Facebook Twitter

ბს-179-179(კ-18) 01 ნოემბერი, 2018წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.09.2017წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „…“ 03.02.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ ბმა „…“ თავმჯდომარის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 31.12.2015წ. N852 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

დავის საქალაქო სასამართლოში განხილვისას, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური და ბმა „…“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.05.2016წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დამაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ბმა „…“ თავმჯდომარის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 31.12.2015წ. N852 ბრძანება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ბმა „…“ ადმინისტრაციულ საჩივართან მიმართებით. აღნიშნული გადაწყვეტილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.09.2017წ. განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ სსიპ არქიტექტურის სამსახური გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო არასათანადო კონსტრუქციულ დასკვნას, რომლის გაზიარებაც არ უნდა მომხდარიყო, რადგან დასკვნაში არ არის მითითებული კვლევის მეთოდი და დასაბუთება. აღნიშნული დასკვნის საწინააღმდეგოს ადმინისტრაციული საჩივრის ავტორის მიერ წარდგენილი იქნა სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 26.11.2015წ. საექსპერტო დასვნა, რომელიც შეიცავს უფრო ვრცელ მოტივაციას, მითითებას ექსპერტის სტაჟსა და სამუშაო გამოცდილებაზე. 26.11.2015წ. დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზის ჩატარების ეტაპზე შეუძლებლად იქნა მიჩნეული შენობაზე დამონტაჟებული სადავო მოწყობილობების ზეგავლენის განსაზღვრა, თუმცა ერთმნიშვნელოვნად მიეთითა, რომ 20 კვ.მ. ფართზე მათი ერთობლივი განთავსება არ არის მიზანშეწონილი. კასატორი მიიჩნევს, რომ უპირატესობა უნდა მიენიჭოს კორპუსის მაცხოვრებელთა უსაფრთხოების ინტერესს.

კასატორი თვლის, რომ სასამართლოს არ უნდა გაეთვალისწინებინა სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 28.01.2016წ. დასკვნა, რადგან იგი ადმინისტრაციული წარმოებისას არ ყოფილა წარდგენილი და შეფასებული. სასამართლოს აქტის კანონიერება უნდა შეემოწმებინა მხოლოს იმ ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ფარგლებში, რაც არსებობდა ადმინისტრაციული წარმოების დროს. საქმეში დაცული ერთიდაიგივე ექსპერტიზის ბიუროს მიერ გაცემული ორი დასვნა ურთიერთსაწინააღმდეგოა, რასაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია წინასწარ ვერ ივარაუდებდა. ექსპერტს არ ჰქონდა ხმაურის დასაშვებ ოდენობაზე მსჯელობის კომპეტენცია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ სადავო აქტი გამოცემულია საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გარეშე, რის გამოც არსებობდა სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის საკითხის ხელახლა გამოკვლევის დავალების საფუძველი.

საქმეში დაცულია 07.10.2015წ. კონსტრუქციული დასკვნა, სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 26.11.2015წ. და 28.01.2016წ. საექსპერტო დასვნები. კონსტრუქციული დასკვნისა და 28.01.2016წ. საექსპერტო დასკვნის მიხედვით, „…“ სერვის ცენტრის მფლობელობაში არსებული ფართის უკანა ფასადის მზიდ კედელზე აგრეგატების დამონტაჟება/ფუნქციონირება კონსტრუქციული თვალსაზრისით საფრთხეს არ შეუქმნის შენობის მდგრადობას, 26.11.2015წ. დასკვნის მიხედვით, კი ექსპერტიზის ჩატარების დროისთვის შეუძლებელი იყო მზიდ კედლებზე დამონტაჟებული მოწყობილობების ზეგავლენის განსაზღვრა, დასკვნის გამოკვლევის ნაწილში აღნიშნული გარემოების საფუძვლად მითითებულია ის, რომ მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები და აგრეგატები არ არის ჩართული. ამდენად, არც ერთი დასკვნით არ დასტურდება აგრეგატების განთავსებით შენობის კონსტრუქციული მდგრადობისათვის საფრთხის შექმნა, აღნიშნულიდან გამომდინარე დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება, რომ 26.11.2015წ. და 28.01.2016წ. საექსპერტო დასვნები ურთიერთსაწინააღმდეგოა და აგრეგატების განთავსებით ზიანი ადგება შენობის მდგრადობას.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე მოხდა ექსპერტის გამოკითხვა, რომელმაც აღნიშნა, რომ აგრეგატების განაწილება არა 20 კვ.მ.-ზე, არამედ მთლიან ფართზე სასურველი იყო აგრეგატების მუშაობით გამოწვეული ხმაურის გადანაწილების კუთხით, რათა ხმაურის ერთ ადგილზე კონცენტრაციით დისკომფორტი არ შექმნოდათ ზედა სართულების მაცხოვრებლებს. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას საკითხი ამ კუთხით არ გამოუკვლევია, არ დადგენილა რატომ იყო მიზანშეუწონელი 20 კვ.მ. ფართზე აგრეგატების განთავსება, არ გამოკვლეულა ასევე აგრეგატების ექსპლუატაციით გამოწვეული ხმაურის ოდენობა, ხმაურის დასაშვები ზღვრული ნორმის გადაჭარბება.

მართალია ადმინისტრაციული წარმოებისას წარდგენილი არ ყოფილა სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 26.11.2015წ. საექსპერტო დასვნა, თუმცა ადმინისტრაციული პროცესის ინკვიზიციურობიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილი იყო მტკიცებულებად მიეღო და შეეფასებინა მათ შორის ადმინისტრაციულ წარმოებაში წარუდგენელი დოკუმენტები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1.ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.09.2017წ. გადაწყვეტილება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი