Facebook Twitter

ბს-271-271(კ-18) 15 ნოემბერი, 2018წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა გ. ქ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.10.2017წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ქ-ემ 08.01.2016წ. სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის, მ. მ-ისა და ზ. ბ-ის, მესამე პირის - თ. ბ-ის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა არაერთგზის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა: მ. მ-ის ნაწილში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 21.11.2007წ. N11 საოქმო გადაწყვეტილებისა და N… საკუთრების უფლების მოწმობის არარა აქტად აღიარება, თ. ბ-ის ნაწილში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 16.05.2008წ. N67 საოქმო გადაწყვეტილებისა და N… საკუთრების უფლების მოწმობის არარა აქტად აღიარება, აგრეთვე სადავო მიწის ნაკვეთზე გ. ქ-ის საკუთრების უფლების დადასტურება.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 27.02.2017წ. განჩინებით მოპასუხეთა წრიდან ამოირიცხნენ მ. მ-ე და ზ. ბ-ე, რომლებიც საქმეში ჩაბმულ იქნენ მესამე პირებად სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 20.04.2017წ. გადაწყვეტილებით გ. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.10.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა გ. ქ-ის მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ კომისიას არ ჰქონდა მიწის ნაკვეთების განკარგვის უფლება, რადგან სადავო აქტების გამოცემის დროისათვის მიწა ირიცხებოდა გ. ქ-ის და არა სახელმწიფოს საკუთრებაში, საკუთრებაში აღიარებას არ ექვემდებარება კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები. სადავო აქტების გამოცემის მომენტში გ. ქ-ის საკუთრების უფლება ჯერ კიდევ არ იყო გაუქმებული. საკუთრების აღიარების საფუძველი არ არსებობდა აგრეთვე იმ გარემოების გამო, რომ მესამე პირების ფლობა სადავო ნაკვეთებზე არ დასტურდებოდა სათანადო მტკიცებულებებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება, რომ მესამე პირებს მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე უღიარდათ საკუთრების უფლება, ადმინისტრაციული ორგანო არ იყო უფლებამოსილი მის საკუთრებაში არსებულ მიწასთან დაკავშირებით გამოეცა სადავო აქტები. კანონიერ ძალაში მყოფი სასამართლოს 30.01.2012წ. გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი გ. ქ-ის საკუთრების წარმომშობი დოკუმენტები - ურეხის თემის საკრებულოს 30.07.2005წ. გადაწყვეტილება, 10.08.2005წ. მიზომვის აქტი და ხელვაჩაურის სარეგისტრციო სამსახურის გადაწყვეტილება გ. ქ-ის საკუთრებად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ … მდებარე 2173 კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ. გადაწყვეტილებით დადასტურდა სადავო ნაკვეთზე გ. ქ-ის საკუთრების უფლების წარმოშობის არამართლზომიერება. ამდენად, საფუძველს მოკლებულია კასატორის მითითება მისი საკუთრების უფლების დარღვევის, მის საკუთრებაში არსებული მიწის მართლსაწინააღმდეგო განკარგვის შესახებ.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფ 20.08.2014წ. გადაწყვეტილებაზე, რომლითაც გ. ქ-ის სარჩელი მ. მ-ის ნაწილში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 21.11.2007წ. N11 საოქმო გადაწყვეტილებისა და N… საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის, თ. ბ-ის ნაწილში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 16.05.2008წ. N67 საოქმო გადაწყვეტილებისა და N… საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძვლები. სწორედ აღნიშნული აქტების არარად აღიარებას ითხოვს მოსარჩელე გასახილველ დავაში.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე (საქართველოს კონსტიტუციის 82.2 მუხ.), პრეიუდიციული ძალა ენიჭებათ ფაქტებს, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ (სსსკ-ის 106-ე მუხ. „ბ“ ქვ.პ.). ამდენად, სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილებებით დადასტურებულია სადავო აქტების მართლზომიერება, სადავო მიწის ნაკვეთზე გ. ქ-ის საკუთრების უფლების არარსებობა. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სზაკ-ის 60.1 მუხლში ჩამოთვლილი ადმინისტრაციული აქტის არარად აღიარების საფუძვლებიდან რომელიმეს არსებობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო გ. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ქ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.10.2017წ. განჩინება;

3. ნ. ლ-ეს (პ.ნ. …) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 27.02.2018წ. N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ.როინიშვილი