Facebook Twitter

# ბს-57-57 (კ-18) 01 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა. პ-ის და ე. თ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.07.2017წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

04.12.2015წ. ა. პ-მა და ე. თ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, მოპასუხის მიერ 08.04.2002წ. ჯ.ც-ის სახელზე N... საინვენტარიზაციო გეგმისა და 01.07.2002წ. N... სააღრიცხვო ბარათის მომზადების შესახებ ქმედების უკანონოდ ცნობის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 23.07.2007წ. N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 01.07.2010წ. N… გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.12.2015წ. განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა ჯ. ც-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (ს/კ …, მდებარე თბილისში, … ქ. N14-ში) უფლებრივი მდგომარეობის შეცვლის თაობაზე ნებისმიერი ცვლილების რეგისტრაცია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 12.02.2016წ. განჩინებით სასკ-ის 16.2 მუხლის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ჯ. ც-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.09.2016წ. გადაწყვეტილებით ა. პ-ისა და ე. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.12.2016წ. განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. პ-მა და ე. თ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.07.2017წ. განჩინებით ა. პ-ის და ე. თ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა. პ-მა და ე. თ-მა.

კასატორები ითხოვენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას, სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას და აღნიშნავენ, რომ არასწორია სასამართლოს მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე, ვინაიდან თუნდაც მოსარჩელეთათვის ცნობილი ყოფილიყო ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურის თანამშრომლის ვიზიტის შესახებ, მათ ვერ ეცოდინებოდათ რა შინაარსის საინვენტარიზაციო გეგმა შედგებოდა. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 2002 წელს აპელანტებისთვის ცნობილი იყო მათი უფლებების სავარაუდო დარღვევის შესახებ, თუმცა დაუსაბუთებელია უფლების დარღვევის სავარაუდობა რატომ იწვევს მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყებას. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, რომელიც დაკავშირებულია უფლების დარღვევის შესახებ ფაქტის ცოდნასთან და არა მხოლოდ ფაქტის წარმოშობასთან. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტებით იზღუდება კასატორების საკუთრების უფლება. ჯ. ც-ის სახელზე საინვენტარიზაციო გეგმის გაცემით ზიანი მიადგა კასატორების უფლებას და კანონიერ ინტერესს. საყოველთაოდ აღიარებული პრაქტიკის მიხედვით, აქტის გაცნობა ხორციელდება აქტის ჩაბარების გზით. კასატორებს საინვენტარიზაციო გეგმა არ ჩაბარებიათ, საკასაციო სასამართლომ შეფასება უნდა მისცეს საკითხს იმის შესახებ, თუ საიდან იწყება ხანდაზმულობის ვადის დენა ამ შემთხვევაში, ვინაიდან კასატორები არ იყვნენ უშუალო ადრესატები ადმინისტრაციული ორგანოსთვის. ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ არასწორად განიმარტა სამოქალაქო და ადმინსიტრაციული საპროცესო და მატერიალური კანონმდებლობის ნორმები, რაც სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტების შესაბამისად საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობას ქმნის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. პ-ის და ე. თ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძვლების არსებობას. არ დასტურდება გასაჩივრებული აქტების კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, ასევე კასატორებისთვის მიყენებული ზიანის ან კანონიერი უფლებისა და ინტერესის შეზღუდვა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მითითება სარჩელის ხანდაზმულობაზე მსჯელობის უსწორობის თაობაზე ვერ გახდება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ 268 კვ.მ. მიწაზე ჯ. ც-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი გახდა „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ კანონი, სსრ მინისტრთა საბჭოს 23.12.1983წ. #806 დადგენილება, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 16.03.1994წ. #156 დადგენილება, თბილისის ტექაღრიცხვის სამსახურის მიერ 08.04.2002წ. გაცემული საინვენტარიზაციო გეგმა, ქ. თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების სამსახურის მიერ 17.05.2002წ. გაცემული #ც-16 დასკვნა (ტ.1.ს.ფ.56-59).

კასატორებისთვის ჯ. ც-ის საკუთრების უფლების არსებობის შესახებ ცნობილი გახდა 2008 წელს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებებით, რომლითაც კასატორებისთვის ცნობილი გახდა, რომ მათ საკუთრებაში ვერ დარეგისტრირდებოდა 967 კვ.მ. მიწა. სარჩელი სასამართლოში აღიძრა 04.12.2015წ.. აღნიშნულიდან გამომდინარე დასტურდება, რომ გასულია „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ კანონით დადგენილი მიწაზე კერძო საკუთრების უფლების მინიჭებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების განხილვის ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა (5.3 მუხ.). გასულია აგრეთვე სამოქალაქო კოდექსით დადგენილი უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ექვს წლიანი ვადა (129-ე მუხ.). ამდენად, უსაფუძვლოა კასატორების მითითება იმის შესახებ, რომ სარჩელი არ არის ხანდაზმული.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასტორების ა. პ-ის და ე.თ-ის საკასაციო პრეტენზიებს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, მ. თ-ს (პ/ნ …) სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 07.11.2017წ. N1 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. პ-ის და ე.თ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.07.2017წ. განჩინება;

3. მ. თ-ს (პ/ნ …) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 07.11.2017წ. N1 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი