Facebook Twitter

Nბს-203-203 (გ-18) 15 ნოემბერი, 2018წ.

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა ნ. კ-ას სასარჩელო განცხადებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა განსჯადობის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატასა და სამოქალაქო საქმეთა პალატას შორის.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ნ. კ-ამ 12.04.2017წ. სარჩელით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიმართ და მოითხოვა „სსიპ - ქ. სამტრედიის N... საჯარო სკოლის დირექტორ ნ. კ-ასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“ მოპასუხის 15.03.2017წ. #1/კ-212 ბრძანების ბათილად ცნობა, მოსარჩელის სსიპ ქ. სამტრედიის N... საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე აღდგენა და სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სამუშაოზე აღდგენამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ყოველთვიურად 720 ლარის ოდენობით.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში მუშაობს ქ. სამტრედიის N... სკოლის დირექტორად. აუდიტის დასკვნის საფუძველზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 27.07.2016წ. N588 ბრძანებით სკოლას გამოეცხადა გაფრთხილება, ამასთანავე, მოეთხოვა შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში დაფიქსირებულ დარღვევებზე რეაგირება და ერთი თვის ვადაში ანგარიშის წარდგენა. მითითების შესაბამისად, სკოლამ რეაგირება მოახდინა დარღვევებზე და ერთი თვის ვადაში წარადგინა ანგარიში. აღნიშნულის შემდეგ, სკოლა კვლავ შემოწმდა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამმართველოს მიერ. სკოლაში კვლავ დაფიქსირდა დარვევები, რის გამოც ნ. კ-ასთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა. მოსარჩელის მოსაზრებით, ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო აუდიტის დეპარტამენტის მიერ არასწორად შედგენილი დასკვნა, ამასთანავე, აუდიტის ორივე დასკვნა ეფუძნება ერთი და იგივე დარღვევებს.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 30.10.2017წ. გადაწყვეტილებით ნ. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი „სსიპ - ქ. სამტრედიის N... საჯარო სკოლის დირექტორ ნ. კ-ასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 15.03.2017წ. N1/კ-212 ბრძანება, ნ. კ-ა აღდგენილ იქნა სსიპ ქ. სამტრედიის N... საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე, მოპასუხეს დაეკისრა ნ. კ-ას იძულებითი განაცდურის ანაზღაურება სამუშაოდან გათავისუფლების დღიდან აღდგენამდე 720 ლარის (საშემოსავლო გადახდების გარეშე) ოდენობით. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 22.11.2017წ. განჩინებით ნ. კ-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სამტრედიის რაონული სასამართლოს 30.10.2017წ. გადაწყვეტილების 1.2 პუნქტი, ნ. კ-ას სსიპ ქ. სამტრედიის N... საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 30.10.2017წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით, ხოლო 22.11.2017წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.12.2017წ. განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ნ. კ-ა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის 49.7 მუხლის „დ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე. მოცემულ დავაში შეფასების ობიექტს წარმოადგენს ნ. კ-ას სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების კანონერება, რაც „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის შესაბამისად უნდა შემოწმდეს. პალატამ აღნიშნა, რომ კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოების საქმის განხილვისთვის აუცილებელ ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც მითითებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ნორმებში, ამასთანავე, ადმინისტრაციული დავები წარმოშობილი უნდა იყოს იმ სამართალურთიერთობიდან, რომლებიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრცაიული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული. მოსარჩელის მიმართ მითითებული უფლების დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან საჯარო მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით. პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველი დავა ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას დაქვემდებარებული დავაა, რადგან ერთ-ერთი მოდავე სუბიექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროა, სადავო აქტის კანონირება კი უნდა შემოწმდეს საჯარო კანონმდებლობით: - „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონით, რადგან ნ. კ-ას სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს არა შრომითი კანონმდებლობის დარღვევა, არამედ „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის დარღვევა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.01.2018წ. განჩინებით ადმინისტრაციული საქმე ნ. კ-ას სარჩელისა გამო განსჯადობის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სადავო სამართალურთიერთობაში არ იკვეთება ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით მოწესრიგებული სამართალურთიერთობიდან წარმოშობილი დავის საგნის არსებობა, რამდენადაც „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საჯარო სკოლის დირექტორსა და სკოლის თანამშრომლებს, სამეურვეო საბჭოსა და სკოლის დირექტორს შორის, აგრეთვე საჯარო სკოლის დირექტორსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის წარმოშობილ შრომით დავებს, როგორც სამოქალაქო დავებს, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განიხილავს სასამართლო. განსახილველი დავის სამოქალაქო კანონმდებლობის საფუძველზე რეგულირების საჭიროებას პირდაპირ ადგენს კანონი, შესაბამისად სახეზეა კანონისმიერი განსჯადობა. მხოლოდ ის გარემოება, რომ სადავოა ნ. კ-ასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მიზნით გამოცემული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 15.03.2017წ. N1/კ-212 ბრძანება (სკოლის დირექტორთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ), არ უნდა შეფასდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის კანონიერების შესახებ დავად, რადგან ამ შემთხვევაში ადგილი აქვს სამოქალაქო სამართლებრივი ნორმების საფუძველზე გამოცემული ბრძანებით პირის შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატისა და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებების გაცნობის შედეგად, სასკ-ის 26.3 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, თვლის, რომ ნ. კ-ას სარჩელი „სსიპ - ქ. სამტრედიის N... საჯარო სკოლის დირექტორ ნ. კ-ასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“ მოპასუხის 15.03.2017წ. #1/კ-212 ბრძანების ბათილად ცნობის, მოსარჩელის სსიპ ქ. სამტრედიის N... საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე აღდგენისა და სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სამუშაოზე აღდგენამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნ. კ-ას სასარჩელო მოთხოვნას შეადგენდა „სსიპ - ქ. სამტრედიის N... საჯარო სკოლის დირექტორ ნ. კ-ასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“ მოპასუხის 15.03.2017წ. #1/კ-212 ბრძანების ბათილად ცნობა, მოსარჩელის სსიპ ქ. სამტრედიის N... საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე აღდგენა და სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სამუშაოზე აღდგენამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ყოველთვიურად 720 ლარის ოდენობით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო აქტში „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის ნორმების მითითება არ გულისხმობს დავის სამოქალაქო სასამართლო წარმოების წესით განხილვას, რადგან „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის 12.3 მუხლი პირდაპირ განსაზღვრავს, რომ საჯარო სკოლის დირექტორსა და სკოლის თანამშრომლებს, სამეურვეო საბჭოსა და სკოლის დირექტორს შორის, აგრეთვე საჯარო სკოლის დირექტორსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის წარმოშობილ შრომით დავებს, როგორც სამოქალაქო დავებს, სასამართლო სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განიხილავს. ამდენად, განსახილველი დავის სამოქალაქო სასამართლოწარმოების წესით განხილვის ვალდებულება კანონმდებლობით პირდაპირ არის დადგენილი, კანონის მიერ დავის საგნობრივი განსჯადობის გადაწყვეტა განაპირობებს მოცემული დავის სასამართლოწარმოების წესის გამოყენებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კერძო და საჯარო სამართლის გამიჯვნა დოგმატურ საკითხთა რიგს განეკუთვნება, რომელსაც მხოლოდ კონკრეტული მართლწესრიგისათვის აქვს მნიშვნელობა, არ არსებობს უნივერსალური გამიჯვნის წესები. სხვადასხვა ქვეყნის ადმინისტრაციული იუსტიციის ორგანოების კომპეტენცია შედგება კანონებით და სასამართლო პრაქტიკით, ისტორიული მეტამორფოზებით დამკვიდრებული საერთო და საგამონაკლისო წესებისაგან, საგამონაკლისო წესები ზოგჯერ აფართოებენ ან ზღუდავენ ადმინისტრაციული მართლმსაჯულების იურისდიქციას. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებაში მოყვანილი მსჯელობა მოცემულ შემთხვევაში არ იძლევა ადმინისტრაციული სასამართლოწარმოების იურისდიქციის გაფართოების შესაძლებლობას, საამისოდ საჭიროა კანონში ცვლილების შეტანა. შესაბამისად კანონისმიერ განსჯადობას ვერ შეცვლის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებაში მოყვანილი მსჯელობა სადავო აქტის ბუნების, სადავო აქტში აქტის გამოცემის საფუძვლად „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის 49-ე მუხლის მითითება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ დავა განსჯადობით სამოქალაქო საქმეთა პალატის ქვემდებარეა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის 12.3 მუხლით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. კ-ას სასარჩელო მოთხოვნა „სსიპ - ქ. სამტრედიის N... საჯარო სკოლის დირექტორ ნ. კ-ასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“ მოპასუხის 15.03.2017წ. #1/კ-212 ბრძანების ბათილად ცნობის, მოსარჩელის სსიპ ქ. სამტრედიის N... საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე აღდგენისა და მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სამუშაოზე აღდგენამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე მოპასუხე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი