Facebook Twitter

ბს-275-275(კ-18) 01 ნოემბერი, 2018წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.11.2017წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. მ-ემ 10.08.2015წ. სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის 23.06.2015წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მ. მ-ის საკუთრებაში არსებული დაუზუსტებელი 35 კვ.მ. ფართთან და მის მომიჯნავედ მდებარე 34 კვ.მ. ფართთან გადაფარვის ნაწილში.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 08.09.2015წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 10.11.2015წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის 23.06.2015წ. გადაწყვეტილება ქ. ახალციხეში, … ქუჩის მიმდებარედ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს. კ. N…) სახელმწიფო საკუთრებად დაზუსტებული 239.00 კვ.მ. ფართის რეგისტრაციის შესახებ, - მ. მ-ის საკუთრებაში არსებული დაუზუსტებელი 35 კვ.მ. ფართის გადაფარვის ნაწილში (ს. კ. N…) და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ. მ-ის მიმართ; სარჩელი 34 კვ.მ. ფართის ნაწილში სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ - არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.11.2017წ. განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.

კასატორმა აღნიშნა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართვა საკმარისი იყო სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის. სასამართლოს არ ჰქონდა უფლება ბათილად ეცნო სადავო რეგისტრაცია მისი უფლებადამდგენი დოკუმენტის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 17.06.2015წ. მიმართვის ძალაში ყოფნის პირობებში. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მ. მ-ის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში აღრიცხულია დაუზუსტებელი სახით, საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის ვერსიის საფუძველზე, ხოლო სახელმწიფოს საკუთრების უფლება - დაზუსტებული სახით, აზომვითი ნახაზის ციფრული ვერსიის საფუძველზე, შესაბამისად აღნიშნული ნახაზების ურთიერთშედარება რეგისტრაციის განხორციელების მომენტში ვერ მოხდებოდა. კასატორი თვლის, რომ სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანია, რადგან სასამართლო ერთ პუნქტში უთითებს, რომ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო სხვა პუნქტში აღნიშნავს, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატას არ დაუდგენია მ. მ-ის ნაკვეთის ზუსტი მდებარეობა, ქონებათა იდენტურობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ მ. მ-ის სახელზე საკუთრების რეგისტრაცია განხორციელდა 2004წ., რა დროსაც არ დაფიქსირებულა ზედდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან. ის, რომ რეგისტრაცია განხორციელდა დაუზუსტებელი მონაცემებით, საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის ვერსიის საფუძველზე, არ გამორიცხავს მ. მ-ის, როგორც მესაკუთრის კანონიერი უფლებების დაცვის საჭიროებას. მ. მ-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაცია სადავო არ გამხდარა, მის მიმართ მოქმედებს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია. დაუზუსტებელ რეგისტრაციას არ აქვს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა და დაუშვებელია მისი დაყვანა მხოლოდ ფაქტობრივ აღრიცხვამდე. საკუთრება არის ფაქტი და დაუშვებელია მისი უფლების ობიექტის გარეშე - აბსტრაქტული სახით არსებობა, ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს ერთმანეთს. ამასთან, დაპირისპირებული ჩანაწერების არსებობისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული. სახელმწიფოს სახელზე საკუთრების აღრიცხვისას მარეგისტრირებელმა ორგანომ არ გაითვალისწინა 35 კვ.მ. ფართზე მ. მ-ის საკუთრების უფლება, სათანადოდ არ გამოიკვლია საქმის გარემოებები, მათ შორის ქაღალდის ვერსიის საკადასტრო აზომვითი ნახაზები, ნაკვეთების მდებარეობა, კონფიგურაცია, საზღვრები და სხვ.. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მართებულია აღნიშნულ ნაწილში სადავო აქტის ბათილად ცნობა და მარეგისტრირებელი ორგანოსათვის საქმის გარემოებების ხელახლა გამოკვლევის დავალება.

კასატორის მოსაზრება სასამართლოს გადაწყვეტილების ბუნდოვნების შესახებ საფუძველს მოკლებულია, რადგან გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მიხედვით სარჩელი სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, მ. მ-ის საკუთრებაში რიცხული 35 კვ.მ. მიწის ფართის ზედდების ნაწილში, - ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო მ. მ-ის საკუთრებაში რიცხული 35 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არსებული - 34 კვ.მ. მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში - არ დაკმაყოფილდა, რის გამოც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღნიშნული დებულებები არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს და გამომდინარეობს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილიდან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.11.2017წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი