საქმე ¹ბს-884-880(კ-17) 08 ნოემბერი, 2018წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა დ. ლ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.04.2017წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. ფ-ემ, ი. ფ-ემ, მ. ფ-ემ და ნ. ფ-ემ 18.02.2015წ. სარჩელით მიმართეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - დ. ლ-ისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვეს სადავო 67 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილებისა და მის საფუძველზე 04.11.2013წ. გაცემული N... საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა, სადავო 67 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში დ. ლ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის 08.11.2013წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სადავო 563 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში დ. ლ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის 02.09.2013წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგსტრაციო სამსახურის 08.12.2014წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ადმინისტარციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 27.01.2015წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურისათვის მოსარჩელეთა სარეგისტრაციო განცხადების ხელახლა განხილვისა და დაკმაყოფილების დავალება. მოპასუხედ დამატებით მიეთითა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისია.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 21.05.2015წ. გადაწყვეტილებით ე. ფ-ის, ი. ფ-ის, მ. ფ-ის და ნ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სადავო 67 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე დ. ლ-ის საკუთრების უფლების აღიარების ნაწილში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილებისა და მის საფუძველზე 04.11.2013წ. გაცემული N... საკუთრების უფლების მოწმობა; ბათილად იქნა ცნობილი სადავო 67 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში დ. ლ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის 08.11.2013წ. გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი სადავო 563 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში დ. ლ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის 02.09.2013წ. გადაწყვეტილება; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ლ-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.11.2015წ. განჩინებით დ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 21.05.2015წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა დ. ლ-ის მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.10.2016წ. გადაწყვეტილებით დ. ლ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.11.2015წ. განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 21.05.2015წ. გადაწყვეტილება სადავო 67 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დ. ლ-ის საკუთრების უფლების აღიარების ნაწილში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილების, მის საფუძველზე 04.11.2013წ. გაცემული №… საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის თაობაზე; ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ე. ფ-ის, ი. ფ-ის, მ. ფ-ის და ნ. ფ-ის სასარჩელო მოთხოვნა სადავო 67 კვ.მ მიწის ნაწილში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილებისა და მის საფუძველზე 04.11.2013წ. გაცემული №… საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილება და მის საფუძველზე 04.11.2013წ. გაცემული №… საკუთრების უფლების მოწმობა სადავო 67 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დ. ლ-ის საკუთრების უფლების აღიარების ნაწილში და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.11.2015წ. განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 21.05.2015წ. გადაწყვეტილება სადავო 563 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დ.ლ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის 02.09.2013წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს; დანარჩენ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.11.1015წ. განჩინება უცვლელად დარჩა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.04.2017წ. გადაწყვეტილებით დ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 21.05.2015წ. გადაწყვეტილება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის 02.09.2013წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ე. ფ-ის, ი. ფ-ის, მ. ფ-ის და ნ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის 02.09.2013წ. გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონულ ოფისს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ დ. ლ-ის განცხადებასთან დაკავშირებით სადავო 563 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში ახალი აქტის გამოცემა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონულ ოფისს დ. ლ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ გადახდილი 150 ლარის ნაწილის - 75 ლარის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება დ. ლ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორი შეფასება მისცა გამოყენებულ კანონს და არ იმსჯელა მოპასუხის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე. სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა უზენაესი სასამართლოს მიერ მიცემული მითითებები და ნაცვლად იმისა, რომ თვითონ მიეღო ობიექტური გადაწყვეტილება, საკითხი განსახილველად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გადაუგზავნა. სასამართლომ არ გაითვალისწინა დ. ლ-ის მიერ სხდომაზე წარდგენილი აზომვითი ნახაზები და ელექტრონული დისკები, საიდანაც დასტურდება, რომ დ. ლ-ის მიერ რეალურად დაკავებული ფართი შეადგენს 2 543 კვ.მ.-ს. აღნიშნული ფართიდან მის საკუთრებას წარმოადგენს 2 439 კვ.მ., მათ შორის 1800 კვ.მ. - მიწის რეფორმის შედეგად მიღებული, ხოლო 639 კვ.მ. - საკუთების უფლების აღიარების კომისის მიერ აღიარებული. შესაბამისად, ზედმეტი არის 104 კვ.მ. კასატორი აღნიშნავს, რომ პალატას უნდა გაეთვალისწინებინა უზენაესი სასამართლოს მითითებები და თვითონ უნდა მიეღო გადაწყვეტილება. ამასთანავე, სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში გადახდილი ბაჟის განაწილებაზე და არ განიხილა მოპასუხის მიერ საკასაციო სასამართლოში გადახდილი ბაჟის საკითხი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ დ. ლ-ემ 1 800 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით საჯარო რეესტრში წარადგინა 1996 წელს გაცემული N... მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც მის მამკვიდრებელს - ბ. ფ-ეს გადაეცა 1 800 კვ.მ. საკარმიდამო მიწის ნაკვეთი. ზემოაღნიშნული აქტის თანახმად, ბ. ფ-ძისათვის გადაცემული მიწის ნაკვეთის პარამეტრები იყო სიგრძეში - 75მ., სიგანეში - 22მ. (ტ.1, ს.ფ. 26), შესაბამისად, ნაკვეთის ფართობი შეადგენდა 1 650მ.-ს და არა 1 800მ.-ს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ დ. ლ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი და 1996 წელს გაცემული N... მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტით მისი მამკვიდრებილისთვის გადაცემული ნაკვეთების პარამეტრები და კონფიგურაცია ერთმანეთს არ ემთხვევა. ამდენად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის სადავო გადაწყვეტილება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების სრულ ჩანაცვლებას. როდესაც წარმოების ხარვეზები არსებითია, ხოლო საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები - გამოუკვლეველი, უმართებულოა სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციების შესრულების დელეგირება. კონკრეტულ შემთხვევაში, გარკვევას საჭიროებს ბ. ფ-ისათვის 1996 წელს გაცემული N... მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემული ნაკვეთის ზუსტი მდებარეობა და პარამეტრები, აგრეთვე დ. ლ-ის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული და მოსარჩელეთა მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი ნაკვეთების საზღვრები და მათი სივრცობრივი განლაგება. გამომდინარე იქიდან, რომ სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას ვერ მოხერხდა აღნიშნული გარემოებების დადგენა, დასაბუთებულია სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენება.
ამასთანავე, საკასაციო საჩივარი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში დაშვებულ უნდა იქნეს განსახილველად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე" ქვეპუნქტის საფუძველზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დ. ლ-ის საკასაციო საჩივარი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი, ხოლო დანარჩენ ნაწილში საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთანავე, ლ. კ-ეს (პ/ნ ...) სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 17.11.2017წ. N1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. ლ-ის საკასაციო საჩივარი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში დასაშვებად იქნეს ცნობილი, დანარჩენ ნაწილში საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.04.2017წ. გადაწყვეტილება ე. ფ-ის, ი. ფ-ის, მ. ფ-ის და ნ. ფ-ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში.
3. ლ. კ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 17.11.2017წ. N1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი