Facebook Twitter

ბს-436-436 (კ-18) 8 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.03.2018წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

03.10.2017წ. ბ. მ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების 01.06.2017წ. №201714 გადაწყვეტილების, აგრეთვე 18.09.2017წ. №04-09-09/1430 და 02.10.2017წ. №04-09-09/18 დადგენილებების ბათილად ცნობა, ბ. მ-ასთვის 1989 წლის 07 მაისიდან შეზღუდული შესაძლებლობის შეზღუდვის დადგენა მე-2 ჯგუფის ინვალიდობით, ხოლო მე-3 ჯგუფის ინვალიდობის უვადოდ დადგენა, აგრეთვე 2017 წლის 01 ივნისიდან სოციალური პაკეტის აღდგენის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 25.10.2017წ. გადაწყვეტილებით ბ. მ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბ. მ-ას 1989 წლის 07 მაისიდან დაუდგინდა შესაძლებლობის შეზღუდვა მე-2 ჯგუფის ინვალიდობით, 1992 წლის 07 ივლისიდან დაუდგინდა შესაძლებლობის შეზღუდვა მე-3 ჯგუფის ინვალიდობით უვადოდ. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების 01.06.2017წ. №201714 გადაწყვეტილები, აგრეთვე 18.09.2017წ. №04-09-09/1430 და 02.10.2017წ. №04-09-09/18 დადგენილებები. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილებას დაევალა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ბ. მ-ას კუთვნილი შეჩერებული სოციალური პაკეტის აღდგენის შესახებ 2017 წლის 01 ივნისიდან.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.03.2018წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების გზით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას. კასატორი აღნიშნავს, რომ არასწორია სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მიჩნეული იქნა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილებამ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის გარეშე მიიღო გასაჩივრებული აქტები. ადმინისტრაციული ორგანო ხელმძღვანელობს საპენსიო საქმის მასალებით და იგი უფლებამოსილი არ არის მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე დაადგინოს იურიდიული ფაქტი. საპენსიო საქმის მასალებით დასტურდება, რომ ბ. მ-ას 1982 წელს მიენიჭა ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი (მე-3 ჯგუფის ინვალიდობა),რითიც მანამდე მინიჭებულ მნიშვნელოვნად გამოხატულ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსს (მე-2 ჯგუფის ინვალიდობას) დაეკარგა მნიშვნელობა. სააპელაციო სასამართლოს არასწორი შეფასება მისცა ფაქტობრივ გარემოებებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ბ. მ-ას 1989 წლიდან დაუდგინდა მე-2 ჯგუფის ინვალიდობა, რაც დადასტურებულია ბ. მ-ას შრომის წიგნაკით, ინვალიდობით პენსიონერის №... მოწმობით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 08.06.2017წ. №... ცნობით, მოწმეთა ჩვენებებით. აღნიშნული მტკიცებულებების შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ არსებობდა გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის და ბ. მ-ასთვის სოციალური პაკეტის აღდგენის საფუძვლები.

საკასაციო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს არ ქმნის კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანო ხელმძღვანელობს საპენსიო საქმის მასალებით და იგი უფლებამოსილი არ არის მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე დაადგინოს იურიდიული ფაქტი. სზაკ-ის 96-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება მასთან დაცული დოკუმენტაციის ყოველმხრივი და სრულყოფილად შესწავლის ვალდებულება, რომელთა შესრულების შემთხვევაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების მიერ არ იქნებოდა მიღებული გასაჩივრებული გადაწყვეტილებები. შესაბამისად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაკისრებული ვალებულებების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო, მართებულად დაკმაყოფილდა ბ. მ-ას მოთხოვნა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ საფუძველს მოკლებულია კასატორის მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნულის გამო არსებობს განჩინების გაუქმების საფუძვლები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს საკასაციო პრეტენზიებს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.03.2018წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი