Facebook Twitter

საქმე #ბს-714-714(გ-18) 11 სექტემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

მოსარჩელე _ მ. მ-ი

მოპასუხე - შპს „...ი“

დავის საგანი _ მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მ. მ-მა 2017 წლის 12 დეკემბერს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე შპს „...ის“ მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მორალური ზიანის - 5000 ლარის ოდენობით ანაზღაურების დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის განჩინებით მ. მ-ის სარჩელი შპს „...ის“ მიმართ, მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიუთითა, რომ განსახილველი დავა არ განეკუთვნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით განსაზღვრულ საქმეთა კატეგორიას და აღძრული დავა გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, რამდენადაც კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს მოპასუხე - შპს „...ისგან“ 5000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურებას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მისი უკანონოდ მოთავსების, მის მიმართ დამამცირებელი და ღირსების შემლახველი მოპყრობის გამო განცდილი სულიერი ტკივილისათვის. სასამართლომ მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული ორგანოს დეფინიციაზე, „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ მე-2, მე-4 და მე-18 მუხლებზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2118 მუხლის პირველი ნაწილზე და განმარტა, რომ მოპასუხე - შპს „...ის“ 100%-იანი წილის მფლობელია სახელმწიფო), როგორც საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელი პირის მონაწილეობა მხარედ, „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებათა კომპლექსში, მისთვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, სასამართლოს მოსაზრებით ადასტურებს დავის საჯარო-სამართლებრივ ხასიათს.

ამასთან, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე, 208-ე და სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე ზიანის ანაზღაურებას ითხოვს ადმინისტრაციული ორგანოსაგან (შპს „...ისაგან“), რასაც მნიშვნელობა აქვს განსჯადობის საკითხის სწორად გადაწყვეტისთვის, ხოლო ის გარემოება, რომ მოსარჩელე სარჩელში უთითებს სხვადასხვა სამართლებრივ საფუძვლებზე (სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 1005-ე, 413-ე მუხლები) ვერ გახდება საფუძველი დავის სამოქალაქო კატეგორიის განსაზღვრისათვის, რამდენადაც არსებითია არა ის თუ რომელ ნორმას უთითებს მოსარჩელე სარჩელში, არამედ ის ფაქტი თუ რას მიიჩნევს იგი თავისი უფლების დარღვევად და რა სამართლებრივი შედეგების დადგომა სურს მას.

ამდენად, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოცემულ სამართალურთიერთობას გაჩნია საჯარო - სამართლებრივი ურთიერთობის დამახასიათებელი ყველა ელემენტი - დავა აღძრულია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, რის გამოც სახეზეა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პირობები დავის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევისათვის.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ინისის განჩინებით მოსარჩელე მ. მ-ის სარჩელი მოპასუხე შპს „...ის“ მიმართ, მორალური ზიანის (5000 ლარი) ანაზღაურების თაობაზე, სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საკასაციო სასამართლოს.

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განმარტა, რომ კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული. დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელი პირობაა, მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივად ეფუძნებოდეს საჯარო - ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ მოსარჩელის მიერ მითითებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით.

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 997-ე, 998-ე მუხლებზე, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველ პუნქტზე და განმარტა, რომ კერძო სამართლის იურიდიული პირი - შპს „...ი“, როგორც სპეციალიზირებული სამკურნალო დაწესებულება სამედიცინო საქმიანობას არ ახორციელებს სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე. მოსარჩელე ზიანის ანაზღაურებას ითხოვს იმ საფუძველით, რომ სპეციალიზირებულ სამკურნალო დაწესებულებაში მას არ ჩაუტარეს შესაბამისი მკურნალობის კურსი, დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ განხორციელდა არასათანადო მოპყრობა, ფიზიკური შეურაცხყოფა, რის დასადასტურებლადაც მტკიცებულების სახით მიუთითა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ოქტომბრის ბრძანებაზე.

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განმარტა, რომ კონკრეტული პირის (პაციენტის) არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით სტაციონარში მოთავსება და შესაბამისი მკურნალობის კურსის ჩატარების დავალება საამისოდ უფლერბამოსილი სპეციალური სუბიექტის სუბიექტისთვის, იმავდროულად არ წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიული პირის (შპს „...ი“) საქმიანობის განხორციელებას სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დელეგირების ან დავალების საფუძველზე. არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსებისა და მკურნალობის განხორციელების უფლებას, კანონით დადგენილ შემთხვევებში სპეციალური სამკურნალო დაწესებულება მოიპოვებს მხოლოდ, სასამართლოსადმი მიმართვისა და მოსამართლის ბრძანების საფუძველზე და არა სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ შესაბამისი საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების დელეგირების ან დავალების საფუძველზე. ამდენად, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოცემული სარჩელი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, წარმოადგენს სამოქალაქო სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველს დავას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმე განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში მოცემულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი, კერძოდ, ხსნებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. იმავე მუხლის მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი კი შეეხება სამოქალაქო საქმეების უწყებრივ დაქვემდებარებას სასამართლოებისადმი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ, სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელი პირობაა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იურიდიულად ეფუძნებოდეს საჯარო-ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ მოსარჩელის მიერ მითითებული საკუთარი უფლების (უფლებების) დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე და 208-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხი ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს განხილული, თუ სადავო ურთიერთობის ერთ-ერთ მხარეს ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს, რომლის მიერ მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს ეკისრება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში შპს „...ი“ წარმოადგენს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მეწარმე სუბიექტს, რომელიც კანონით დადგენილი წესით მიღებული ნებართვის საფუძველზე ახორციელებს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ჩ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამედიცინო საქმიანობას. მხოლოდ ის გარემოება, რომ შპს „...ის“ 100 % წილის მესაკუთრე არის სახელმწიფო არ არის საკმარისი და გადამწყვეტი წინა პირობა კონკრეტული დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის, ვინაიდან საამისოდ არსებითი მნიშვნელობა აქვს დავის საგნის არსსა და ფაქტობრივ შინაარს, ანუ იმ გარემოებას, თუ მოქმედი კანონმდებლობის რომელი დარგიდან გამომდინარეობს სასარჩელო მოთხოვნა და შესაბამისად, სამართალურთიერთობა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 მარტის ბრძანება არანებაოფლობითი ფსიქიატრიული დახმარებისათვის პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ მხოლოდ საქმის ფაქტობრივ გარემოებას ადასტურებს, იგი არ წარმოადგენს დელეგირების საფუძვლეზე საჯარო უფლებამოსილების განხორციელების დამდგენ დოკუმენტს და მისთვის სამართლებრივი შეფასების მიცემა დავის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვის საფუძვლად არ შეიძლება იქნეს მიჩნეული.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. მ-სა და შპს „...ს“ შორის წარმოშობილი დავა სამოქალაქო სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს, რადგან მათ შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა - არასათანადო სამედიცინო მომსახურების გაწევით მიყენებული ზიანის ანაზრაურების თაობაზე, ემყარება სამოქალაქო კოედქსის 413-ე, 992-ე და 1005-ე მუხლებს და სამოქალაქო ანუ კერძოსამართლებრივ ურთიერთობას წარმოადგენს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმეში მონაწილე მხარეთა სტატუსისა და მოთხოვნის სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე განმარტავს, რომ წარმოდგენილი სარჩელით სადავო სამართალურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) კანონმდებლობიდან და მოპასუხე არ არის საჯარო უფლებამოსილების განმახორცილებელი სუბიექტი რის გამოც მოცემული საქმე არ განეკუთვნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით განსაზღვრულ სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული სადავო სამართალურთიერთობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯადია, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. მ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე