ბს-116-116(კ-18) 01 ნოემბერი, 2018წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.11.2017 წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ შემოსავლების სამსახურმა 11.01.2017წ. სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების ი/მ ვ. კ-ის, ზ. ბ-ისა და შპს „…“ მიმართ მოპასუხეთა ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის მოთხოვნით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 12.01.2017წ. განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა საჩხერის რაიონულ სასამართლოს.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 21.06.2017 წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.11.2017 წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა.
კასატორმა აღნიშნა, რომ ვ. კ-ე და ზ. ბ-ე იყვნენ პარტნიორები და მეწილეები, რასაც ვ. კ-ეც ადასტურებდა ორგანოსათვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში. შპს „…“, რომლის დამფუძნებელიც იყო ზ. ბ-ე, საქმიანობა გააგრძელა იმავე მისამართზე, რომელზეც მოქმედებდა ვ. კ-ე. ამასთან, შპს-ს საქმიანობა არ განსხვადება ვ. კ-ის კომერციული საქმიანობისგან. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული გარემოებები ქმნიდა სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ერთი გადამხდელის მიმართ წარმოშობილ საგადასახადო დავალიანებას შედეგად მოჰყვა მისი საქმიანობის შეწყვეტა და იმავე საქმიანობის განმახორციელებელი შპს-ს დაფუძნება, რაც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს მოპასუხეთა ცრუმაგიერობას. შპს „…“ განსხვავება ფაქტობრივად შეუძლებელია ი/მ ვ. კ-ისგან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ი/მ ვ. კ-ის შემოწმება განხორციელდა 2013 წლის შემოდგომაზე, ხოლო შპს „…“ დაარსდა რამდენიმე თვის შემდეგ - 31.07.2014წ., ამდენად, საფუძველს მოკლებულია კასატორის მოსაზრება, რომ ი/მ ვ. კ-ე ფაქტობრივად ჩანაცვლდა შპს „ბ…“ და ისე განაგრძო საქმიანობა.
მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ ერთსადაიმავე მისამართზე მსგავსი სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება, ერთმნიშვნელოვნად არ ადასტურებს მეწარმეთა ცრუმაგიერობას, მით უფრო, რომ ი/მ ვ. კ-ის საქმიანობის ადგილის მისამართზე არაერთი მეწარმე სუბიექტის კომერციული ფართია განთავსებული და ისინიც ეწევიან ვ. კ-ის მსგავს საქმიანობას.
კასატორი ვერ ასაბუთებს ი/მ ვ. კ-ის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების ხელისშემშლელი გარემოებების შექმნას მოპასუხეთა შეთანხმებული ქმედებით, არ დასტურდება მოპასუხეთა შორის მართლსაწინააღმდეგო შეთანხმება, გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით განხორციელებული ქმედებები, მოპასუხეთა ერთმანეთისაგან გამიჯვნის შეუძლებლობა და სხვ..
„მეწარმეთა შესახებ“ კანონის თანახმად, ინდივიდუალური მეწარმე საქმიან ურთიერთობებში თავის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს, როგორც ფიზიკური პირი (2.3 მუხ.), ინდივიდუალური მეწარმე თავისი სამეწარმეო საქმიანობიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს პირადად, მთელი თავისი ქონებით (3.1 მუხ.), ხოლო ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში მისი უფლებამონაცვლეა შესაბამისი ფიზიკური პირი (142.3). ამდენად, გაურკვეველია რა სახით შეიძლება განხორციელდეს დავალიანების გადახდევინების თავიდან არიდება მხოლოდ შპს „…“ დაარსებით, სხვა თანამდევი ერთობლივი ქმედებების გარეშე. სსიპ შემოსავლების სამსახურს არ მიუთითებია ი/მ ვ. კ-ის მიერ თავის საკუთრებაში რიცხულ ქონებაზე გადახდევინების მიქცევის თავიდან არიდების მიზნით რაიმე ქმედებების განხორციელების თაობაზე. ამდენად, დაუსაბუთებელია მოპასუხეთა ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.11.2017წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ.ვაჩაძე
ვ. როინიშვილი