Facebook Twitter

ბს-535-535 (კ-18) 01 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.02.2018წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

30.11.2016წ. ჯ. ხ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორის 22.10.2016წ. №MIA 816 02646800 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ჯ. ხ-ის 11.10. 2016წ. განცხადების განხილვის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 19.10.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორის 22.10.2016წ. №MIA 81602646800 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა ჯ. ხ-ის 11.10.2016წ. განცხადების განხილვა.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.02.2018წ. განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.10.2017წ. გადაწყვეტილება.

გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების გზით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია ჯ. ხ-ის განცხადება განსხვავებული შინაარსის მქონე განცხადებად, ვინაიდან განცხადება შეიცავდა იგივე მოთხოვნას, რაც მანამდე წარმოდგენილ განცხადებებში იყო ასახული. ჯ. ხ-ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს 24.06.2013წ. №1225713 და 23.02.2015წ. №2646800 წერილებით ეცნობა, რომ მისი ნამსახურების წლების ოდენობა შეადგენდა 18 წელს, 07 თვეს და 21 დღეს. აღნიშნულის გამო ჯ. ხ-ს უარი ეთქვა ნამსახურობის ნუსხის გაცემაზე, ვინაიდან „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის თანახმად სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისათვის სავალდებულოა ნამსახურობის 20 ან 20-ზე მეტი კალენდარული წელი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროში ჯ. ხ-ის მიერ ისეთი შინაარსის განცხადებების წარდგენა, რაზეც უკვე იმსჯელა სამინიტრომ, სზაკ-ის 102-ე მუხლის თანახმად მართებულად გახდა ჯ. ხ-ის 11.10.2016წ. განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველი, რაც არასწორად იქნა შეფასებული ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ უმართებულოა ჯ. ხ-ის 11.10.2016წ. განცხადების განუხილველად დატოვება და იგი ექვემდებარებოდა სამინისტროს მიერ არსებითად განხილვას. საქმის მასალებით დგინდება, რომ ჯ. ხ-მა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა 15.05.2013წ. და 16.02.2015წ. განცხადებებით, რომლითაც ითხოვდა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით წელთა ნამსახურობის ნუსხის გაცემას მისი შრომითი სტაჟის გათვალისწინებით. მითითებულ განცხადებებზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული იქნა უარყოფითი პასუხი იმ დასაბუთებით, რომ ჯ. ხ-ის მიერ ნამსახურები წლების ოდენობა შეადგენდა 18 წელს, 07 თვეს და 21 დღეს, რაც საკმარისი არ იყო ნამსახურობის ნუსხის გაცემისათვის. ჯ. ხ-მა 11.10.2016წ. კვლავ მიმართა განცხადებით შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა ნამსახურობის წლებში შრომით სტაჟთან ერთად უმაღლეს სასწავლებელში სწავლების 5 წლიანი პერიოდის ჩათვლა და ნამსახურობის ნუსხის გაცემა. აღნიშნული განცხადება სზაკ-ის 102-ე მუხლზე მითითებით განუხილველი დარჩა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორის 22.10.2016 წ. №MIA 816 02646800 წერილით. საკასაციო პალატა თვლის, რომ მართალია ჯ. ხ-ის მიერ 11.10.2016წ. განცხადების წარდგენა მიზნად ისახავდა ნამსახურობის ნუსხის გაცემას, რასაც იგი ითხოვდა 15.05.2013წ. და 16.02.2015წ. განცხადებებით, თუმცა 11.10.2016წ. განცხადების შინაარსი განსხვავდებოდა მანამდე წარდგენილი განცხადებების შინაარსისაგან იმ თვალსაზრისით, რომ ამჯერად ჯ. ხ-ი ითხოვდა მის შრომით სტაჟთან ერთად უმაღლეს სასწავლებელში სწავლების 5 წლიანი პერიოდის ჩათვლას ნამსახურები წლების ოდენობაში და აღნიშნული წლების გათვალისწინებით ნამსახურობის ნუსხის გაცემას. ამდენად, სახეზე არ არის სზაკ-ის 102-ე მუხლის გამოყენების წინაპირობა, რაც მართებულად გახდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

საკასაციო პალატა თვლის, რომ საფუძველს მოკლებულია კასატორის მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნულის გამო არსებობს განჩინების გაუქმების საფუძვლები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს საკასაციო პრეტენზიებს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.02.2018წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი