ბს-232-232 (კ-18) 01 ნოემბერი, 2018წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.2017წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ბ-ემ 17.03.2015წ. სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს, კერძო აღმასრულებელ მ. პ-ის, შპს „...”-ის, სსიპ შემოსავლების სამსახურის, შპს ,,ა…’’ და ნ. ა-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მ. ბ-ის მიერ სამომავლო საკუთრების უფლებით შეძენილი უძრავი ქონების, მდებარე ქ. ბათუმში, … ქუჩა N..., ბინა N..., (ს/კ ...) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკისაგან განთავისუფლება, ამავე უძრავი ქონების შპს „ა…’’ და ნ. ა-ის სასარგებლოდ გამოყენებული ყადაღა/აკრძალვისაგან განთავისუფლება, აგრეთვე შპს „...’’ 14.05.2012წ. გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების დავალება, კერძოდ ქ. ბათუმში, … ქუჩა N..., ბინა N...-ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ ...) მ. ბ-ის საკუთრებაში გადაცემა და აღნიშნული ქონების საჯარო რეესტრში მ. ბ-ის საკუთრების უფლებით აღრიცხვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 25.04.2016წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრი,. მ. ბ-ის სამომავლო საკუთრების უფლებით შეძენილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, … ქუჩა N…, ბინა N…, (ს/კ …) გათავისუფლდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკისაგან, მ. ბ-ის სამომავლო საკუთრების უფლებით შეძენილი უძრავი ქონება გათავისუფლდა კრედიტორების შპს ,,ა…’’ და ნ. ა-ის სასარგებლოდ გამოყენებული ყადაღა/აკრძალვისაგან, დაევალა შპს „…’’ 14.05.2012წ. გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, კერძოდ ქ. ბათუმში, … ქუჩა N…, ბინა N…-ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ …) მ. ბ-ის საკუთრებაში გადაცემა და აღნიშნული ქონების საჯარო რეესტრში მ. ბ-ის საკუთრებაში აღრიცხვა, სსიპ შემოსავლების სამსახურს, შპს „...”, შპს ,,ა…’’ და ნ. ა-ეს სოლიდარულად დაეკისრათ მ. ბ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა 2294 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა სსიპ შემოსავლების სამსახურის ნაწილში და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ქ. ბათუმში, … ქუჩა N…, ბინა N…-ში (ს.კ …) მდებარე მ. ბ-ის სამომავლო საკუთრებისუფლებით შეძენილი უძრავი ქონების საგადასახადო გირავნობის/იპოთეკისაგან გათავისუფლების შესახებ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.2017წ. გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ცვლილება შევიდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 25.04.2016წ. გადაწყვეტილების 1.1 პუნქტში და იგი ჩამოყალიბდა დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნის მიხედვით შემდეგი სახით: - სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. ბათუმი, … ქუჩა N…, ბინა N…- ში (ს.კ …) მდებარე მ. ბ-ის სამომავლო საკუთრებისუფლებით შეძენილი უძრავი ქონების საგადასახადო გირავნობის/იპოთეკისაგან გათავისუფლების შესახებ. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელიც ითხოვს სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას, სარჩელის უარყოფის თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია მოთხოვნა საფუძვლიანად სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ მოთხოვნის ნაწილში. საგადასახადო დავალიანების წარმოშობის გამო, სსიპ შემოსავლის სამსახურის მიერ საგადასახადო იპოთეკა/გირავნობა გავრცელდა შპს „…’’ მთელ ქონებაზე, მათ შორის, იმ ბინაზე, რომელიც მ. ბ-ის სამომავლო საკუთრების უფლებით იყო რეგისტრირებლი საჯარო რეესტრში. საჯარო რეესტრის ჩანაწერის სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფციის გათვალისწინებით (სკ-ის 312-ე მუხ.), ვინაიდან უძრავი ქონების ძირითადი მესაკუთრე იყო შპს „…’’, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილი იყო მასზე გაევრცელებინა საგადასახადო იპოთეკა/გირავნობა. მ. ბ-ის მიმართ წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობა წარმოშობდა შპს „…’’ ვალდებულებას მისთვის ბინის გადაცემაზე და არ წარმოადგენდა სსიპ შემოსავლების სამსახურისთვის იპოთეკა/გირავნობის გავრცელების დამაბრკოლებელ გარემოებას.
სასამართლოს მიერ არასწორად დადგინდა ხარჯების გადანაწილების წესი. სსიპ შემოსავლების სამსახური განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რის გამოც მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მისთვის დაკისრება არასწორია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთანავე, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა თვლის, რომ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ უძრავი ქონების ძირითადი მესაკუთრე იყო შპს „…’’, რის გამოც საგადასახადო ორგანო უფლებამოსილი იყო მის სახელზე რეგისტრირებულ მთელ ქონებაზე გაევრცელებინა საგადასახადო იპოთეკა/გირავნობა. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის დანაწესზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის საგადასახადო ორგანოს უფლება საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის ქონებიდან. დადგენილია, რომ საგადასახადო ორგანოს წინაშე დავალიანება წარმოეშვა შპს „…“ და არა მ. ბ-ეს. ბ. ბ-ესა და შპს „…“ შორის დადებული წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება რეგისტრირებული იყო საჯარო რეესტრში, რომლითაც იდენტიფიცირებადი იყო მ. ბ-ის საკუთრებაში გადასაცემი ბინა, აღნიშნული გარემოებების არსებობის მიუხედავად სსიპ შემოსავლების სამსახურმა მოცემულ ბინაზეც გაავრცელა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, რაც ლახავს მ. ბ-ის საკუთრების უფლებას.
გასათვალისწინებელია, რომ მ. ბ-ის მიერ შესრულებული იყო წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი თანხის გადახდის ვალდებულება, ხოლო შპს „...” ბრალეული ქმედებით მას არ გადაეცა ბინა საკუთრებაში. აღნიშნულის გათვალისწინებით უმართებულოა შპს „…” საგადასახადო დავალიანების წარმოშობის გამო ბ. ბ-ის სამომავლო საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ ბინაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის გავრცელება. ამასთან, მ. ბ-ის სამომავლო საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო საგადასახადო გირავნობის/უფლების წარმოშობამდე, რაც დამატებით ქმნიდა მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ არასწორად მოხდა მოპასუხისათვის მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაკისრება. ის გარემოება, რომ „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით საგადასახადო ორგანოები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, არ ადასტურებს სასამართლო ხარჯების განაწილების უსწორობას. სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამდენად, მართლზომიერია სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაკისრება, მიუხედავად იმისა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახური განთავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.2017წ. გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი