Facebook Twitter

ბს-809(კს-18) 22 ნოემბერი, 2018წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - შპს „…“

მოწინააღმდეგე მხარეები - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახური

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის 30.03.2018 წ. განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

შპს „…“ 27.05.2014წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 16.08.2013წ. N621 საგადასახადო მოთხოვნის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 14.11.2013წ. N57575 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 25.04.2014წ. გადაწყვეტილების დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯის გამოქვითვის ნაწილში ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.05.2017წ. გადაწყვეტილებით შპს ,,...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც შპს „…“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასმართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.09.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, აპელანტს დაევალა განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - 7000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების/გათავისუფლების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა, შპს-ს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

25.12.2017წ. სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა შპს „…“ და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება იმ საფუძვლით, რომ საწარმო 4 წელია აღარ ფუნქციონირებს და არ აქვს რაიმე ბრუნვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 03.01.2018წ. განჩინებით აპელანტს 10 დღით გაუგრძელდა ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი საპროცესო ვადა და დაევალა სახელმწიფო ბაჟის - 7000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ან სახელმწიფო ბაჟის გადავადების ან/და გათავისუფლების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა. აპელანტს განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

05.03.2018წ. სააპელაციო პალატას განცხადებით მიმართა შპს „…“ და მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება იმ საფუძვლით, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი გარკვეული ინფორმაციის შპს-თვის მიწოდება ჯერ არ მომხდარა. აპელანტმა განცხადებას დაურთო სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემასთან შესაბამისობაში მყოფი დეკლარაციები და შედარების აქტი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 15.03.2018წ. განჩინებით შპს „…“ გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 10 დღით და დაევალა სახელმწიფო ბაჟის - 7000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ან/და გათავისუფლების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა. აპელანტს განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

20.03.2018წ. შპს „…“ განცხადებით მიმართა სააპელაციო პალატას, წარადგინა სსიპ შემოსავლების სამსახურიდან მიღებული დოკუმენტაცია და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება იმ საფუძვლით, რომ მის მიერ წარდგენილი მასალებით დასტურდება 4 წლის წინ შპს-ს მიერ საქმიანობის შეწყვეტა, კერძოდ, დგინდება, რომ შპს „…“ 2014 წლიდან 2018 წლამდე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი აქვს მხოლოდ 94,67 ლარი. შპს აღარ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას დიდი ოდენობით დარიცხული საგადასახადო დავალიანების გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 30.03.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო. სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტს არ წარუდგენია გადახდისუუნარობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, არ დგინდება შპს-ს მძიმე მატერიალური მდგომარეობა. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა შპს ,,…“ მიერ.

კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ ორგანიზაცია 2014 წლიდან აღარ ფუნქციონირებს, არ აქვს რაიმე შემოსავალი. სასამართლოს წარედგინა შპს-ს ფინანსური მდგომარეობის ამსახველი სსიპ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ შპს-ს ფუნქციონირების შეწყვეტას 2014 წლიდან, შპს-ს ანგარიშზე არ უფიქსირდება რაიმე ბრუნვა, შემოსავალი ან გასავალი. ამასთანავე, თუ სააპელაციო პალატა საკმარისად არ თვლიდა შპს-ს მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას აპელანტისათვის უნდა განემარტა აღნიშნული და განესაზღვრა დამატებითი ვადა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად. შპს-ს სააპელაციო საჩივარი ისე დარჩა განუხილველი, რომ მხარეს არ ჰქონდა ინფორმაცია მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საკმარისობასთან დაკავშირებით. უკეთუ სასამართლოს არასაკმარისად მიაჩნდა აპელანტის მიერ წარდგენილი დოკუმენტები, მას აღნიშნული უნდა დაესაბუთებინა და შპს-სთვის განესაზღვრა დამატებითი ვადა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად. ამდენად, შპს „…“ მოითხოვა სააპელაცი პალატის 30.03.2018წ. განჩინების გაუქმება და სასამართლოსათვის სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების დავალება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ შპს „…“ კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 თავი აწესრიგებს პროცესის ხარჯებთან დაკავშირებულ საკითხებს. პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები (სსკ-ის 37-ე მუხ.). ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის. ამდენად, სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში სავალდებულო შენატანია, თუმცა კანონმდებლობა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონი) ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისგან მხარეთა განთავისუფლების და სახელმწიფო ბაჟის გადავადების შესაძლებლობას. სსკ-ის 48.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია გადაუვადოს მხარეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს. სსკ-ის 102-ე მუხლის მიხედვით, სწორედ მხარემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს.

განსახილველ შემთხვევაში, შპს „…“ სააპელაციო ინსტაციაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას ითხოვდა იმ საფუძვლით, რომ ორგანიზაცია არ ფუნქციონირებს, არ გააჩნია რაიმე შემოსავალი. სააპელაციო პალატის მიერ ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის განმავლობაში შპს-მ სასამართლოს წარუდგინა სსიპ შემოსავლების სამსახურის 05.03.2018წ. N21-11/30041 წერილი, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით 05.03.2018წ. მდგომარეობით, შპს „...“ მიერ 2014 წლის იანვრიდან საგადასახადო პერიოდის დეკლარაციების წარდგენა არ ფიქსირდება, ასევე შპს „…“ მიერ 2014 წლიდან დღემდე ბიუჯეტში გადახდილი გადასახადის თანხა შეადგენს 94,67 ლარს (ტ.2, ს.ფ. 36). სსიპ შემოსავლების სამსახურის წერილზე თანდართული იყო შპს „…“ გადამხდელის პირადი აღიცხვის ბარათები, სადაც ფიქსირდება შპს-ს მიერ დარიცხული თანხებისა და გადახდილი გადასახადების შესახებ ინფორმაცია (ტ.2, ს.ფ. 37- 48). აღნიშნული დოკუმენტაციის წარდგენამდე შპს-მ სააპელაციო სასამართლოს წარუდგინა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ დამოწმებული, 02.03.2018წ. გაცემული სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემასთან შესაბამისობაში მყოფი დეკლარაციები და შედარების აქტი, რომლებშიც ასევე ასახული იყო ინფორმაცია შპს „…“ ფინანსურ ბრუნვასთან დაკავშირებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 30.03.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო იმ საფუძვლით, რომ აპელანტს არ წარუდგენია გადახდისუუნარობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, არ დადგენილა შპს-ს მძიმე მატერიალური მდგომარეობა, არ გადახდილა სახელმწიფო ბაჟი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის აღნიშნული მოსაზრება, არ ქმნიდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საკმარის საფუძველს. მართალია სასამართლოს მტკიცებულებებს წარუდგენენ მხარეები (სსკ-ის 103.1 მუხ.), თუმცა სასამართლო ახდენს მტკიცებულებათა შეფასებას საკმარისობისა და სათანადოობის თვალსაზრისით, ამასთანავე, სასამართლო აღჭურვილია შესაძლებლობით შესთავაზოს მხარეებს დამატებითი მტკიცებულებების წარდგენა (სსკ-ის 103.1 მუხ.). სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა (სსკ-ის 105.1 მუხ.), თუმცა მათ გაზიარებაზე უარი სათანადოდ უნდა დასაბუთდეს. სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად უნდა შეაფასოს მტკიცებულებები, რის შედეგადაც სასამართლო ადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის ფაქტს (სსკ-ის 105.2 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება შედგება მხოლოდ ნორმათა ციტირებისგან, განჩინება არ შეიცავს სადავო სამართალურთიერთობების მიმართ ციტირებული ნორმების გამოყენების რაიმე არგუმენტაციას. სააპელაციო პალატა ადგენს, რომ აპელანტის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება შპს-ს გადახდისუუნარობა, თუმცა არ ახდენს რომელიმე წარდგენილი მტკიცებულების ინდივიდუალურ ან სისტემურ შეფასებას, არ ასაბუთებს მტკიცებულებათა არასაკმარისობას, არ განმარტავს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ფაქტობრივ საფუძვლებს. უკეთუ სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მისი გადახდიუუნარობა/მძიმე ფინანსური მდგომარეობა, სასამართლომ აღნიშნული სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ შპს-ს შუამდგომლობის საფუძველზე, მას რამდენჯერმე გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა, ხარვეზის შესახებ და ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინებების სარეზოლუციო ნაწილების თანახმად, შპს „…“ ევალებოდა სახელმწიფო ბაჟის - 7000 ლარის ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების/გათავისუფლების დამადასტურებელი მტიცებულებების წარდგენა. შპს-მ სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულებები, რომლებიც მისი მოსაზრებით ქმნიდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საკმარის საფუძველს, თუმცა სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა ისე, რომ მხარისთვის არ განუმარტავს წარდგენილ მტკიცებულებათა გაზიარებაზე უარის თქმის საფუძვლები, მხარისათვის არ მიუცია დამატებითი ვადა მტკიცებულებათა გაზიარებაზე უარის თქმის პირობებში სახელმწიფო ბაჟის გადახდის უზრუნველსაყოფად. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საპროცესო კანონმდებლობაში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებისა (სსკ-ის 46-ე, 47-ე მუხ.) და გადავადების (სსკ-ის 48-ე მუხ.) შესაძლებლობის გათვალისწინება მიზნად ისახავს პირის ქონებრივი მდგომარეობის გამო მისი უფლების სასამართლო წესით დაცვის ხელშეშლის გამორიცხვას. პირი, რომლის მძიმე ფინანსური მდგომარეობა უტყუარად დასტურდება, აღჭურვილია სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების მოთხოვნის უფლებით (სსკ-ის 48.1 მუხ.), თუმცა აღნიშნულის დასადასტურებლად დაინტერესებული მხარის მიერ წარდგენილ უნდა იქნეს უტყუარი მტკიცებულებები. უკეთუ სასამართლო არასაკმარისად მიიჩნევს მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, მან მხარეს უნდა მიუთითოს იმ მტკიცებულებებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში სასამართლო დაადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების წინაპირობების არსებობას.

სსკ-ის 368.5 მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. განსახილველ შემთხვევაში შპს-ს ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების/გათავისუფლების წინაპირობების დამდგენი მტკიცებულებების წარდგენა, რაც შპს-ს მიერ ფორმალურად განხორციელდა, - მან სააპელაციო პალატაში წარადგინდა სსიპ შემოსავლების სამსახურის წერილი, დეკლარაციები, შპს-ს ფინანსური ბრუნვის ამსახველი დოკუმენტაცია, აღნიშნულის მიუხედავად სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული ისე, რომ არ დასაბუთებულა წარდგენილ მტკიცებულებათა გაზიარებაზე უარი, მათი არასაკმარისობა. ამასთანავე, არასაკმარის და არასათანადო მტკიცებულებათა წარდგენა ქმნიდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების, მხარისათვის დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეთავაზების და არა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ შპს „…“ კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპიდან საქმე უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 412-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „…“ კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.03.2018წ. განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ;

2. საქმე შპს „…“ სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპიდან დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი