Facebook Twitter

# ბს-1088(კ-18) 1 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.06.2018წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

17.08.2017წ. ა. ტ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონული განყოფილების მიმართ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონული განყოფილების 02.08.2017წ. N... ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და მოსარჩელის სახელზე სახელმწიფო კომპენსაციის 2013 წლის 01 მაისიდან გაცემის თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.08.2017წ. განჩინებით ა. ტ-ის სარჩელი განსჯადობით გადაეგზავნა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 21.02.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ტ-ემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.06.2018წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 21.02.2018წ. გადაწყვეტილება, ა.ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონული განყოფილების 02.08.2017წ. N... ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონულ განყოფილებას დაევალა ა.ტ-ის მიმართ სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურება 2013 წლის 01 მაისიდან 2017 წლის 01 ივლისამდე პერიოდში.

გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სსიპ სოციალური დაცვის მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონულმა განყოფილებამ. კასატორები ითხოვენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ა. ტ-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას. კასატორები აღნიშნავენ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.01.2016წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სააგენტოს რაიმე სახის ვალდებულება არ დაკისრებია, გადაწყვეტილეით არ არის დადგენილი სახელმწიფო კომპენსაციის 2013 წლის 01 მაისიდან დანიშვნის და გასული პერიოდის მიუღებელი თანხების ანაზღაურების საკითხი. საქმის მასალებით დგინდება, რომ ა. ტ-ეს სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნა 2017 წლის 01 აგვისტოდან. აღნიშნულის საფუძველი გახდა არა სასამართლოს გადაწყვეტილება, არამედ შესაბამისი უწყებიდან კომპენსაციის დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტების წარმოდგენა, ამ დოკუმენტებისა და განცხადებით მომართვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

,,სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის’’ მე-15 მუხლზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ შესაბამისი ორგანოდან კომპენსაციის დასანიშნად საჭირო დოკუმენტების, კერძოდ, წელთა ნამსახურობის ნუსხა/გაანგარიშების, სამხედრო რიგებიდან დათხოვის შესახებ ბრძანების წარმოდგენამდე სააგენტო ვერ იმსჯელებს პირისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე. უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა განაცდურის ანაზღაურების ნაწილში, ვინაიდან სასამართლოს კანონიერი ძალაში შესული გადაწყვეტილებით სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა ა. ტ-ისათვის ნამსახურები წლების გაანგარიშება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 1005-ე მუხლების შესაბამისად ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირი არ არის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო. ა. ტ-ეზე სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა სააგენტოს მხრიდან განხორციელდა მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 22.01.2016წ. კანონიერ ძალში შესული გადაწყვეტილებით დადასტურდა ა. ტ-ის მოთხოვნის მართებულობა უმაღლეს სასწავლებელში სწავლების პერიოდის ნამსახურობის ნუსხაში ჩათვლის და ნამსახურობის ნუსხის გაცემის თაობაზე. აღნიშნული გარემოებით დადასტურდა, რომ ა. ტ-ეს 2013 წლის 01 მაისიდან უნდა დანიშვნოდა სახელმწიფო კომპენსაცია, ხოლო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისმინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების“ მე-2 მუხლის თანახმად კომპენსაციის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო. აღნიშნულიდან გამომდინარე ვინაიდან სახელმწიფო კომპენსაციის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანო იყო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, მის მიმართ ა. ტ-ის მოთხოვნა მართებულად დაკმაყოფილდა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ა. ტ-ის მოთხოვნის საფუძვლიანობას ადასტურებს მის მიერ წარმოებული სასამართლო დავის მის სასარგებლოდ დასრულება, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული დავის წარმოების მიზანი იყო სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებულია ა. ტ-ის კომპენსაციის მიღების უფლება 2013 წლის 01 მაისიდან, რასაც იგი 2017 წლის 01 ივლისამდე არ იღებდა, მიუღებელი კომპენსაციის თაობაზე მოთხოვნა საფუძვლიანია და მოთხოვნა მიუღებელი კომპენსაციის თანხის ანაზღაურების თაობაზე მართებულად დაკმაყოფილდა სააპელაციო სასამართლოს მიერ.

საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით არ დადგენილა ა. ტ-ისთვის კომპენსაციის დანიშვნა 2013 წლის 01 მაისიდან დანიშვნის და გასული პერიოდის მიუღებელი თანხების ანაზღაურება არ არის რელევანტური. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული გადაწყვეტილებით დადასტურდა ა. ტ-ის მოთხოვნის მართებულობა ნამსახურობის ნუსხის გაცემის თაობაზე, რასაც იგი 2013 წლის 12 აპრილიდან ითხოვდა. ამდენად, გასული პერიოდის მიუღებელი თანხების ანაზღაურების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების არ არსებობა არ ადასტურებს საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობას.

საკასაციო პალატა თვლის, რომ საფუძველს მოკლებულია კასატორის მოსაზრებები იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნულის გამო არსებობს განჩინების გაუქმების საფუძვლები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს საკასაციო პრეტენზიებს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.06.2018წ. გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი