Facebook Twitter

ბს-529-529 (კ-18) 01 ნოემბერი, 2018წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.11.2017წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ქ-ემ 21.10.2015წ. სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: ბათუმის მერიის, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, მესამე პირების: სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და შ. ა-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქ. ბათუმის მერიისთვის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 09.10.1980წ. №655 გადაწყვეტილების დანართში ცვლილების შეტანის დავალება იმგვარად, რომ ე. და ნ. (ნო.) ქ-ების გვარის გასწვრივ ნაცვლად ბინის ნომრისა …, მითითებულიყო ბინის ნომერი … (ს.კ. …). მოსარჩელემ მოითხოვა აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 21.09.2012წ. №01-10/4999 მიმართვის და მის საფუძველზე საჯარო რეესტრში განხორციელებული ჩანაწერის ბათილად ცნობა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 22.10.2015წ. განჩინებით ნ. ქ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აეკრძალა სახელმწიფოს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე, ქ. ბათუმში … ქ. …, ბ.№… (ს.კ. …), გასხვისება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 04.04.2016წ. განჩინებით ნ. ქ-ის გარდაცვალების გამო შეჩერდა საქმისწარმოება მოსარჩელის უფლებამონაცვლის დადგენამდე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 13.07.2016წ. განჩინებით განახლდა საქმის წარმოება და ნ. ქ-ის უფლებამონაცვლედ მიჩნეული იქნა მ. ვ-ე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 10.02.2016წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 22.10.2015წ. განჩინებით დადგენილი აკრძალვა.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მ. ვ-ის მიერ, რომელმაც დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 21.09.2012წ. №01-10/4999 მიმართვის და მის საფუძველზე საჯარო რეესტრში განხორციელებული ჩანაწერის ბათილად ცნობა და ქ. ბათუმის მერიისთვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ქ. ბათუმში, … ქ. …, ბინა №… (ს.კ. …) მ. ვ-ის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.11.2017წ. გადაწყვეტილებით მ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ქ. ბათუმის მერიას დაევალა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. ბათუმში, … ქ. …, ბინა №… (ს.კ. …) საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე. დანარჩენ ნაწილში მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები. საქმის მასალებით დგინდება, რომ ე. და ნ. ქ-ებს გამოეყოთ ქ. ბათუმში, … ქ. …-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულზე განთავსებული ბინა №… . აღნიშნულ ბინა კი, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, შ. ა-ის სახელზეა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული. მოსარჩელე მხარის მიერ არ წარმოდგენილა ბათუმში, … ქ. …-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულზე განთავსებული №… ბინის გადაცემის და მისი ოჯახის მიერ აღნიშნული ბინით სარგებლობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამასთან, მოსარჩელე მხარეს ქ. ბათუმის მერიისთვის არ მოუმართავს ბინის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით. აღნიშნულის გამო არ არსებობდა მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, რაც არასწორად იქნა შეფასებული სააპელაციო სასამართლოს მიერ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთანავე, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრებები ნ. ქ-ის ოჯახის ქ. ბათუმში, … ქ. …-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ბინა №…-ით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების არარსებობის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და მიიჩნია, რომ საქმეში დაცული მტკიცებულებები, მათ შორის, აღნიშნულ ბინაში აბონენტად ნ. ქ-ის დაფიქსირება და მის მიერვე კომუნალური გადასახადების გადახდის დამადასტურებელი ქვითრები ადასტურებდა ნ. ქ-ის ოჯახის მიერ ქ. ბათუმში, ი-ის ქ. …-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ბინა №…-ით სარგებლობას, ხოლო სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 09.10.1980წ. №655 გადაწყვეტილების დანართით უდავოდ დასტურდებოდა ე. და ნ. (ნო.) ქ-ეებისთვის ბინის გადაცემის უფლების მინიჭება. აღნიშნული უფლების რეალიზება განახორციელა ნ. ქ-ის ოჯახმა #... ბინაზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავოდ არ გამხდარა სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 09.10.1980წ. №655 გადაწყვეტილება, იგი დღემდე ძალაშია და წარმოადგენს მისი გამოცემის დროისთვის მოქმედი „სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ 30.05.1997წ. კანონის, აგრეთვე საქართველოს მთავრობის 20.02.2014წ. №189 დადგენილებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ მე-4 მუხლით გათვალისწინებულ, 2007 წლის 02 თებერვლამდე, სარგებლობის უფლებით გადაცემულ არაპრივატიზებული საცხოვრებელ ბინაზე საკუთრების უფლების მოპოვების კანონიერ საფუძველს.

ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ბინა არ არის რეგისტრირებული სხვა ფიზიკური პირის სახელზე, ის რეგისტრირებულია სახელმწიფოს სახელზე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს ბინის საკუთრების უფლებით გადაცემის სხვა დამაბრკოლებელი გარემოება, რაც მართებულად გახდა მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.11.2017წ. გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი