# ბს-218-218 (2კ-18) 08 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.12.2017წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „...“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემოსავლების სამსახურის და ფინანსთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 28.09.2016წ. №EL051210, №EL051212 და №EL051213, 30.09.2016წ. №EL051267, 03.10.2016წ. №EL051363 და №EL051366, 04.10.2016წ. №EL051404 და №EL051405 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 28.09.2016წ. №EL69502/42, №EL69502/43 და №EL69502/44, 30.09.2016წ. №EL69502/45, 03.10.2016წ. №EL69502/46 და №EL69502/47, 04.10.2016წ. №EL69502/48 და №EL69502/49 საგადასახადო მოთხოვნების, სსიპ შემოსავლების სამსახურის 21.11.2016წ. №32432, №32433, №32434, №32435, №32436, №32437, №32438 და №32439 ბრძანებების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 09.12.2016წ. №13798/2/16, №13797/2/16, №13796/2/16, №13799/2/16, №13801/2/16, №13802/2/16, №13795/2/16 და №13800/2/16 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.05.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 28.09.2016წ. №EL051210, №EL051212 და №EL051213, 30.09.2016წ. №EL051267, 03.10.2016წ. №EL051363 და №EL051366, 04.10.2016წ. №EL051404 და №EL051405 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები და სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 28.09.2016წ. №EL69502/42, №EL69502/43 და №EL69502/44, 30.09.2016წ. №EL69502/45, 03.10.2016წ. №EL69502/46 და №EL69502/47, 04.10.2016წ. №EL69502/48 და №EL69502/49 საგადასახადო მოთხოვნები. სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 21.11.2016წ. №32432, №32433, №32434, №32435, №32436, №32437, №32438 და №32439 ბრძანებების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 09.12.2016წ. №13798/2/16, №13797/2/16, №13796/2/16, №13799/2/16, №13801/2/16, №13802/2/16, №13795/2/16 და №13800/2/16 გადაწყვეტილებები. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ სარჩელზე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1509.30 ლარის გადახდა.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და შემოსავლების სამსახურმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.12.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და შემოსავლების სამსახურმა.
კასატორები საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური საკასაციო საჩივრებით ითხოვენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას, აღწერენ დავის ფაქტობრივ გარემოებებს და აღნიშნავენ, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძველი, ასევე არ არსებობდა გასაჩივრებული აქტების ნაწილის სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე ბათილად ცნობის და ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძვლები. გასაჩივრებული აქტები მიღებული იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების შესწავლისა და გამოკვლევის შედეგად. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ შპს ,,…” არ შეასრულა მასზე საგადასახადო კოდექსის 230-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება, დანიშნულების ადგილზე საქონლის უცვლელ მდგომარეობაში მიტანის თაობაზე. აზომვითი სამუშაოების ჩატარებამ გამოავლინა, რომ საქონლის დანაკარგი აღემატებოდა 0.5 %-იან დასაშვებ ნორმას, რაც საგადასახადო ორგანოს მიერ მიჩნეული იქნა საგადასახადო კოდექსის 289.19 მუხლით განსაზღვრული ქმედებად და გადამზიდავი კომპანია დაჯარიმდა იმპორტის გადასახდელების თანხის 100 %-ის ოდენობით. საგადასახადო ორგანომ სრულად გამოიკვლია საქმის გარემოებები და მართებული სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. აღნიშნულის გამო არ არსებობდა აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა გარემოებები, რომელთა დადგენა სასამართლოს მიერ შეუძლებელი იყო და საჭიროებდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამატებით კვლევას და შეფასებას. აღნიშნულ მოსაზრებას იზიარებს საკასაციო პალატა და აღნიშნავს, რომ სასამართლო დავის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობს აქტს იმ შემთხვევაში, უკეთუ აშკარაა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება. აღნიშნულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალწარმოების ფარგლებში ვერ ხერხდება სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, რაც თავის მხრივ შეუძლებელს ხდის სადავო ადმინისტრაციული აქტების კანონიერებაზე მსჯელობას (სასკ-ის 32.4 მუხ.). საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები დამატებით კვლევას საჭიროებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რის შესახებაც მართებულად იქნა მითითებული სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში. სააპელაციო პალატამ მართებულად აღნიშნა, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები არ იძლეოდა საგადასახადო ორგანოს მიერ გასაჩივრებული აქტების გამოცემის საფუძვლად მითითებული საგადასახადო კოდექსის 289.19 მუხლის გამოყენების საფუძველს. საქმის მასალებით ასევე არ დგინდებოდა შპს „…“ მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რაც საკითხის დამატებითი გამოკვლევის საჭიროებას ქმნიდა (იხ. სუს №486-486(2კ-18) 19.07.2018წ. განჩინება). ამდენად, საფუძველს მოკლებულია კასატორების მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნულის გამო არსებობს განჩინების გაუქმების საფუძვლები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო პრეტენზიებს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.12.2017წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი