ბს-1210 (კ-18) 13 დეკემბერი, 2018წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ა. გ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.07.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. გ-ამ 04.11.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს პარლამენტის და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, მესამე პირების: სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 24.08.2015წ. №... და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 21.10.2015წ. გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ა. გ-ას მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ქ.თბილისში, ... ქუჩა №36/6-ში, №... საავტორო სკოლასა და ... ქუჩა №8 საცხოვრებელ სახლს შორის მდებარე 220 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მის საკუთრებაში დარეგისტრირების თაობაზე, მოპასუხეებისთვის სოლიდარულად მატერიალური ზიანის სახით 176000 ლარის, მიუღებელი შემოსავლის სახით 316800 ლარის და მორალური ზიანის სახით 150 000 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.08.2016წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ა. გ-ას მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.07.2018წ. განჩინებით ა. გ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. გ-ამ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების გზით სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას, მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 84-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10, 368-ე, 377-ე, 390-ე, სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ„ კანონის 34-ე, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ სააღსრულებო ბიურომ ქ. თბილისის მერიას 7 დღიანი ვადა განუსაზღვრა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისათვის, რომლის შეუსრულებლობის გამო სააღსრულებო ბიუროს იძულებითი აღსრულება უნდა დაეწყო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული 220 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ა. გ-ასთვის გადაცემის გზით. სააღსრულებო ბიუროს მიერ აღნიშნული მოქმედებების განუხორციელებლობით ზ. გ-ას მიადგა ზიანი. მიუხედავად იმისა, რომ ქ. თბილისის მერიამ არ აღასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება, სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ აღსრულებულის პროცესი დასრულებულად ჩათვალა. სააპელაციო სასამართლომ არ უზრუნველყო საქმის განხილვა სამართლიან ფორმებში, ვინაიდან ა. გ-ას შეუძლოდ ყოფნის გამო სააპელაციო სასამართლოს სხდომა გადაიდო, სხდომის გადადების თარიღის შესახებ ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ახსოვდა, ხოლო უწყება სასამართლომ არ გაუგზავნა და საქმის განხილვა დასრულდა ა. გ-ას დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. გ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთანავე, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ა. გ-ას სასარჩელო განცხადება ეხებოდა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 24.08.2015წ. №... და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 21.10.2015წ. გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას, აგრეთვე ქ.თბილისში, ... ქუჩა №36/6-ში, №... საავტორო სკოლასა და ... ქუჩა №8 საცხოვრებელ სახლს შორის მდებარე 220 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მის საკუთრებაში დარეგისტრირების თაობაზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ხოლო ა. გ-ას საკასაციო საჩივარი ეხება არა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, არამედ მასში გადმოცემულია სააღსრულებო ბიუროს მიმართ პრეტენზიები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება გასაჩივრებული აქტების კანონსაწინააღმდეგო ხასიათი. იუსტიციის მინისტრის 15.01.2010წ. ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ ინსტრუქციის თანახმად სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძლები (მე-18 მუხ.). საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიჩნია, რომ ა. გ-ას მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ იყო საკმარისი საკუთრების უფლების წარმოშობისათვის, რის გამოც „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა დაცვით მიღებული იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ (21-ე მუხ.). ა. გ-ას განესაზღვრა 30 დღიანი ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. აღნიშნულ ვადაში დამატებითი დოკუმენტაციის წარუდგენლობის გამო ა. გ-ას განცხადებაზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, რაც შეესაბამებოდა „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მოთხოვნებს (22-ე მუხ.). ამავე საფუძვლებზე მითითებით მიღებული იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 12.10.2015წ. №... გადაწყვეტილება ა. გ-ას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ა. გ-ას დაინტერესებაში მყოფ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვების საფუძველს არ ქმნიდა მის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტაცია. ამდენად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არ იყო უფლებამოსილი დაეკმაყოფილებინა ა. გ-ას მოთხოვნა ქ. თბილისში, … ქუჩა №36/6-ში, №… საავტორო სკოლასა და … ქუჩა №8 საცხოვრებელ სახლს შორის მდებარე 220 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შესახებ.
ამასთანავე, განსახილველ დავაში ა. გ-ას მოთხოვნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს პარლამენტის და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ არის საფუძველიანი, ვინაიდან არ დადგენილა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს პარლამენტის და იუსტიციის მინისტრის უკანონო მოქმედება. აღნიშნული გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ა. გ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული
საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. გ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.07.2018წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი