტენზია მათ განკარგულებაში დარჩენილი ქონების ღირებულების შემცირებასა და გაუვარგისებასთან დაკავშირებით სცილდება მოცემული დავის განხილვის ფარგლებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ს. ბ-ის, რ. ბ-ის, ვ. ბ-ისა და ს. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს. ბ-ის, რ. ბ-ის, ვ. ბ-ისა და ს. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.11.2017წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი