Facebook Twitter

ბს-496-496(კ-18) 15 ნოემბერი, 2018წ

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს მთავარი პროკურატურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.12.2017წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ქ-ემ 01.11.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს მთავარი პროკურატურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს მთავარი პროკურატურისათვის მატერიალური ზიანის - 21100 ლარის და მორალური ზიანის - 20 000 ლარის ანაზღაურება. დავის თბილისის საქალაქო სასამართლოში განხილვისას მოპასუხეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შეეცვალა საპროცესო სტატუსი და საქმეში ჩართულ იქნა მესამე პირად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.05.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს მთავარ პროკურატურას ა. ქ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის - 20 820 ლარის და მორალური ზიანის - 1000 ლარის ანაზღაურება, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ სააპელაციო წესით გასაჩივრდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.12.2017წ. გადაწყვეტილებით საქართველოს მთავარი პროკურატურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.05.2017წ. გადაწყვეტილება შეიცვალა საქართველოს მთავარი პროკურატურისათვის ა. ქ-ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით (მიუღებელი შემოსავლის ფორმით) 9000 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში საქართველოს მთავარ პროკურატურას ა.ქ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 7200 ლარის ანაზღაურება; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ საკასაციო წესით გასაჩივრდა.

კასატორმა საქართველოს კონსტიტუციის 42.9 მუხლის, სზაკ-ის 207-ე, 208-ე, სსკ-ის 992-ე, 1005-ე მუხლების საფუძველზე აღნიშნა, რომ არ არსებობს პროკურატურისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი, რადგან არ დასტურდება მისი მხრიდან მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა, რომელმაც გამოიწვია ზიანი. კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ეფუძნებოდა კანონს და კანონის საფუძველზე მიღებულ საპროცესო დოკუმენტებს - სასამართლო განჩინებებს. კასატორი მიიჩნევს, რომ მორალური ზიანის დაკისრებული ოდენობა არაგონივრულად დიდია, არ შეესაბამება აღნიშნულ საკითხზე ეროვნული და ევროპული სასამართლოს პრაქტიკას. კასატორი აღნიშნავს, რომ სისხლისსამართლებრივ დევნას ლეგიტიმური მიზანი აქვს, წინასწარ ვერ განისაზღვრება კონკრეტული საქმის შედეგი, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით მხოლოდ სასამართლოს პრეროგატივაა.

კასატორი არ ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საადვოკატო ხარჯებთან დაკავშირებით, აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებაში მითითებული ანგარიში და შემოსავლის ორდერებში მითითებული ანგარიში სხვადასხვაა, ამასთანავე, თანხის გადახდა განხრციელდა სისხლისსამართლებრივი საქმის წარმოების დასრულების შემდეგ, ამდენად, არ დგინდება გადახდილი თანხის მიზნობრიობა. კასატორი მიიჩნევს, რომ გაურკვეველია ა. ქ-ესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, ბრალის წარდგენასა და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირის არსებობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით (სუსგ 04.06.2015წ., Nბს-485-474(2კ-14)) და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს (Case of Poghosyan and Baghdasaryan v. Armenia, 12.09.2012წ., განაცხ. #22999/06). ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ პროკურატურის ბრალეული ქმედების დაუდასტურებლობის პირობებში, დაუშვებელია მისთვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება, რადგან განსახილველ შემთხვევაში პროკურატურისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრების სამართლებრივი საფუძველია სკ-ის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად ზიანი ანაზღაურდება ზიანის მიმყენებლის ბრალის მიუხედავად. დაუშვებელია დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მომწესრიგებელი ზოგადი ნორმებით (სკ-ის 992, 1005.1 მუხ.) დადგენილი მოთხოვნების გავრცელება სპეციალური ნორმით (სკ-ის 1005.3 მუხ.) მოწესრიგებულ კონკრეტულ სამართალურთიერთობაზე, რომელსაც ადგილი აქვს უკანონო ბრალდებისა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონო შეფარდების შემთხვევაში. სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენით დადასტურდა ა. ქ-ის უდანაშაულობა, ამდენად, დგინდება, რომ მას მოუწია კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების შემზღუდავი ზემოქმედების ატანა შეზღუდვის თმენის ვალდებულების დაკისრების დასაბუთებული სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, განხორციელების მომენტში ფორმალურად კანონიერად გამოყენებული აღკვეთის ღონიძიებები მარეაბილიტირებელი გარემოების დადგენისთანავე, სკ-ის 1005.3 მუხლის მიზნებისთვის, მიიჩნევიან უკანონოდ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლების არსებობის შესახებ.

რაც შეეხება დაკისრებული მორალური ზიანის ოდენობას, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა.ქ-ის პატიმრობის ხანგრძლივობის, წაყენებული ბრალდების შინაარსის, მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნების გათვალისწინებით, 1000 ლარი ა.ქ-ისთვის მიყენებული მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურებაა.

მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ საქმის მასალებით დასტურდება ა. ქ-ისათვის ბრალის წაყენებამდე და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებამდე, მისი შპს „…“ დასაქმება, საქმეში დაცულია აგრეთვე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ინფორმაცია, საიდანაც დგინდება, რომ განაცდურ პერიოდში ა. ქ-ეს შეეძლო ხელფასის სახით 9000 ლარის, ხოლო დაბეგვრის გათვალისწინებით - 7200 ლარის მიღება. რაც შეეხება კასატორის მითითებას შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის დაუდგენლობის შესახებ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ა. ქ-ე გათავისუფლდა 01.05.2014წ., საქართველოს შრომის კოდექსის 37.1 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რაც გულისხმობს პირის გათავისუფლებას ისეთი ობიექტური გარემოების არსებობისას, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას. აღნიშნულთან მიმართებით, გასათვალისწინებელია, რომ ა. ქ-ეს ბრალი წაეყენა 10.04.2014წ., ხოლო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა 11.04.2014წ., სწორედ აღნიშნული მომენტიდან წარმოიშვა ა. ქ-ის მიერ შრომითი ხელშეკრულების შესრულების ობიექტური დამაბრკოლებელი გარემოება. ამდენად, მართებულია მოსაზრება განაცდური ხელფასის ანაზღაურების შესახებ.

რაც შეეხება საადვოკატო ხარჯს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის დასა და ადვოკატ გ. ნ-ს შორის დადებული იურიდიული მომსახურების შესახებ N15 ხელშეკრულებით, სალარო შემოსავლის ორდერებითა და განაჩენებით დასტურდება ა. ქ-ის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე ადვოკატ გ. ნ-ის მონაწილეობა. ის გარემოება, რომ სალარო შემოსავლის ორდერებში მითითებული ანგარიშები არ ემთხვევა ხელშეკრულებაში მითითებულ ანგარიშს, არ ქმნის აღნიშნული ხარჯის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს, რადგან შემოსავლის ორდერებში მითითებული თანხის გადახდის დანიშნულებით დასტურდება თანხის შეტანა ა. ქ-ისათვის გაწეული საადვოკატო მომსახურების ანაზღაურების მიზნით. ამასთანავე, იურიდიული მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულების მხარეები უფლებამოსილნი არიან შეთანხმდნენ მომსახურების ანაზღაურების მათთვის მისაღებ დროსა და წესზე, მხარე შეზღუდული არ არის ადვოკატის მომსახურების საფასური აანაზღაუროს სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე წარმოების დასრულების შემდეგ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს მთავარი პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს მთავარი პროკურატურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.12.2017წ. გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი