Facebook Twitter

ბს-280-280 (კ-18) 01 ნოემბერი, 2018წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა სს „...“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.11.17წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „...“ 10.05.16წ. სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხის აჭარის და გურიის სააღსრულებო ბიუროს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის და მესამე პირის შპს „...“ მიმართ, აჭარის და გურიის სააღსრულებო ბიუროს 04.04.2016წ. №12003598-032/001 მიმართვის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის 08.04.2016წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 29.05.2017წ. გადაწყვეტილებით სს „...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „...“.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.11.17წ. განჩინებით სს „...“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „...“. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების გზით სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმე განიხილა არაკანონიერმა შემადგენლობამ, ვინაიდან საქმის განხილვა უნდა მომხდარიყო კოლეგიური შემადგენლობით და არა ერთპიროვნულად. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა კანონის მოთხოვნა, რომლის თანახმად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის სავალდებულოა მხოლოდ სააღსრულებო ბიუროს კანონშესაბამისი მოთხოვნის შესრულება, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ იყო, ვინაიდან სააღსრულებო ფურცლით არ დადგენილა მიწის ნაკვეთის გაყოფა. კანონსაწინააღმდეგოა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის გადაწყვეტილება აგრეთვე იმის გამო, რომ მიწის ნაკვეთის გაყოფა განხორციელდა შპს „...“ დაკვეთით შესრულებული ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის მე-15 და მე-16 მუხლების მოთხოვნათა დარღვევით ქონება გადაეცა არაკრედიტორ პირს, ვინაიდან სააღსრულებო ფურცელის თანახმად შპს „...“ არ შეიძლებოდა კრედიტორად მიჩნეულიყო. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება სს „...“ ქონების ნატურით გაყოფის თაობაზე გულისხმობდა არსებული ქონების რეალურად გაყოფას, მაშინ ამავე სასამართლოს გადაწყვეტილებაში მიეთითებოდა ქონების ფასი და გადასაცემი ქონება. ასეთი მითითების არარსებობის გამო, სააღსრულებო ბიურო არ იყო უფლებამოსილი 04.04.2016წ. №... მიმართვა წარედგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „...“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთანავე, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

უსაფუძვლოა კასატორის მითითება იმის თაობაზე, რომ საქმე განიხილა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასკ-ის 34.11 მუხლით დადგენილია სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეთა ერთპიროვნულად განხილვის შესაძლებლობა, საქმეთა კატეგორიის ჩამონათვალში მითითებულია საჯარო რეესტრის ჩანაწერთან დაკავშირებით დავა (ა.გ. ქვ.პ.) და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონიდან გამომდინარე დავა (ა.ზ. ქვ.პ.). ვინაიდან განსახილველი იყო ზემოთმითითებული ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავა, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო საქმე განეხილა ერთპიროვნულად. ამდენად, სახეზე არ არის სსსკ-ის 394-ე მუხლით დადგენილი გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სს „…“ და შპს „…“ შორის ქონების გაყოფასთან დაკავშირებით არსებობს სასამართლოს არაერთი კანონიერ ძაალში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც მიჩნეული იქნა, რომ სს „…“ მოთხოვნები იყო უსაფუძვლო. კერძოდ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.03.2011წ. გადაწყვეტილებით (საქმე №2/ბ-145-2011) დაკმაყოფილდა შ. ფ-ის და ჯ. ფ-ის სარჩელი და სს „…“ დაევალა აქციონერთა საერთო კრების 10.10.2009წ. საოქმო გადაწყვეტილების შესრულება, საწარმოს ნატურით გაყოფის თაობაზე, პროპორციით: 64.999494 %, 35.000506 % რეალური წილის მიხედვით. მითითებულ გადაწყვეტილებაზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი და შენობის გაყოფის თაობაზე ექსპერტიზის დასკვნა სააღსრულებო ბიუროში წარადგინა შპს „…“ დირექტორმა, რომელთა შესწავლის შემდგომ აჭარის და გურიის სააღსრულებო ბიურომ 17.09.2012წ. მიმართვა წარადგინა საჯარო რეესტრში შენობის შესაბამისი წილის შპს „…“ დარეგისტრირების თაობაზე. ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 03.10.2012წ. გადაწყვეტილებით შენობის შესაბამისი წილი დარეგისტრირდა შპს „…“ საკუთრების უფლებით. სააღსრულებო ბიუროს 17.09.2012წ. მიმართვისა და ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 03.10.2012წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით სს „…“ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. აღნიშნულ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 07.12.2012წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით არ დადასტურდა სს „…“ მოთხოვნის საფუძვლიანობა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.03.2011წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის განმარტების მოთხოვნით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 05.01.2015წ. განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურომ. განმცხადებელმა მოითხოვა განმარტებულიყო საკითხი ქონების ნატურით გაყოფისა და გაყოფის თარიღთან დაკავშირებით. კერძოდ, ქონების გაყოფა უნდა მომხდარიყო 10.10.2009წ. მდგომარეობით (აქციონერთა საერთო კრების მიერ საოქმო გადაწყვეტილების მიღების მდგომარეობით) თუ სხვა თარიღით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 11.02.2015წ. განჩინებით დაკმაყოფილდა განცხადება და განიმარტა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.03.2011წ. გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი შემდეგნაირად: „დაკმაყოფილდეს შ. ფ-ის, და ჯ. ფ-ის სარჩელი და დავალდებულდეს სს „…“ შეასრულოს აქციონერთა საერთო კრების 2009 წლის 10 ოქტომბრის საოქმო გადაწყვეტილება – გაიყოს საწარმო ნატურით აქციათა პროპორციულად 64, 999494% და 35, 000506% რეალური წილის მიხედვით 2009 წლის 10 ოქტომბრის მდგომარეობით“. ამავდროულად სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სააღსრულებო ფურცელში მითითებული ტერმინი საწარმოთა შორის ქონების გაყოფა გულისხმობდა ქონების ნატურით გაყოფას.

აღნიშნულ განმარტებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სს „…“ და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების განმარტების შესახებ განჩინებით სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივად შეცვალა სასამართლოს გადაწყვეტილება, ვინაიდან სასამართლომ განმარტა შპს „…“ საკუთრების უფლების გადასვლის შესაძლებლობა. სასამართლოში სარჩელი აღძრული იყო სს „…“ აქციონერთა გადაწყვეტილების შესრულების დავალების თაობაზე და არა ქონების გაყოფაზე. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი განმარტებული იქნა არა „მეწარმეთა შესახებ“ კანონის შესაბამისად საწარმოს წილების გაყოფად, არამედ ქონების გაყოფად, რაც არასწორია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 27.03.2015წ. განჩინებით სს „…“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.02.2015წ. განჩინება. საკასაციო პალატამ მართებულად მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების განმარტება ქონების გაყოფისა და გაყოფის თარიღთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.03.2011წ. გადაწყვეტილებით დადგენილი სს „…“ აქციათა პროპორციულად რეალური წილების მიხედვით ნატურით გაყოფა თავისთავად გულისხმობს საზოგადოების ქონების გაყოფას, რის გარეშეც გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელია.

ამდენად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.03.2011წ. გადაწყვეტილება შენობა-ნაგებობის ნაწილში აღსრულებულია და მასზე მიმდინარე სასამართლო დავებით დადგენილია აღსრულების კანონიერება. ამავე გადაწყვეტილებებით განმარტებულია თითქმის ყველა ის საკითხი, რაც საკასაციო საჩივარშია ასახული. რაც შეეხება მიწის ნაკვეთის გაყოფის თაობაზე შპს „…“ დაკვეთით შესრულებული ექსპერტიზის დასკვნის სააღსრულებო ბიუროს მიერ გაზიარების კანონიერებას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააღსრულებო ბიუროში საწინააღმდეგო შინაარსის ექსპერტიზის დასკვნა სს „…“ მიერ არ ყოფილა წარდგენილი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სს „…“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, სს „…“ სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე სს „…“ მიერ (ს.კ. …) 14.02.18წ. №11 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% _ 210 ლარი

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „...“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.11.17წ. განჩინება;

3. სს „...“ (ს.კ. …) დაუბრუნდეს მის მიერ 14.02.18წ. №11 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი