ბს-508-508 (კ-18) 01 ნოემბერი, 2018წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.12.2017წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 21.03.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის ზ. ჩ-ის მიმართ, მის მიერ უსაფუძვლოდ მიღებული თანხის 3109.60 ლარის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 10.02.2016წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ზ. ჩ-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაევალა უსაფუძვლოდ მიღებული თანხის ანაზღაურება 3109.60 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ზ. ჩ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.12.2017წ. გადაწყვეტილებით ზ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ზ. ჩ-ს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 2861,63 ლარის ანაზღაურება. დანარჩენ ნაწილში მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელიც ითხოვს დაუკმაყოფილებელ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა 247 ლარის ანაზღაურების ნაწილში იყო უსაფუძვლო. ზ. ჩ-ი საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან განთავისუფლდა 28.11.2016წ., ხოლო მას ნოემბრის თვის ხელფასი ჩაერიცხა სრულად. თავდაცვის სამინისტრომ მიიჩნია, რომ მას არასწორად ჩაერიცხა ერთჯერადი დახმარება შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 26.09.2007წ. #560 ბრძანებით განსაზღვრული იყო გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის თანამდებობიდან განთავისუფლების შემთხვევაში ერთჯერადი დახმარების გაცემა, ვინაიდან ზ. ჩ-ი იყო სამოქალაქო ოფისის თანამშრომელი, მისი სამსახურიდან განთავისუფლების შემთხვევაში კანონი ითვალისწინებდა არა ერთჯერადი დახმარების გაცემას, არამედ შტატების შემცირებისა და რეორგანიზაციისას სამსახურიდან განთავისუფლების გამო 2 თვის თანამდებობრივი სარგოს გაცემას. აღნიშნულიდან გამომდინარე თავდაცვის სამინისტრომ მიიჩნია, რომ ზ. ჩ-ს ნაცვლად ერთჯერადი დახმარებისა, უნდა ჩარიცხვოდა 2 თვის თანამდებობრივი სარგო 2230 ლარის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე თავდაცვის სამინისტრომ მიიჩნია, რომ ზ. ჩ-ს უსაფუძვლოდ ჩაერიცხა 2862 ლარი და მას უსაფუძვლოდ ჩარიცხულ ერთჯერად დახმარებასთან ერთად უნდა დაკისრებოდა ზედმეტად მიღებული ნოემბრის თვის 3 დღის (28,29,30 ნოემბერი) ხელფასი, რაც ჯამში 3109.60 ლარს (2862+247=3109) შეადგენდა. აღნიშნული გარემოება არ გაითვალისწინა სააპელაციო სასამართლომ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უსაფუძვლოდ ეთქვა უარი ზ. ჩ-ის მიერ ზედმეტად მიღებული ნოემბრის თვის 3 დღის ხელფასის - 247 ლარის ანაზღაურების ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთანავე, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა თვლის, რომ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრებები 247 ლარის მოთხოვნის ანაზღაურების ნაწილში და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მართებულად ეთქვა უარი ამ ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო: „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 26.09.2007წ. #560 ბრძანებით განსაზღვრული იყო გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის თანამდებობიდან განთავისუფლების შემთხვევაში ერთჯერადი დახმარების გაცემა, რაც ზ. ჩ-ის წელთა ნამსახურების გათვალისწინებით შეადგენდა 5340 ლარს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 07.02.2017წ. #MOD 6 17 00118301 წერილით (ს.ფ.18) დგინდება, რომ ზ. ჩ-ს მის მიერ ნამსახურები 20 კალენდარული წლის გათვალისწინებით ერთჯერადი დახმარების სახით გათვალისწინებული იყო 5340 ლარის ჩარიცხვა. ზ. ჩ-ი სამსახურიდან განთავისუფლდა 28.11.2016წ., თუმცა ამის მიუხედავად ნოემბრის თვის ხელფასი მას სრულად ჩაერიცხა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ამავე წერილის თანახმად ზ. ჩ-ისათვის ჩასარიცხ 5340 ლარს გამოაკლდა მის მიერ ზედმეტად მიღებული 28,29,30 ნოემბრის თვის ხელფასი 247 ლარის ოდენობით და შედეგად ზ. ჩ-ს ჩაერიცხა 5092 ლარი (5340-247.97=5092). თავდაცვის სამინისტრომ მოგვიანებით მიიჩნია, რომ არასწორი იყო ზ. ჩ-ის მიმართ ერთჯერადი დახმარების გაცემა, ვინაიდან იგი იყო სამოქალაქო ოფისის თანამშრომელი და არ წარმოადგენდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 26.09.2007წ. #560 ბრძანებით განსაზღვრულ სუბიექტს, რომლისთვისაც გათვალისწინებული იქნებოდა ერთჯერადი დახმარების გაცემა. ამდენად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მიიჩნია, რომ ნაცვლად ერთჯერადი დახმარებისა, ზ. ჩ-ს უნდა ჩარიცხვოდა 2 თვის თანამდებობრივი სარგო, რაც 2230 ლარს შეადგენდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 23.01.2017წ. წერილით მიმართა ზ. ჩ-ს მის მიერ ზედმეტად მიღებული 3109.60 ლარის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის დაბრუნების მოთხოვნით. მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო თავდაცვის სამინისტრომ სარჩელით მომართა სასამართლოს. სასარჩელო განცხადებიდან ირკვევა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ნაცვლად ზ. ჩ-ისათვის ჩარიცხულ 5092 ლარისა და მისაღებ 2230 ლარის სხვაობისა, რაც შეადგენს 2862 ლარს, ზ. ჩ-ისაგან დამატებით ითხოვს ნოემბრის თვის 3 დღის ხელფასის თანხის დაბრუნებას - 247 ლარის ოდენობით, ჯამში 3109 ლარს. საკასაციო პალატა თვლის, რომ ვინაიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 07.02.2017წ. #MOD 6 17 00118301 წერილით (ს.ფ.18) დგინდება, რომ ზ. ჩ-ისათვის ჩასარიცხ 5340 ლარს ჩარიცხვამდე მითითებულ თანხას გამოაკლდა მის მიერ ზედმეტად მიღებული 28,29,30 ნოემბრის თვის ხელფასი 247 ლარის ოდენობით და შედეგად ზ. ჩ-ს ჩაერიცხა 5092 ლარი (5340-247.97=5092), სამინისტრო აღარ არის უფლებამოსილი მითითებული 247 ლარი მოითხოვოს ზ. ჩ-ისაგან. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უფლებამოსილია ზ. ჩ-ისაგან მოითხოვოს მხოლოდ უსაფუძვლოდ ჩარიცხულ ერთჯერად დახმარებასა და კუთვნილ ორი თვის თანამდებობრივ სარგოს შორის სხვაობა (2861,63 ლ.) და მოთხოვნა 247 ლარის ანაზღაურების ნაწილში უსაფუძვლოა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.12.2017წ. გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი