ბს-1087-1081(2კ-17) 01 ნოემბერი , 2018წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა 26.09.2017წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ფ-მა 02.03.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 10.06.2014წ. N000517 დადგენილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 26.01.2015წ. ბრძანების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.03.2016წ. გადაწყვეტილებით ლ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის ხედამხედველობის სამსახურის 10.06.2014წ.N000517 დადგენილება და ქ. თბილისის მუნიციპა;იტეტის მერიის 26.01.2015წ. N26 ბრძანება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ხედამხედევლობის საქალაქო სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა, რაც მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.09.2017წ. განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დრჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიის 24.03.2016წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ.
კასატორმა - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატის მითითებით, სამართალდაღვევისთვის სანქციის დაკისრების დროს ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ემსჯელა პასუხისმგებლობის გამომრიცხავ გარემოებებთან დაკავშირებით. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნულ მსჯელობას არ გააჩნია ფაქტობრივი საფუძველი, რადგან დადგენილი გარემოებაა და მოსარჩელეც აღიარებს, რომ იგი უნებართვო მშენებლობის განხორციელებისთვის დაჯარიმდა. საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ ლ. ფ-ს არ გააჩნდა მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველი, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვა, რაც ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას, ზეპირ მოსმენაზე დაადასტურა საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, მოსარჩელის მეზობელმა განაცხადა, რომ მოხდა ძველი შენობის დემონტაჟი და მის ადგილას აშენდა ახალი ნაგებობა, შესაბამისად შეუძლებელი იყო სადავო 13 კვ.მ. ფართის იდენტიფიცირება. ამრიგად, გახორციელებული მშენებლობა მთლიანად წარმოადგენს უნებართვოს.
კასატორმა აღნიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, უნებართვო მშენებლობა თავისი ბუნებით არის დენადი სამართალდარღვევა, იგი უწყვეტად გრძელდება დროში და ითვლება დენადად მანამ, სანამ არ მოხდება მისი აღმოფხვრა. აღნიშნულიდან გამომდინარე, უნებრთვო მშენებლობის განხორციელების პერიოდს საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვს. ამასთანავე, ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია დაიწყოს შესაბამისი სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, მიუხედავად იმისა მშენებლობის რომელ კლასს შეიძლება მიეკუთვნებოდეს უნებართვო მშენებლობა. კასატორი არ დაეთანხმა სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ ორგანომ არ გამოიკვლია, წარმოადგენდა თუ არა უნებართვო მშენებლობა სამართალდაღვევას მისი განხორციელების პერიოდისათვის. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნა, რომ ნორმატიული აქტები სხვადასხვა პერიოდში უწყვეტად ადგენდა მშენებლობის ნებართვის საჭიროებას. ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტებმა ადგილზე შეისწავლეს ვითარება და დაადგინეს, რომ სახეზე იყო სრულიად ახალი მშენებლობა.
კასატორმა - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა აღნიშნა, რომ სამსახურმა გადაწყვეტილება დააფუძნა იმ გარემოებებზე, ფაქტებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც სრულად იქნა გამოკვლეული და შესწავლილი. არც კანონმდებლობიდან და არც უზენაესი სასამართლოს პრაქტიკიდან არ გამომდინარეობს, რომ უნებართვო მშენებლობისას მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს რომელ კლასს მიეკუთვნება სადავო ნაგებობა. კასატორი აღნიშნავს, რომ სამშენებლო სფერო ყოველთვის იყო რეგულირებული კანონმდებლობით, ამას გარდა, კონკრეტულ შემთხვევაში სამსახურმა გააკეთა სამართლებრივი შეფასება და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც სადავო ნაგებობა საჭიროებდა უფლების დამდგენი დოკუმენტის არსებობას. ამასთანავე, სასამართლომ ადმინისტრაციულ ორაგანოს დაავალა აქტის გამოცემა, მაშინ როდესაც სამართლებრივად შეუძლებელია პირდაპირ აქტის გამოცემა და მას წინ უნდა უსწრებდეს გარკვეული ქმედებების განხორციელება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ 09.12.2010წ. ნ. პ-ესა და ლ. ფ-ს შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ლ. ფ-ს საკუთრებაში გადაეცა 13 კვ. მ. ფართის უძრავი ქონება (საცხოვრებელი ბინა), მდებარე ქ. თბილისში, … ქ. N28/6-ში. აღნიშნულ ფართზე ლ. ფ-ის საკუთრების უფლება დასტურდება საჯარო რეესტრის მონაცემებით. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 10.06.2014წ. N 000517 დადგენილებით ლ. ფ-ი ქ. თბილისში, … ქ. N28/6-ში მდებარე ორსართულიანი შენობა-ნაგებობის შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მშენებლობისათვის დაჯარიმდა 8 000 ლარით და დაევალა ორსართულიანი ნაგებობის დემონტაჟი. იმის გათვალისწინებით, რომ სადავო მისამართზე ლ. ფ-ის საკუთრებას წარმოადგენდა 13 კვ.მ. ფართის უძრავი ქონება (საცხოვრებელი ბინა), მნიშვნელოვანია დადგენილიყო ადგილი ჰქონდა მის მიერ ახალი ნაგებობის მშენებლობას თუ არსებულ ნაგებობაზე მიშენება-დაშენებას, როგორც ამას მოსარჩელე მიუთითებდა. სადავო აქტებით აღნიშნული გარემოება უტუარად ვერ დასტურდება. შესაბამისად, აქტები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შეფასებისა და გამოკვლევის გარეშე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.09.2017წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი