Facebook Twitter

ბს-560-560(კ-18) 01 ნოემბერი, 2018 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.02.2018წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. თ-ამ 29.03.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და დაზუსტებული სარჩელით მოითხოვა: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან მ. თ-ას გათავისუფლების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 01.03.2016წ. №541 ბრძანების, მ. თ-ას ნაწილში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 12.02.2016წ. ინსპექტირების დასკვნის ბათილად ცნობა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე ან ტოლფას თანამდებობაზე მ. თ-ას აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენის თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისათვის.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.03.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 01.03.2016წ. №541 ბრძანება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან მ. თ-ას გათავისუფლების შესახებ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა მოსარჩელის საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდვიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; მ. თ-ას სარჩელზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 12.02.2016წ. ინსპექტირების დასკვნის ბათილად ცნობის ნაწილში შეწყდა წარმოება, დაუშვებლობის გამო; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩირვდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.02.1018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება ფაქტობრივად და სამართლებრივად დაუსაბუთებელია, სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა მტკიცებულებები. სადავო აქტს საფუძვლად დაედო ქ. თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 12.02.2016წ. დასკვნა, რომელიც წარმოადგენს სადავო ბრძანების დასაბუთებასა და მის განუყოფელ ნაწილს, რაც ადასტურებს, რომ აქტი დასაბუთებულია. კასატორი აღნიშნავს, რომ მიღება-ჩაბარების აქტებით მოხდა იმ ოდენობის სამუშაოს შესრულების დადასტურება, რაც არ შესრულებულა და ფიზიკურად ვერც შესრულდებოდა, სკვერში მითითებული მიწის ფართის ოდენობის არარსებობის გამო. აღნიშნულ მიღება-ჩაბარების აქტებს და შესბამისად მათში ასახულ მონაცემებს ხელმოწერით ადასტურებდა სფეროს კურატორი მოადგილე მ. თ-ა. მ. თ-ას მხრიდან ჩადენილ გადაცდომად მიჩნეულ იქნა სწორედ ის ფაქტი, რომ მან შესრულებულად ჩათვალა ის სამუშაოები, რაც არ შესრულებულა. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი წარმოადგენდა არა სამსახურის უფროსის, არამედ მ. თ-ას ვალდებულებას, სწორედ მას უნდა მიეწოდებინა სათანადო ინფორმაცია სამსახურის უფროსისათვის. კასატორი მიუთითებს, რომ გარდა შიდა აუდიტის სამსახურის თანამშრომელთა მიერ შედგენილი ოქმისა, სასამართლოში წარდგენილი იყო ასევე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ განხორციელებული აზომვების ამსახველი დოკუმენტაციაც, რითაც უტყუარად დასტურდებოდა მიღება-ჩაბარების აქტებში დაფიქსირებულ მონაცემებსა და ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოს შორის შეუსაბამობა. მოხელის მიერ კონტრაქტორი კომპანიის შესრულებული სამუშაოს გადამოწმების და მხოლოდ ამის შემდეგ ანაზღაურების გაცემის ვალდებულება, არ საჭიროებს სპეციალურ ნორმატიულ მოწესრიგებას და ხელმძღვანელის დამატებით მითითებებს. კასატორი აღნიშნავს, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება მოთხოვნილ იქნა ყველა იმ პირის მიმართ, რომელიც დაკავშირებული იყო აღნიშნულ საქმესთან, შესაბამისად, არასწორია სასამართლოს მოსაზრება პასუხისმგებლობის მხოლოდ მ. თ-ასათვის დაკისრების შესახებ.

კასატორი აღნიშნავს, რომ მ. თ-ას კიდევ ერთი გადაცდომა შეეხებოდა 400000 ცალი ყვავილის შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერს და მათ დარგვას, სამსახურმა ვერ უზრუნველყო აღნიშნული ოდენობის ყვავილის შესყიდვა ტენდერის უარყოფითი შედეგით დასრულების გამო, შეძენილ იქნა მხოლოდ 210 000 ცალი ყვავილი. ყვავილების მცირე ოდენობის გამო რგვები ვერ განხორციელდა 9 აპრილის სახელობის ბაღში. მართალია შესყიდვების გამოცხადება ხდება შესყიდვების საქალაქო სამსახურის მიერ, თუმცა თითოეული შესყიდვის დაგეგმვა და ინიცირება ხდება უშუალოდ იმ სამსახურის მიერ, რომელსაც კონკრეტული სამუშაო, საქონელი, ესაჭიროება. განსახილველ შემთხვევაშიც შესყიდვების ინიცირება განხორციელდა ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის მიერ, აღნიშნულ პროცესში ჩართული იყო მ. თ-ა, შესაბამისად, მისი პასუხისმგებლობის წინაპირობების არსებობა ცალსახაა.

კასატორი თვლის, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა ის გარემოება, რომ ყვავილების ნაწილის განადგურების ფაქტი მ. თ-ას მხრიდან ყოველგვარი რეაგირების გარეშე დარჩა, მ. თ-ამ არ გამოიკვლია აღნიშნული საკითხი, ყვავილების განადგურების გარკვეული წინაპირობების გამოვლენის შემთხვევაში მერიას შესაძლებლობა მიეცემოდა ყვავილების მომწოდებლისგან მოეთხოვა ახალი ყვავილების უფასოდ დარგვა.

კასატორი მიიჩნევს, რომ კონტრაქტორი კომპანიის მიერ ხელშეკრულებით გათვალისიწნებულ დამატებით ვალდებულებათა შეუსრულებლობა წარმოადგენდა მის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს, თუმცა მ. თ-ამ არ უზრუნველყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე კონტროლი, რის გამოც წარმოიშვა თვითმმართველის ბიუჯეტისათვის მიუღებელი შემოსავალი.

კასატორი აღნიშნავს, რომ შემოწმება არ განხორციელებულა გამოსაცდელი ვადის პერიოდში, ამიტომ დარღვევათა გამოვლენა მ. თ-ას გამოსაცდელი ვადის დროს არ მომხდარა, რაც არ გამორიცხავდა ორგანოს მიერ ამ დარღვევების შემდგომში გამოვლენის შესაძლებლობას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ სადავო აქტი გამოცემულია საქმის გარემოებათა სათანადო გამოკვლევისა და დასაბუთების გარეშე, რაც ქმნის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად მისი ბათილად ცნობის და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საკითხის ხელახლა გამოკვლევის დავალების საფუძველს.

მართებულია სააპელაციო პალატის მითითება, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების კონტროლი შედიოდა როგორც ეკოლოგიისა დაგამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის, ასევე ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის თბილისის შემოსასვლელების, სანაპიროების, პარკების აღდგენისა და მოწყობის განყოფილების უფროსის ფუნქცია-მოვალეობებში, ამასთანავე, ორივე მათგანი ანგარიშვალდებული იყო ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის წინაშე (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 25.05.2015წ. N2452 ბრძანებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მერიის მოხელეთა თანამდებობრივი ინსტრუქციები - სამუშაო აღწერილობები“, ს.ფ. 126.127). ამდენად, მ. თ-ა არ იყო ხელშეკრულებათა შესრულების კონტროლის განმახორციელებელი ერთადერთი პირი. საქმის მასალების მიხედვით, ხელშეკრულების შესრულება ეტაპობრივად ფიქსირდებოდა მიღება-ჩაბარების აქტებში. მნიშვნელოვანია, რომ მიღება-ჩაბარების აქტებიდან არ ჩანს სამსახურის კონკრეტულად რომელი თანამშრომლის მიერ იქნა სამუშაოები ჩაბარებული, მითითებულია მხოლოდ ის, რომ სამუშაოები ჩაიბარა თბილისის შემოსასვლელების, სანაპიროების, პარკების აღდგენისა და მოწყობის განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა.

მნიშვნელოვანია აგრეთვე ის გარემოება, რომ ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსს, რომლის წინაშეც ანგარიშვალდებულნი იყვნენ ხელშეკრულების შესრულების კონტროლზე პასუხისმგებელი პირები, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების არასათანადო კონტროლის, არასწორი მეთოდიკის, არაეფექტიანი შემოწმების განხორციელების შესახებ დაქვემდებარებულ პირთა მიმართ რაიმე მითითებები არ გაუცია.

ის გარემოება, რომ მიღება-ჩაბარების აქტებში მითითებული მიწის ფართი აღემატებოდა პარკის რეალურად არსებულ ფართს, ერთმნიშვნელოვნად არ ასაბუთებს მ. თ-ასთვის ყველაზე მკაცრი პასუხისმგებლობის სახის დაკისრებას, რადგან მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული მონაცემები შეესაბამებოდა ხელშეკრულებაში ასახულ მონაცემებს. არ დგინდება, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოთა შესრულების კონტროლი გულისხმობდა აგრეთვე ფართის დაზუსტებას. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული საჭიროებს სპეციალურ ცოდნასა და აღჭურვილობას, რაც შესაძლოა მ. თ-ას საერთოდ არ ჰქონოდა.

მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითება, რომ მოსარჩელე სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე 3-თვიანი გამოსადელი ვადით დაინიშნა 23.07.2015წ., რა დროსაც მიმდინარეობდა ყვავილების მორწყვა-გამარგვლისა და ნიადაგის გაფხვიერების სამუშაოები, ამასთან, არ არის დადგენილი მოსარჩელის თანამდებობაზე დანიშვნის მომენტში რამდენი ყვავილის მორწყვა-გამარგვლა მიმდინარეობდა. ორგანომ ვერ დაასაბუთა 18 000 ცალი ყვავილის მ. თ-ას დანიშვნის შემდგომ დაზიანება, არ დასტურდება, რომ მ. თ-ას ბრალეული ქმედების/უმოქმედობის შედეგად ვერ განხორციელდა არსებული ყვავილების სათანადო მოვლა, რამაც მათი განადგურება გამოიწვია. გაურკვეველია 18000 ცალი ყვავილის განადგურებასთან დაკავშირებით კონკრეტულად რაში გამოიხატა მ. თ-ას მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულება.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მ. თ-ამ წარმატებით გაიარა 3-თვიანი გამოსაცდელი ვადა და თანამდებობაზე დაინიშნა უვადოდ. ზოგიერთი დარღვევა, რომელზეც ადმინისტრაციული ორგანო უთითებს, ემთხვევა მ. თ-ას გამოსაცდელი ვადის პერიოდს, რომელიც მან წარმატებით გაიარა. პირის გამოსაცდელი ვადით დანიშვნა გულისხმობს ამ ვადაში პირის მიერ განხორციელებული ქმედებების ზედმიწევნით კონტროლს, რათა გადაწყდეს მოხელის უვადოდ დანიშვნის საკითხი. ორგანოს არ დაუდგენია გამოსაცდელი ვადის პერიოდში მ. თ-ს მიერ რაიმე გადაცდომის ჩადენა, ვალდებულებათა არაჯეროვანი შესრულება, დაკისრებულ მოვალეობათა მიმართ გულგრილი დამოკიდებულება, მ. თ-ას საქმიანობის მეთოდის არაეფექტიანობა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ორგანოს მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, არ ათავისუფლებს ორგანოს საქმის გარემოებათა სათანადო გამოკვლევისა (სზაკ-ის 53-ე მუხ.) და აქტის დასაბუთების ვალდებულებისაგან (სზაკ-ის 96-ე მუხ.). განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი არ შეიცავს რაიმე დასაბუთებას მ. თ-ასათვის ყველაზე მძიმე დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ. დაკისრებული სახდელი უნდა იყოს ჩადენილი გადაცდომის პროპორციული. ნორმატიულად სახდელის სხვადასხვა სახის განსაზღვრა მიზნად ისახავს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გადაცდომის შინაარსის, ინტენსივობის, ხასიათისა და დამდგარი შედეგის გათვალისწინებით სათანადო და თანაზომიერი სახდელის შერჩევის საჭიროებას. ამასთანავე, სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს არა მარტო ჩადენილი გადაცდომის შინაარსი, სიმძიმე და შედეგები, არამედ აგრეთვე ჩადენის გარემოებები, მოსამსახურის პროფესიული მახასიათებლები. ის, რომ სახდელის შეფარდების პროცესში ადმინისტრაციული ორგანო სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით, არ გამოირცხავს კონკრეტული სახდელის შერჩევის დასაბუთების აუცილებლობას.

ამდენად, დგინდება, რომ არსებობდა სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე საკითხის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაბრუნების წინაპირობები. ამასთან, მართალია ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-19 მუხ.) სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების სრულ ჩანაცვლებას. როდესაც წარმოების ხარვეზები არსებითია, ხოლო საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები - გამოუკვლეველი, სასამართლოსათვის შეუძლებელი ხდება მიმდინარე განხილვის ფარგლებში დავის არსებითად გადაწყვეტა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.02.2018წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ.როინიშვილი