# ბს-51-51 (კ-18) 1 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.09.2017წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
11.01.2017წ. ი.ე-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს საჯარო რეესტრის ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის 26.10.2016წ. N... და 15.12.2016წ. N... გადაწყვეტილებების, აგრეთვე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 26.12.2016წ. N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. მოსარჩელემ მოითხოვა აგრეთვე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მონაცემთა კორექტირების დავალება, ი. ე-ის მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში და სამეგრელოს რეგიონული ოფისისათვის მოსარჩელის სახელზე ქ.ფოთში, … მდებარე ი.ე-ის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული 150 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალება.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 31.03.2017წ. გადაწყვეტილებით ი. ე-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის 26.10.2016წ. N... და 15.12.2016წ. N… გადაწყვეტილებები, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 26.12.2016წ. N… გადაწყვეტილება, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მონაცემთა კორექტირება ი.ე-ის მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონულ ოფისს დაევალა ქ. ფოთში, … მდებარე ი. ე-ის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ 150 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ი. ე-ეს დაუბრუნდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 120 ლარის ოდენობით.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.09.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 31.03.2017წ. გადაწყვეტილება.
გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას და აღნიშნავს, რომ ფოთის აღმასკომის 17.12.1986წ. №25/980 გადაწყვეტილების გამოცემის დროს მიწის ნაკვეთების გამოყოფის წესი დადგენილი იყო საქართველოს სსრ მიწის კოდექსით, ვინაიდან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გამოყოფის სხვა წესი იმ დროისათვის არ არსებობდა. კანონის ამოქმედებამდე მიწა გამოიყოფოდა მხოლოდ სარგებლობისათვის. მიწის კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, სარგებლობისათვის მიწის ნაკვეთის გაცემა ხორციელდებოდა მიზომვის წესით, შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილებით. სააგენტო უთითებს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი ფოთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილებით სადავო მიწის ნაკვეთი სარგებლობისთვის კოოპერატივს გადაეცა, რომელსაც ხელახალი რეგისტრაცია არ გაუვლია, ხოლო დოკუმენტი, რომელიც სადავო მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლებას დაადგენდა, სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი არ ყოფილა. კასატორი უთითებს ,,წყლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველ პუნქტზე და აღნიშნავს, რომ წყალდაცვით ზოლებს მიეკუთვნება მდინარეების, ტბების, წყალსაცავების სანაპირო ზოლები, მაგისტრალური და სხვა არხების გასხვისების ზოლი, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ზოლები. ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მდინარის წყალდაცვითი ზოლის სიგანე აითვლება მდინარის კალაპოტის კიდიდან ორივე მხარეს. მოცემულ შემთხვევაში, წყალდაცვითი ზოლის სიგანე წარმოადგენს მდინარის კალაპოტიდან ორივე მხარეს - 10 მეტრს. ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელბაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება წყლის სახელმწიფო ფონდის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომელთა საკუთრებაში გადაცემა და გამოყენება შესაძლებელია ,,წყლის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. კერძოდ, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ი. ე-ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები: ფოთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს 17.12.1986წ. №25/980 გადაწყვეტილება მცურავ საშუალებათა კოოპერატივისთვის მდ. კ-ს სანაპირო ზოლში ნავმისადგომის ტერიტორიის გამოყოფის თაობაზე, მალთაყვის ზოლში ნავმისადგომის მფლობელთა სია, მიწის ნაკვეთის ტექნიკური პასპორტი, აზომვითი ნახაზი და გეგმა, აგრეთვე ნავმისადგომის მოწყობის საფასურის დაფარვის მიზნით თანხის (350 მანეთის) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, მოწმეთა ჩვენებები, ერთობლიობაში აკმაყოფილებდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 15.09.2007წ. №525 ბრძანებულების მოთხოვნებს და მიჩნეული უნდა ყოფილიყო აღნიშნული ბრძანებით განსაზღვრულ „სხვა დოკუმენტად“, რაც განცხადების განმხილველ ორგანოს ანიჭებდა საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილებას. საკასაციო პალატა იზიარებს აღნიშნულ მოსაზრებას და თვლის, რომ უსაფუძვლოა აგრეთვე კასატორის მითითება კოოპერატივის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ, აღნიშნულის თაობაზე დასაბუთებული არგუმენტი ასახულია სააპელაციო სასამართლოს განჩინენაში. უსაფუძვლოა კასატორის მითითება საკუთრების უფლების აღიარების დაუშვებლობის შესახებ სადავო მიწის ნაკვეთის წყლის სახელმწიფო ფონდისადმი მიკუთვნების გამო. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „წყლის შესახებ“ კანონის თანახმად დასაშვებია წყალდაცვითი ზოლის მიწების გადაცემა ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის როგორც საკუთრებაში, ისე სარგებლობაში (22.1 მუხ.). ამასთან, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის 3.2 მუხლის დანაწესი დასაშვებად თვლის ასევე წყალდაცვით ზოლში მდებარე მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით აღიარებას.
ამდენად, საფუძველს მოკლებულია კასატორის მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნულის გამო არსებობს განჩინების გაუქმების საფუძვლები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო პრეტენზიებს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.09.2017წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი