Facebook Twitter

ბს-211-211(კ-18) 15 ნოემბერი, 2018წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.11.2017 წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სსიპ შემოსავლების სამსახურმა 11.08.2016წ. სარჩელით მიმართა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების შპს „…“, შპს „ქ...“, ი/მ ე. თ-ის, ი/მ დ. თ-ის და ლ. თ-ის მიმართ მოპასუხეთა ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის მოთხოვნით.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 13.02.2017 წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.11.2017 წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა.

კასატორმა საგადასახადო კოდექსის მე-19, 246-ე მუხლების საფუძველზე აღნიშნა, რომ მოპასუხეებმა განახორციელეს კონკრეტული ოპერაციები, რომლებიც მიმართული იყო საგადასახადო ვალდებულებების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდებისაკენ. შპს „…“ ერიცხება საგადასახადო დავალიანება, რომლის უზრუნველსაყოფად გამოყენებულ იქნა ყადაღა, თუმცა შპს-ს რაიმე ქონება არ ერიცხება. საწარმოს 90%-ის წილის მესაკუთრეა დ. თ-ე, რომლის მამა - ე. თ-ე რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ და რაიმე დავალიანება არ ერიცხება. გარდა ამისა დ. თ-ის ძმა არის ლ. თ-ე, რომელიც არის შპს „…“ დამფუძნებელი. სწორედ ამ შპს-ზე განხორციელდა შპს „…“ სალარო აპარატის გადაფორმება. შპს „ქ...“, ე. თ-ე, დ. თ-ე და ლ. თ-ე რეგისტრირებულები არიან ერთიდაიმავე მისამართზე. ამდენად, მოპასუხეთა ქმედებები მიმართულია საგადასახადო უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან ქონების განრიდებისკენ, მოპასუხეთა ერთმანეთისგან გამიჯვნა შეუძლებელია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

კასატორი ვერ ასაბუთებს შპს „…“ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების ხელისშემშლელი გარემოებების შექმნას მოპასუხეთა შეთანხმებული ქმედებით, არ დასტურდება მოპასუხეთა შორის მართლსაწინააღმდეგო შეთანხმება, გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით განხორციელებული ქმედებები, მოპასუხეთა ერთმანეთისაგან გამიჯვნის შეუძლებლობა და სხვ.. საქმის მასალების მიხედვით, შპს „…“ მიმართ საგადასახადო ვალდებულების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები გამოყენებულ იქნა 2014 წელს, ხოლო ი/მ ე. თ-ის სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღია 17.06.2005წ., ამდენად, ე. თ-ის მეწარმედ რეგისტრაცია განხორციელდა შპს-ს საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის ღონისძიებების წარმოშობამდე დაახლოებით 10 წლით ადრე. ამასთანავე, მართალია შპს „ქ…“ დაარსდა 2014 წელს, თუმცა გაურკვეველია რა სახით შეიძლება განხორციელდეს დავალიანების გადახდევინების თავიდან არიდება მხოლოდ აღნიშნული შპს-ს დაარსებით, სხვა თანამდევი ერთობლივი ქმედებების გარეშე. სსიპ შემოსავლების სამსახურს არ მიუთითებია შპს „…“ მიერ თავის საკუთრებაში რიცხულ ქონებაზე გადახდევინების მიქცევის თავიდან არიდების მიზნით რაიმე კონკრეტული ქმედებების განხორციელების თაობაზე. მხოლოდ ის, რომ ე. თ-ე, დ. თ-ე და ლ. თ-ე მამა-შვილია და ერთ მისამართზე არიან რეგისტრირებულები, არ ადასტურებს მათ ცრუმაგიერობას, რადგან ერთ მისამართზე რეგისტრაცია შესაძლოა განპირობებული იყოს მათი ერთ მისამართზე ცხოვრებით.

მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ შპს „…“ მიერ თავისი სალარო აპარატის შპს „ქ…“ გადაფორმება, არ ადასტურებს შპს-ების გამიჯვნის შეუძლებლობას, მათი საქმიანობის ურთიერთაღრევას. სსიპ შემოსავლების სამსახურმა ვერ დაადასტურა, რომ მოპასუხეებს აქვთ საერთო ფინანსური ანგარიშები, საერთო აქტივები, ურთიერთაღრეული საქმიანობა, ახორციელებენ შეთანხმებულ, არამართლზომიერ ქმედებებს და ა.შ.. ამდენად, დაუსაბუთებელია მოპასუხეთა ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.11.2017წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ.ვაჩაძე

ვ. როინიშვილი