ბს-88-88 (კ-18) 01 ნოემბერი, 2018წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა შპს „...“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.11.2017წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
15.09.2016წ. შპს „...“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და მესამე პირის შპს „ჯ…“ მიმართ, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 10.03.2016წ. №151214972/147482 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.07.2016წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 10.03.2016წ. №151214972/147482 ბრძანება, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.11.2017წ. გადაწყვეტილებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს „...“ მიერ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების გზით სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას, არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ გასაჩივრებული ბრძანება შეიცავდა ყველა სავალდებულო რეკვიზიტს, რაც მოსარჩელის უფლებების ჯეროვნად დაცვის შესაძლებლობას უზრუნველყოფდა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ბრძანების ხარვეზი არ იყო არსებითი ხასიათის, რაც არასწორია, ვინაიდან შპს „...“ გაგზავნილი შეტყობინება არ შეიცავდა სრულ მითითებას მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგზე წინადადების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში. სააპელაციო სასამართლომ სათანადო შეფასება არ მიეცა იმ გარემოებას, რომ შპს „ჯ…“ მიერ სააღსრულეო ბიუროში წარდგენილი არ ყოფილა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება, განმცხადებლის მიერ წარდგენილი იყო მხოლოდ საგადასახადო ანგარიშფაქტურა, რაც სააღსრულებო ბიუროს მიერ ხარვეზის დადგენის საფუძველი უნდა გამხდარიყო. სააღსრულებო ბიურომ მისთვის დაკისრებული ვალდებულების ფარგლებში ჯეროვნად არ შეამოწმა განცხადების შინაარსი და თანდართული დოკუმენტები. მითითებული გარემოებები ადასტურებს გასაჩივრებული აქტის სზაკ-ის და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის მოთხოვნათა დარღვევით მიღებას, რაც ქმნიდა სარჩელი დაკმაყოფილების საფუძველს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთანავე, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა თვლის, რომ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია კასატორის მითითება იმის თაობაზე, რომ შპს „...“ მოთხოვნა იყო საფუძვლიანი და გასაჩივრებული აქტი მიღებულია სზაკ-ის და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის მოთხოვნათა დარღვევით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი სადავოდ არ ხდის შპს „...“ და შპს „ჯ…“ შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის და შპს „...“ დავალიანების არსებობას, სადავო არ არის აგრეთვე დავალიანების ოდენობა. კასატორი ვერ უთითებს გამარტივებული სააღსრულებო წარმოების გამომრიცხავი გარემოების არსებობაზე. საქმის მასალებით დგინდება, რომ შპს „...“ სააღსრულებო ბიუროს მიერ განსაზღვრულ 10 დღიან ვადაში არ გამოხატა საკუთარი პოზიცია და არ განახორციელა არანაირი ქმედება, იმ მიზეზით, რომ თავად საწარმოში აღნიშნულ მოქმედებებზე პასუხისმგებელ პირთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. საქმის მასალებით არ დგინდება, რომ შპს „...“ მხრიდან დავალიანების თაობაზე შედავების წარდგენა შეფერხდა სააღსრულებო ბიუროს მხრიდან განხორციელებულ არსებითი ხარვეზის შემცველი მოქმედებით. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად იქნა მიჩნეული, რომ მითითებული ხარვეზები არ იყო არსებითი ხასიათის და მათი არარსებობის შემთხვევაში სხვაგვარი გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შპს „...“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. ამასთან, შპს „...“ სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 25.12.2017წ. N3 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.11.2017წ. გადაწყვეტილება;
3.შპს „...“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 25.12.2017წ. N3 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4.საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ.როინიშვილი