Facebook Twitter

ბს-1138-1132 (გ-17) 15 ნოემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი).

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა შპს „…“ სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შორის წარმოშობილი დავა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს „…“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 5 218 670 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების, ასევე ყოველვადაგადაცილებულ დღეზე 5434 ლარის ანაზღაურება და მოპასუხისათვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების, გონივრულ ვადაში, სრულად შესრულების დავალება.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მასსა და ქ. თბილისის მთავრობის სახელით ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს შორის 27.03.2012წ. დაიდო ... გრძელვადიანი იჯარის ხელშეკრულება, რომლითაც მეიჯარემ (ქ. თბილისის მთავრობის სახელით ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ) იკისრა ვალდებულება მოიჯარისათვის (შპს „…“) გადაეცა საიჯარო ქონება, მათ შორის მოეხდინა საბაგირო გზის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია და მისი მოიჯარისათვის გადაცემა, ხოლო მოიჯარემ იკისრა ვალდებულება, რომ გადაიხდიდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საიჯარო ქირას და ამავდროულად შეინარჩუნებდა მთაწმინდის პარკის პროფილს, მოახდენდა პარკში არსებული ატრაქციონებისა და ინფრასტრუქტურის შემოწმებასა და განახლება/რეაბილიტაციას და ა.შ.. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა მხარეთა ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში შესაბამისი პირობები. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მეიჯარის მიერ არ შესრულდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები სრულად, კერძოდ, მეიჯარემ არ უზრუნველყო საბაგირო გზის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია და მათი მოიჯარისათვის გადაცემა, რითაც შპს „…“ მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით 5 218 670 ლარის ოდენობით. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე მთაწმინდის პარკის ტერიტორია და მასთან დაკავშირებული ქონება სარგებლობის უფლებით გადაეცა შპს „…“, რა დროსაც ადმინისტრაციული ორგანო ახორციელებდა საჯარო უფლებამოსილებას. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ 27.03.2012წ. ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ გარიგებას, 27.03.12წ. ხელშეკრულების მიზანს წარმოადგენდა ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული საბაგირო გზის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია და მოიჯარისათვის ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში გადაცემა. მოპასუხემ არ მოახდინა საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელება, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებულ ქონების განკარგვას - იჯარით გადაცემას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ზიანის მიყენება. სარგებლობის უფლების გადაცემას საჯარო-სამართლებრივი მიზანი აქვს, შესაბამისად დავა ადმინისტრაციული კატეგორიისაა, ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე ადმინისტრაციული ორგანოა, ხელშეკრულება დადებულია საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.05.2017წ. განჩინებით შპს „…“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

სასამართლომ მიუთითა სასკ-ის 2.1., სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლებზე და აღნიშნა, რომ დავის საგანია იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება, დავა გამომდინარეობს კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულებიდან, ხოლო მხარეები კერძო სამართლის სუბიექტებად გვევლინებიან, რაც სასკ-ის 26-ე მუხლის თანახმად საქმის სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისათვის გადაცემის საფუძველია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 12.10.2017წ. განჩინებით საქმე განსჯადობის საკითხთან დაკავშირებით დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების ერთ-ერთი პირობა იყო საბაგირო გზის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია და მასთან დაკავშირებული სამშენებლო სამუშაოების დაფინანსება, რაც „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის საფუძველზე საჯარო უფლებამოსილების განხორციელების სფეროს და ქ. თბილისის, როგორც თვითმმართველი სუბიექტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას განეკუთვნება. სზაკ-ის 207-ე და 208-ე მუხლებით დადგენილია ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობის წესი, რომლის თანახმად უფლებამოსილების განხორციელებისას საჯარო მოხელის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო. აღნიშნული გარემოებები ადასტურებს, რომ დავა გამომდინარეობს არა კერძოსამართლებრივი, არამედ ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, რომლის განხილვა უნდა მოხდეს ადმინისტრაციული სასამართლოწარმოების წესით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისა და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად, სასკ-ის 26.3 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, თვლის, რომ შპს „…“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

კომპეტენციის გამიჯვნის პოზიტიური ტაქსაციის მეთოდის გამოყენებით სზაკ-ის 2.1 მუხლი იძლევა ადმინისტრაციული დავის საგნის ჩამონათვალს. ამასთანავე, კომპეტენციის განსაზღვრის ზოგადი ნიშნის გამოყენებით (ენუმერაციის მეთოდი) კანონმდებლობამ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის იმ სამართალურთიერთობიდან წარმოშობა, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული (იხ. სუს 11.09.2014 წ. განჩინება საქმეზე N350-316(გ-14)). განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს შეადგენს იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითი ურთიერთობა, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქ. თბილისის მერიასა და შპს „…“ შორის 27.03.2012წ. დაიდო მთაწმინდის პარკის გრძელვადიანი იჯარის ხელშეკრულება, რომლითაც მეიჯარემ (ქ. თბილისის მთავრობის სახელით ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ) იკისრა ვალდებულება მოიჯარისათვის (შპს „…“) გადაეცა საიჯარო ქონება, მათ შორის მოეხდინა საბაგირო გზის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია და მათი მოიჯარისათვის გადაცემა, ხოლო მოიჯარემ იკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საიჯარო ქირის გადახდის და ამავდროულად მთაწმინდის პარკის პროფილის შენარჩუნების, პარკში არსებული ატრაქციონებისა და ინფრასტრუქტურის შემოწმებისა და განახლება/რეაბილიტაციის ვალდებულება. დავის წარმოშობის დროს და ამჟამად მოქმედი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 22.12.2014წ. N19-78 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის“ 12.1 მუხლის თანახმად ვალდებულების შესრულების მიღება ხორციელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის ურთიერთობა მოწესრიგებულია იჯარის ხელშეკრულებით, შესაბამისად, საიჯარო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების და ზიანის ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებულ სადავო სამართალურთიერთობას კერძო-

სამართლებრივი ბუნება აქვს და სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს გადაწყვეტილი.

ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან თუ კერძო პირთან დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის ადმინისტრაციულ საქმეთა კატეგორიისადმი მიკუთვნების საფუძველს არ ქმნის მხოლოდ ის გარემოება, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე ადმინისტრაციული ორგანოა. დავა ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიიჩნევა არა იმის გამო, რომ მოსარჩელის მოთხოვნის ადრესატი ადმინისტრაციული ორგანოა, არამედ სადავო სამართალურთიერთობის იმანენტური ბუნების გამო. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული კერძო-სამართლებრივ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დავები სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განიხილება, ხოლო ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება (სასკ-ის 251 მუხ, სზაკ-ის 65.2, 651 მუხ.). საჯარო-სამართლებრივი და კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულების გამიჯვნისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება არა ხელშეკრულების მონაწილეთა სტატუსს, არამედ ხელშეკრულების მიზანს. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დეფინიციის (სზაკ-ის 2.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი) ძირითად ელემენტს შეადგენს ხელშეკრულების დადება საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით. ხელშეკრულების მიზანი მისი შინაარსით განისაზღვრება. ამდენად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულების მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებების, ხელშეკრულების დადების შედეგად წარმოშობილი უფლება-მოვალეობების შინაარსს (იხ. სუს 26.12.2013წ. განჩინება საქმეზე 31-27(კ-13), 03.11.2016წ. #ბს-853-845 (გ-15)). ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ნებისმიერი საქმიანობა, მათ შორის ხელშეკრულების დადება უკავშირდება საჯარო უფლებამოსილების განხორციელებას ან მისი განხორციელების პირობების შექმნას. საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზანი გულისხმობს არა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას მიკუთვნებული ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტას, არამედ ხელშეკრულების დადებას ძირითადი უშუალო ფუნქციის განსახორციელებლად. სხვაგვარად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებულ ნებისმიერ ხელშეკრულებას მიენიჭებოდა ადმინისტრაციული ხელშეკრულების სტატუსი, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანო სზაკ-ის 5.1 მუხლის მიხედვით უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება. ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანო შეზღუდულია კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებით, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულება ყოველთვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივია. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კანონიერი ინტერესების დასაკმაყოფილებლად ისარგებლოს კერძო სამართლის საშუალებით, უკეთუ აღნიშნული მისი შეხედულებით უფრო მისაღებია და არ ეწინააღმდეგება საჯაროსამართლებრივ ნორმებს. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის კერძოსამართლებრივი ფორმები და შესაბამისად დადოს კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება (სუს 30.11.2017წ., #ბს-923-915 (გ-16)).

თვითმმართველობის ქონების მართვა და განკარგვა შესაძლებელია არა მხოლოდ საჯარო-სამართლებრივი, არამედ კერძო-სამართლებრივი ფორმებით (იჯარა, ქირავნობა), თვითმმართველობას აქვს შესაძლებლობა გამოიყენოს საქმიანობის კერძო-სამართლებრივი ფორმები, ქონების იჯარის საკითხები კერძო-სამართლებრივი კანონმდებლობით არის მოწესრიგებული. ქონების იჯარით გადაცემა არ უკავშირდება სახელისუფლებო უფლებამოსილებას, მისი დადების შედეგად არ მომხდარა მოიჯარის საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილებით აღჭურვა, ადმინისტრაციულ ორგანოსა და მოიჯარეს შორის იჯარის ხელშეკრულების დადებით არ წარმოშობილა საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობა, მოსარჩელის მოთხოვნებს საფუძვლად უდევს სამოქალაქო კოდექსის მუხლები (სკ-ის 316-ე, 361-ე, 317-ე, სკ-ის 400-ე, 581-ე). საიჯარო ხელშეკრულება არ აღჭურავს ხელშეკრულების მხარეებს საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილებით, ხოლო კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სამოქალაქო სასამართლოწარმოების წესით განიხილება. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს არ შეადგენს საბაგირო გზის მოწყობის მშენებლობის ნებართვა, თვითმმართველობის ქონების პრივატიზება, რომელიც ადმინისტრაციული კანონმდებლობით წესრიგდება, დავა ეხება საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო ზიანის ანაზღაურებას, რაც ადასტურებს დავის კერძო-სამართლებრივ ხასიათს.

იჯარის ხელშეკრულებით მხარეებმა მოახდინეს კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულებიდან წარმოშობილი თავისი უფლებების რეალიზაცია, ხელშეკრულების პირობების შესრულებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა არ გულისხმობს მხარეებს შორის ვერტიკალური, ქვემდებარეობითი ურთიერთობის არსებობას. შპს მოითხოვს ადმინისტრაციული ორგანოსგან, როგორც საიჯარო ხელშეკრულების მხარისაგან და არა საჯარო უფლებამოსილების იმპერატიული ნების გამომხატველი სუბიექტისაგან, კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსჯადობის განმსაზღვრელი ფაქტორია მისი შინაგანი ბუნება და არა მოსარჩელის მოსაზრება, მოსარჩელე განსაზღვრავს სასარჩელო მოთხოვნას და არა დავის სამართლებრივ ბუნებას, განსჯადობის შესახებ დავა დაშვებულია სასამართლოებს და არა სასამართლოსა და მხარეს შორის. დავის განსჯადობას არ ცვლის მოსარჩელის მითითება იმის თაობაზე, რომ დავა ადმინისტრაციული სასამართლოწარმოების წესით უნდა იქნას განხილული.

საქართველოს კონსტიტუციის 42.2 მუხლის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება საქმე. ადმინისტრაციული სასამართლო, რომელსაც არ გააჩნია საქმის განხილვის იურისდიქცია, არათუ უფლებამოსილია, არამედ ვალდებულიცაა განაცხადოს ამის შესახებ, მაშინაც კი, როდესაც განსჯადობის საკითხს არც ერთი მხარე არ აყენებს ან მხარის მოსაზრებები განსჯადობის შესახებ უსწოროა. ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში განსჯადობის საკითხს ენიჭება არა დისპოზიციური, არამედ იმპერატიული ხასიათი, განსჯადობა განიხილება საჯარო წესრიგის (ordre public) შემადგენელ ნაწილად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო სამართალურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან (სასკ-ის 2.3 მუხ.). მხარეთა შორის არსებული სადავო სამართალურთიერთობა უკავშირდება ხელშეკრულებას, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებულ სამოქალაქო-სამართლებრივ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, შესაბამისად, მის შეუსრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა, სსკ-ის მე-11 მუხლის, აგრეთვე სზაკ-ის 251 მუხლის, 65.2, 651 მუხლების საფუძველზე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ დავას წარმოადგენს.

სასკ-ის 26-ე მუხლის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს. სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს საკასაციო სასამართლო დასაბუთებული განჩინებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ დავა განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-2 მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლით, 390-ე მუხლით, 399-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „…“ სარჩელი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი