ბს-418-418(კ-18) 01 ნოემბერი, 2018წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა გ. გ-ას და შ. გ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.12.2017წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. თ-ამ 06.04.2016წ. სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, გ. გ-ას და შ. გ-ას მიმართ კომისიის 11.06.2015წ. N67 გადაწყვეტილებისა და 18.07.2015წ. საკუთრების უფლების მოწმობის 80 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში ბათილად ცნობის მოთხოვნით.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 11.05.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 11.06.2015წ. N67 გადაწყვეტილება და 18.07.2015წ. N81 საკუთრების უფლების მოწმობა 32,60 კვ.მ. ფართის ნაწილში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა გ. გ-ას და შ. გ-ას მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.12.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა გ. გ-ას და შ. გ-ას მიერ.
კასატორები მიიჩნევენ, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ ნაკვეთის მართლზომიერი ფლობა. ვ. თ-ას უფლებადამდგენ დოკუმენტებში უზუსტობებია, გამოყოფილი მიწის მისამართი განსხვავებულად არის მითითებული. ამასთანავე, 06.03.1956წ. შედგენილ დოკუმენტში მითითებულია, რომ ვ. თ-ას მიერ სახლის მშენებლობა მიმდინარეობს 04.04.1956წ. პროექტის საფუძველზე, რაც კიდევ ერთი უზუსტობაა. კასატორები აღნიშნავენ, რომ მოსარჩელის მამკვიდრებლის - ვ. თ-ასათვის მიწის გამოყოფასთან დაკავშირებით მთელი რიგი დოკუმენტები შეიქმნა ფორმალურად, რადგან შ. გ-ა იყო თანამდებობის პირი და არ შეეძლო ჰქონოდა დაშვებულზე მეტი მიწის ნაკვეთი. სადავო მიწით ყოველთვის შ. გ-ა სარგებლობდა. საქმეში დაცული ზუგდიდის მშრომელთა და დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 04.03.1961წ. ოქმში მითითებულია, რომ ვ. თ-ას გაუგრძელდა მშენებლობის ვადა … ქუჩის N...-ში. აღნიშნული მისამართი არ ემთხვევა ამჟამად არსებულ … ქ. N...-ს, ყოფილი … ქუჩა ამჟამად არის … ქუჩა და … ქუჩა. მოსარჩელეს სასამართლოსათვის წარდგენილი აქვს ურთიერთგამომრიცხავი დოკუმენტები. ვ. თ-აზე მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ 1956 წ. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ მიწის გამოყოფა მოხდა … ქუჩაზე, თუმცა მაშინ … ქუჩა უნდა ყოფილიყო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. გ-ას და შ. გ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, §71; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ გასაჩივრებული აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებათა სათანადოდ გამოკვლევის გარეშე, კომისიას არ დაუკითხავს მეზობლები, რომლებმაც ახსნა-განმარტებაში აღნიშნეს, რომ გ. გ-ას ნაკვეთის ზუსტი იდენტიფიცირება და საზღვრების დადგენა არ მოუხდენიათ. საქმეში დაცულია აგრეთვე საექსპერტო დასკვნა, რომლის მიხედვით თ. თ-ას დაკვეთით შესრულებულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მონიშნული მიწის ნაკვეთის ფართობი არ აღემატება ვ. თ-ასთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის ფართობს, ნაკვეთის სამხრეთ-დასავლეთით (… ქუჩის მხარეს) საზღვრის სიგრძე შეესაბამება ვ. თ-ასთვის ზუგდიდის საქალაქო საბჭოს აღმასკომის მიერ დამტკიცებული მშენებლობის პროექტში არსებულ ნახაზზე … ქუჩის მხარეს არსებული საზღვრის სიგრძეს. საქმის მასალებით, მათ შორის ზუგდიდის მშრომელთა და დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის ოქმით, მშენებლობის ნებართვით და მიწის სარგებლობის ხელშეკრულებით დასტურდება მოსარჩელის მამკვიდრებლისათვის მოპასუხეების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გვერდით მიწის გამოყოფა. ამასთანავე, საქმეში დაცულ დოკუმენტებში ასახულ მონაცემებს შორის გარკვეული შეუსაბამობის მიუხედავად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მათი ერთობლივი შეფასებით დასტურდება მხარეების მიწის ნაკვეთებს შორის ზედდების არსებობა.
მართალია კასატორები აღნიშნავენ, რომ მოსარჩელის მამას ნაკვეთი ამ ტერიტორიაზე არ გამოჰყოფია, თუმცა ვერ ასახელებენ ვ. თ-ასთვის გამოყოფილი ნაკვეთის კონკრეტულ მდებარეობას. გასათვალისწინებელია აგრეთვე ის, რომ კასატორებს არასანდოდ მიაჩნიათ საქმეში წარმოდგენილი რიგი დოკუმენტები, თუმცა არ დგინდება მათ გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი, მათი არანამდვილობა სათანადო წესით არ დადასტურებულა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო გ. გ-ას და შ. გ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. გ-ას და შ. გ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.12.2017წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ.როინიშვილი