# ბს-99-99 (2კ-18) 01 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ე.ვ-ის, რ.ლ-ას, მ.ი-ისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.09.2017წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ.კ-ემ 15.07.2016წ. სარჩელით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის 08.02.2016წ. N37 109 ბრძანების, 08.02.2016წ. N37 110 ბრძანების, 30.06.2016წ. N37 696 ბრძანების და 30.06.2016წ. N37 698 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 02.09.2016წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნენ რ.ლ-ა და ე.ვ-ე.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 16.01.2017წ. გადაწყვეტილებით გ.კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ.სამტრედიაში ... ქ. N...-ში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრების ე.ვ-ისა და რ.ლ-ას მიერ სავაჭრო დანიშნულების ობიექტის მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის 08.02.2016წ. N37 109 ბრძანება, ქ.სამტრედიაში, ... ქ. N...-ში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრების ე.ვ-ისა და რ.ლ-ას მიერ სავაჭრო დანიშნულების ობიექტის მშენებლობის არქიტექტურულ-კონსტრუქციული შეთანხმებისა და მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის 08.02.2016წ. N37 110 ბრძანება, ქ.სამტრედიაში, ... ქ. N...-ში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრების ე.ვ-ისა და რ.ლ-ას მიერ სავაჭრო დანიშნულების ობიექტის მშენებლობის თაობაზე არქიტექტურულ-კონსტრუქციული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის სანებართვო მოწმობაში ცვლილების შეტანის შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის 30.06.2016წ. N37 696 ბრძანება, ქ. სამტრედიაში, ... ქ. N...-ში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრების ე.ვ-ისა და რ.ლ-ას მიერ სავაჭრო დანიშნულების ობიექტის მშენებლობის სანებართვო მოწმობის მოქმედების და მშენებლობის გაგძელების შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის 30.06.2016წ. N37 698 ბრძანება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, ე.ვ-მ და რ.ლ-მ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 23.05.2017წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად საქმეში ჩაება მ.ი-ი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.09.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრეს ე.ვ-ემ, რ.ლ-ამ, მ.ი-მა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიამ.
კასატორები ე.ვ-ე, რ.ლ-ა და მ.ი-ი მიიჩნევენ, რომ სასამართლოების მიერ არასწორად განიმარტა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონი, ამხანაგობის წევრების 100%-იანი თანხმობის მოთხოვნა არ არის დასაბუთებული, მსგავსი კატეგორიის ქმედებების განხორციელებისათვის საკმარისია ამხანაგობის წევრთა 2/3-ის თანხმობა. სადავო აქტით მშენებლობის ნებართვა მიეცათ კასატორებს არა პირად, არამედ ამხანაგობის საკუთრებაში არსებულ მიწაზე, შესაბამისად, სადავო შენობა თავდაპირველად წარმოადგენდა არა კასატორების, არამედ ამხანაგობის საკუთრებას და ამ მხრივ გ.კ-ისთვის ზიანის მიყენება არ დასტურდება. კასატორებისთვის სადავო მაღაზიის საკუთრებაში გადაცემა განხორციელდა მშენებლობის დასრულებისა და ექსპლუატაციის შემდეგ, რაც გ.კ-ს არ გაუსაჩივრებია, გ.კ-ის მიერ გასაჩივრებულია მხოლოდ მშენებლობის ნებართვა. ამდენად, მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობის მიუხედავად, ნაგებობის ექსპლუატაციაში შესვლის ბრძანება ძალაშია, მხოლოდ მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობით გ. კ-ისთვის შედეგი ვერ იქნება მიღწეული. მშენებლობის ნებართვა წარმოადგენს აღმჭურველ აქტს, რომლის მიმართ კასატორებს აქვთ კანონიერი ნდობა. სადავო აქტების საფუძველზე ფართი აშენდა, მიღებულ იქნა ექსპლუატაციაში, აღირიცხა მარეგისტრირებელ ორგანოში და გასხვისდა.
კასატორი სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნავს, რომ დაუსაბუთებელია სარჩელის დაკმაყოფილება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ’’ კანონის მე-10 მუხლის პირველ პუნქტზე მითითებით, რადგან საქმის მასალებით არ დასტურდება სადავო მშენებლობით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ისეთი განვითარება, რომელმაც მნიშვნელოვნად შეცვალა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონება და გავლენა მოახდინა სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე. ორგანოში ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად დადგინდა, რომ სამტრედიაში, ... ქ. N...-ში მდებარეობს ... ბინა და ... კომერციული ფართი, რამდენიმე პირს აქვს რამდენიმე ხმა, რადგან მათ აქვთ რამდენიმე ფართი, საერთო ჯამში არის 99 ხმა. ადმინისტრაციული წარმოებისას წარდგენილი მასალებით დაფიქსირდა მესაკუთრეთა 2/3-ზე მეტი პირის მიერ დაგეგმილი მშენებლობის მხარდაჭერა, რაც საკმარისი იყო ნებართვის გასაცემად. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ ფართი ამჟამად გასხვისებულია, მესაკუთრეა მ. ი-ი, რომელიც არის კეთილსინდისიერი შემძენი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე.ვ-ის, რ.ლ-ას, მ.ი-ისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ სადავო აქტების გამოცემამდე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა შეეფასებინა განმცხადებლების მიერ წარდგენილი ამხანაგობის ოქმის გაზიარების შესაძლებლობა, მისი სათანადოობა. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის 10.1 მუხლის მიხედვით ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ისეთი განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას და გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, ხორციელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით. სადავო აქტებით ამხანაგობის ორ წევრს სწორედ ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებულ მიწაზე მიეცათ მშენებლობის უფლება. აღნიშნული მნიშვნელოვნად ცვლის საერთო ქონებაში მესაკუთრეთა წილის ოდენობას და არსებით გავლენას ახდენს სხვა მესაკუთრეთა - მათ შორის მოსარჩელის მიერ საერთო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გამოყენებაზე.
ის, რომ კასატორებს: რ. ლ-ასა და ე. ვ-ეს სადავო აქტების მიმართ ჰქონდათ კანონიერი ნდობა, არ არის დასაბუთებული, რადგან სწორედ მათ მიერ იქნა წარდგენილი ადმინისტრაციულ ორგანოში არასათანადოდ შედგენილი ოქმი, რაც კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოებაა (სზაკ-ის 601.5 მუხ.), კანონის ცოდნის პრეზუმფციიდან გამომდინარე, იგულისხმება, რომ რ. ლ-ასა და ე. ვ-ეს უნდა სცოდნოდათ კანონის დანაწესი დაგეგმილი მშენებლობისათვის ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობის საჭიროების შესახებ.
კასატორთა მითითება, რომ ნაგებობას ჰყავს კეთილსინდისიერი შემძენი, არ ქმნის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს, რადგან განსახილველი დავის საგანია მშენებლობის საფუძვლად არსებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერება და არა ნაგებობის შემძენის კეთილსინდისიერება. მ. ი-თან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება და მარეგისტრირებელ ორგანოში მის სახელზე განხორციელებული რეგისტრაცია, არ გასაჩივრებულა. ამდენად, განსახილველი დავის ფარგლებს სცდება ნაგებობის შემძენის კეთილსინდისიერების შეფასება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო ე.ვ-ის, რ.ლ-ს, მ.ი-ისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე.ვ-ის, რ.ლ-ას, მ.ი-ისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.09.2017წ. განჩინება;
3. რ. ლ-ას (პ.ნ. ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 01.03.2018წ. N1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ.როინიშვილი